დედამიწის სიღრმეში რაღაც მოძრაობს — ახალი სიმულაცია შიდა სტრუქტურების გადაადგილებას გვიჩვენებს
დედამიწის სიღრმეში, აფრიკისა და წყნარი ოკეანის დაბლა, უზარმაზარი სტრუქტურებია განთავსებული, რომლებიც ამ დრომდე უძრავად მიიჩნეოდა. თუმცა, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ სინამდვილეში ისინი კონტინენტების მსგავსად გადაადგილდებიან, ერთიანდებიან და ნაწევრდებიან.
ასევე, იხილეთ: დედამიწის სიღრმეში შესაძლოა, პლანეტათაშორისი შეჯახების კვალი იყოს დარჩენილი
აღნიშნული წარმონაქმნები ჩვენი პლანეტის ზედაპირიდან 2 900 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ეს გახლავთ ციური სხეულის ბირთვისა და მანტიის მიჯნაზე განლაგებული ულტრადაბალი სიჩქარის ზონები, რომლებშიც სეისმური ტალღები 50 პროცენტით ნელა მოძრაობს. სწორედ მათ უკავშირებენ მანტიური პლუმის სახელით ცნობილ ფენომენს, ცხელი ქანების ერთგვარ სვეტებს, რომელთა ზედაპირამდე ამოსვლაც უმძლავრეს ვულკანურ ამოფრქვევებს იწვევს. ასევე, მათ მიერ კონტროლდება მაგმური მატერიის, კიმბერლიტის ამოტყორცნაც, რომელიც ალმასს შეიცავს.
ამ სტრუქტურების არსებობის შესახებ მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია, იციან, მაგრამ გაურკვეველი იყო, თუ როგორ იცვლებოდა ეს ზონები დედამიწის ისტორიის განმავლობაში. ამის გასაგებად, სპეციალისტებმა კომპიუტერული სიმულაცია შექმნეს, რომელმაც ცხადყო, რომ ისინი აქტიურად მოძრაობენ და ფორმასაც იცვლიან, სწორედ ისე, როგორც კონტინენტები და სუპერკონტინენტები.
ეს სუბდუქციის პროცესთან მჭიდროდაა დაკავშირებული. კერძოდ, როცა ტექტონიკური ფილები ერთმანეთს აწვება, ოკეანის ფსკერის ცივი ქანები ქვემოთ, მანტიისკენ იწევს და სიღრმეში მდებარე ამ უცნაურ წარმონაქმნებს გადაადგილებისკენ უბიძგებს. ამჟამად ისინი ერთიანი სახითაა წარმოდგენილი, თუმცა ზოგჯერ წყობა იცვლება. მნიშვნელოვანია, რომ ახალი მოდელი ვულკანური აქტიურობის ზემოხსენებულ მიზეზ-შედეგობრიობაში თავისუფლად ჯდება.
უკანასკნელი სიმულაციის მიხედვით, აფრიკის დაბლა არსებული სტრუქტურა, გეოლოგიური თვალსაზრისით, ახალგაზრდაა. მისი ფორმირება 60 მილიონი წლის წინ უნდა დასრულებულიყო, ანუ ასაკით ის იმაზე 10-ჯერ "პატარაა", ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.
ახალი მიგნება შესაძლოა, ძვირფასი მინერალების მიგნებაშიც დაგვეხმაროს, მათ შორის ალმასების მოპოვებაში.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები