უარყოფს თუ არა ფიზიკისა და ნეირომეცნიერების კანონები თავისუფალ ნებას?
ვართ ჩვენ თავისუფალნი საკუთარ არჩევანში თუ უზარმაზარ უხილავ კოსმოსურ მექანიზმში მომუშავე მანქანები ვართ — მბრუნავი ჭანჭიკები და ბორბლები, რომლებმაც არც კი ვიცით, რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებებს? ეს მწვავე კითხვაა, რომელზე პასუხსაც უმნიშვნელოვანესი შედეგები მოაქვს — თან, არამხოლოდ სასჯელაღსრულების სფეროში.
რასაკვირველია, ჩვენ ყველას გვსურს, ვიყოთ თავისუფლები. თუმცა თავისუფლება განსასაზღვრად ძალიან რთული იდეაა — პირველ რიგში იმიტომ, რომ არავინ არის სრულიად თავისუფალი. ჩვენ ყველას გვაქვს პროფესიული, ოჯახური თუ სოციალური ვალდებულებები და ვიზრდებით კულტურული ნორმების ჩარჩოებში. გარკვეული გაგებით, თავისუფლება ნიშნავს იმის არჩევის უფლებას, რის გაკეთებასაც ვაპირებთ. ადამიანების უმეტესობას სჯერა, რომ თავისუფლად არჩევს, როგორ მოიქცეს. ჩვენ გამუდმებით უმარტივესი თუ ურთულესი გადაწყვეტილებების წინაშე ვდგავართ: ყავა დავლიო თუ ჩაი? თანხის დაზოგვა დავიწყო თუ ყველაფერი ერთბაშად დავხარჯო? ან — როგორც ჩემი მეგობარი ხუმრობს ხოლმე — დავქორწინდე თუ ველოსიპედი ვიყიდო?
ნების თავისუფლების საკითხი, არსებითად, უფლებამოსილების საკითხია. კერძოდ, ის სვამს კითხვას, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ჩვენს ცხოვრებაში მიღებულ ყველა სახის არჩევანზე. ტრადიციულად, ეს ფილოსოფოსებისა და თეოლოგებისთვის მნიშვნელოვანი თემა იყო. ძველ აღთქმაში თავისუფალი ნება ადამიანებს მას შემდეგ მიენიჭათ, რაც შეცნობის ხის ნაყოფის ჭამის გამო ადამი და ევა ედემიდან გააძევეს. ეს გულისხმობს იმას, რომ ცოდნასთან ერთად გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი და ნების შესაბამისად მოქმედების თავისუფლება მოდის. არსებობს კარგი და ცუდი არჩევანი. ცუდი არჩევანი კი ამ ცხოვრებაში თუ არა, შემდეგ ცხოვრებაში მაინც ძვირად დაგიჯდებათ.
მაშინაც კი, თუ თქვენ ამ კონკრეტულ რწმენას არ იზიარებთ, თქვენს არჩევანს შედეგები მაინც მოჰყვება. თუ არ არსებობს თავისუფალი ნება და თუ ჩვენ ნამდვილად ერთგვარი ავტომატები ვართ, რეალურად რამდენად ვაკეთებთ არჩევანს მაშინ, როცა გვგონია, რომ გადაწყვეტილებას ვიღებთ? და თუ ჩვენ არ ვირჩევთ, მაშინ ვინ არის ის, ვინც ირჩევს? და რატომ გვაქვს წარმოდგენა ან განცდა, რომ თავად ვირჩევთ?
მექანიკური სამყარო
მე-19 საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა იდეა, რომ სამყარო გიგანტური მექანიზმი იყო (ეს დაშვება, სულ მცირე, ინტელექტუალური ელიტისთვის იყო მიმზიდველი). ფრანგმა მათემატიკოსმა, პიერ-სიმონ ლაპლასმა ნიუტონის ფიზიკა ისე დახვეწა, რომ რაოდენობრივად დეტალურად აღეწერა მზის სისტემისა თუ პლანეტების ფორმირება და მზის გარშემო პლანეტური ორბიტების სტაბილურობა. ეს ციური სხეულები ზედმიწევნით იცავდნენ ზუსტ რაოდენობრივ კანონებს, რომლებსაც შეეძლოთ, სხვა მრავალ ასტრონომიულ მოვლენასთან ერთად, ეწინასწარმეტყველათ, როდის დაბრუნდებოდა ჰალეის კომეტა და როდის და სად მოხდებოდა მზის შემდეგი სრული დაბნელება.
ლაპლასმა ისიც კი ივარაუდა, რომ თუ სუპერგონს ექნება ძალა, იცოდეს სამყაროში ყველა ნაწილაკის პოზიცია და სიჩქარე დროის ერთსა და იმავე მომენტში, მას შეეძლება მომავლის წინასწარმეტყველება მთელი მარადისობისთვის — თუნდაც იმ ფაქტის წინასწარმეტყველება, რომ მე ეს სტატია დავწერე თავისუფალი ნების შესახებ და შენ ახლა მას კითხულობ.
ლეგენდის თანახმად, როდესაც ლაპლასმა თავისი წიგნი, ციური მექანიკა, ნაპოლეონს გადასცა, იმპერატორმა მას მიღწევა მიულოცა, თუმცა ჰკითხა: "რატომ არ არის ღმერთი თქვენს კოსმოსში?" ლაპლასმა უპასუხა: "იმიტომ, რომ მე არ მჭირდება ეს ჰიპოთეზა". ესაა დეტერმინისტული მსჯელობის მწვერვალი და ის, რატომაც მრავალმა დაიჯერა, რომ თავისუფალი ნება არ არსებობდა. ლაპლასმა ალბათ იცოდა, რომ ეს ყველაფერი ინტელექტუალური სავარჯიშო იყო, თუმცა მას შთამბეჭდაობას მაინც ვერ დაუკარგავდი.
ნეირომეცნიერება და თავისუფალი ნება
საბედნიეროდ, გონება მკაცრი დეტერმინისტული კანონებით მომუშავე მზის სისტემა არ არის. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, თუ რა სახის კანონებს მიჰყვება ის — გარდა ნერვული იმპულსებისა და მათი გავრცელების შესახებ არსებული ძალიან მარტივი ემპირიული კანონებისა, რომლებიც რთულ არასწორხაზოვან დინამიკას ავლენენ. მიუხედავად ამისა, ნეირომეცნიერებაში კვლევებმა თავისუფალი ნების და არჩევანის თავისუფლების გადახედვის საჭიროება წამოჭრა. ბევრი ნეირომეცნიერი და ზოგიერთი ფილოსოფოსი ნების თავისუფლებას ილუზიად მიიჩნევს. მაგალითად, სემ ჰარისმა ამის მტკიცებას მცირე ზომის წიგნი მიუძღვნა.
ეს შოკისმომგვრელი დასკვნა ეფუძნება ექსპერიმენტების სერიას, რომლებმაც გამოავლინეს, რომ ჩვენი ტვინი მოქმედების კურსს მანამ წყვეტს, სანამ ამას გავაცნობიერებთ. ბენჯამინ ლიბეტის 1980-იანი წლების ელექტროენცეფალოგრამის (EEG) გამოყენებით ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა და უფრო გვიანდელმა ცდებმა, რომლებიც ფუნქციურ მაგნიტურ-რეზონანსულ გამოსახულებას (fMRI) ან უშუალოდ ნეირონულ იმპლანტებს იყენებდნენ, აჩვენეს, რომ ტვინის მოტორული რეგიონი, რომელიც კითხვაზე საპასუხო მოძრაობაზე აგებს პასუხს, შვიდი წამით ადრე გააქტიურდა, ვიდრე სუბიექტი ამას გააცნობიერებდა. ამ ექსპერიმენტების შედეგთა თანახმად, ტვინი გადაწყვეტილებას მანამ იღებს, სანამ ამის შესახებ გონება გაიგებს. მაგრამ მართლა ასეა თუ არა ეს?
ექსპერიმენტების დასკვნები არასანდოდ გამოცხადდა, რაც, სიმართლე ითქვას, გასაკვირი სულაც არ უნდა ყოფილიყო. თუმცა ის კი იყო საოცარი, თუ რამხელა ხმაური მოჰყვა ამგვარი ექსპერიმენტების შედეგად წარმოქმნილ მტკიცებებს იმაზე, რომ თავისუფალი ნება ფიქცია იყო. ნების თავისუფლების ურთულესი საკითხის იმ ექსპერიმენტებზე დაფუძნება, რომლებშიც ნეირონების აქტივობა მაშინ იზომება, როცა ადამიანები ღილაკზე თითს აჭერენ, გადამწყვეტი მნიშვნელობის ვერაფრით იქნება. სხვა თუ არაფერი, იმ არჩევანთა უმეტესობა, რომელსაც ცხოვრებაში ვაკეთებთ, რთული, მრავალშრიანი გადაწყვეტილებებია და მათ მიღებას ხშირად დიდი დრო სჭირდება.
რატომ არის კარგი თავისუფალი ნების ქონა
მრავალი მიზეზის გამო ადამიანების უმეტესობისთვის ეს შვება უნდა იყოს. პირველი — ჩვენ ნამდვილად არ ვართ ავტომატები არჩევანის გარეშე. მეორე — ჩვენ რეალურად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს ქმედებებზე — იქნება ეს ხანგრძლივი შხაპის მიღებით წყლის არ დაზოგვა თუ ადამიანის მოკვლა.
არ არსებობს კოსმოსური მექანიზმი, რომელიც ამა თუ იმ გზით რაიმეს გაკეთებას გვაიძულებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ განვსაზღვრავთ იმას, თუ როგორ ვცხოვრობთ და როგორ ვურთიერთობთ ერთმანეთთან და პლანეტასთან. ამის ცოდნა კი მეტად ემპათიურს გვხდის.
კომენტარები