რატომ გვჭირდება ობიექტური შეფასება სკოლებში
სკოლაში დაწერილი ნიშნის გამო უკმაყოფილო ერთხელ მაინც ყველანი ვყოფილვართ, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა პრობლემა სისტემურია და ობიექტური შეფასება იშვიათი?
ამ სტატიაში მოგიყვებით, რა კავშირშია ობიექტური შეფასება მოსწავლის წარმატებასთან, როგორ უნდა ამაღლდეს მათი მოტივაცია და რა მოეთხოვება მასწავლებელს ამისთვის.
რა არის ობიექტური შეფასება
გახსოვთ, ყველა კლასში იყვნენ გამორჩეული მოსწავლეები, რომლებიც მასწავლებლებს განსაკუთრებით უყვარდათ? მათ ყოველთვის საუკეთესო ნიშნებს უწერდნენ და სხვებსაც მოუწოდებდნენ, მათთვის მიებაძათ. არადა, მთავარი ისაა, რომ ბავშვის მიღწევა არა სხვებთან შედარებით, არამედ მისი მონდომებითა და შრომისმოყვარეობით გაიზომოს.
მოსწავლეთა შორის თანასწორობის მიღწევა ობიექტური შეფასებით არის შესაძლებელი, მაგრამ ამისთვის წინასწარ უნდა განვსაზღვროთ, რას გულისხმობს ეს ტერმინი.
მარტივად თუ ვიტყვით, შეფასება ობიექტურია, თუ ის შემფასებლის პიროვნულ თვისებებზე და დამოკიდებულებებზე არ არის დამყარებული და შეფასების წინასწარ შემუშავებულ სქემას მიჰყვება. სკოლა, სამსახური თუ ნებისმიერი სხვა სივრცე სოციალურია და ადამიანებს შორის სიახლოვე ხშირად შეფასებაზეც აისახება. მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლება სასწავლო პროცესის იმგვარად დაგეგმვა, რომ რომელიმე მოსწავლეს მოტივაცია არ დაეკარგოს, არ ჩათვალოს, რომ მის შრომას სათანადოდ არ აფასებენ.
ობიექტური შეფასება ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია თბილისის თავისუფალი სკოლისთვის. სკოლის დირექტორის, ამირან ამბროლაძის თქმით, ნიშნით შეფასების გარდა, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ვესაუბროთ მათ სიძლიერეებსა და სისუსტეებზე და შესაბამისი რჩევებიც მივცეთ.
"ჩვენი აზრით, ნიშნებს სიკეთე მეტი მოაქვს, ვიდრე ზიანი. ბავშვმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა არის მისი სისუსტეები და სად არის ახლა ის პროგრესის კუთხით. ასეთ ინფორმაციას ნიშნის საშუალებით მიაწოდებ, ვარსკვლავების წერით თუ ტექსტობრივად, პრინციპული განსხვავება არ აქვს. რა თქმა უნდა, ნიშანსაც უნდა ახლდეს თან უფრო დეტალური კომენტარი და შესაბამისი რჩევები“, — აღნიშნავს ამირან ამბროლაძე.
ნიშნის დაწერის კრიტერიუმები
უბრალოდ ნათქვამი — "ყოჩაღ, ათიანი!“ — საკმარისი სულაც არ არის. კარგმა მასწავლებელმა იცის, რომ მოსწავლეთა შეფასება სამ ძირითად კრიტერიუმს ემყარება:
- მიღწევა — როგორია მოსწავლის აკადემიური მოსწრება კლასის მოთხოვნებთან შესაბამისობაში;
- ზრდა — როგორ შეიცვალა, გაუმჯობესდა თუ არა მოსწავლის მიღწევები დროთა განმავლობაში;
- ჩვევა — ზოგადად, როგორია მოსწავლის ჩართულობა, დაინტერესება, ქცევა საგაკვეთილო პროცესში.
თუ შეფასების ამ კრიტერიუმებს დავაკვირდებით, უკეთ მივხვდებით, რომ სწავლის ჯანსაღი პროცესი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ნიშნის დაწერა ან გაკვეთილისთვის ერთჯერადად მომზადება.
ჩამოთვლილი კრიტერიუმები და თბილისის თავისუფალი სკოლის მიდგომა ცხადყოფს, რომ სკოლაში დაწერილი ნიშანი საკმარისი არაა და მას აუცილებლად ახლდეს საფუძვლიანი კომენტარი მოსწავლის მიღწევებზე, ზრდასა და ჩვევებზე.
თანაც, ხშირია შემთხვევა, როცა მასწავლებლები მოსწავლეებს ნიშანს მხოლოდ იმიტომ უმატებენ, რომ სამომავლოდ მათ წახალისებას შეუწყონ ხელი. ეს მანკიერი დამოკიდებულება მოსწავლის ობიექტური შეფასების საპირისპიროა და უსამართლო გარემოს აყალიბებს.
თბილისის თავისუფალ სკოლაში ფიქრობენ, რომ ეს მიდგომა იწვევს მდგომარეობას, როცა "მოსწავლეებს აქვთ ნიშანი, თუმცა არ აქვთ ცოდნა", ამიტომ სკოლაში ცდილობენ, ნიშნის დაწერის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს.
რატომ და როგორ უნდა მივაღწიოთ ობიექტურ შეფასებას
შესაძლოა მოსწავლემ სულაც არ იცოდეს, რა არის ობიექტური შეფასება, თუმცა უთანასწორო გარემო მის მოტივაციაზე მაინც აისახება.
ამირან ამბროლაძის თქმით, მე-7, მე-8 კლასიდან ბავშვი იწყებს დამოუკიდებელ აზროვნებას და უფრო პრაგმატული ხდება. ასეთ დროს კი თუ მან ვერ დაინახა კავშირი სკოლის საგნებსა და მისი მომავალი ცხოვრების მიზნებს შორის, ის კარგავს მოტივაციას. მას ასევე უნდა დახვდეს გარემო, სადაც სწავლას და ცოდნას აფასებენ.
მოსწავლეების უწყვეტი პროგრესისა და მათთვის თავისუფალი გარემოს შესაქმნელად, თბილისის თავისუფალმა სკოლამ ორიენტირად ცოდნა აიღო და არა — ნიშნები. გარდა ამისა, მათ ადმინისტრაციული წერის მოდელი დაამკვიდრეს, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს მასწავლებლის წინასწარგანწყობით მოსწავლეთა შეფასება.
"ჩვენ ხშირად გვაქვს შემთხვევები, როდესაც მობილობით სხვა სკოლიდან გადმოდიან ბავშვები, უმაღლესი ქულებით ამა თუ იმ საგანში, თუმცა მათი ცოდნის შესაფასებლად მინიმალური დადებითი ქულაც კი შეუსაბამოა. ნიშნების მომატების გამოსარიცხად და გამჭვირვალობის მიზნით, ჩვენი სკოლა ატარებს ადმინისტრაციულ წერას, სადაც ადმინისტრაცია ადგენს ბილეთებს და ასწორებს ნაშრომებს. ნიშნის გაუფასურება და დათვური სამსახური განაპირობებს იმას, რომ სასკოლო განათლების დონის მხრივ, ყველა საერთაშორისო კვლევებით, საქართველო სიის ბოლო ნაწილშია. სამწუხაროდ, ხშირად სკოლები აწვდიან იმ პროდუქტს, რაზეც მშობლებისგანაა მოთხოვნა — ნიშნებს და არა ცოდნას", — ამბობს ამირან ამბროლაძე.
პოზიტიური, კომფორტული, თანასწორი საგანმანათლებლო სივრცე მოსწავლეებს ხალისს უბრუნებს. მასწავლებლის მხრიდან ზომიერი შექება და არგუმენტირებული შეფასება კი აგრძნობინებს, რომ მას უსმენენ, მონდომება ფუჭი არაა და შრომამ შედეგი მართლაც გამოიღო.
ისეთი სკოლის შერჩევა, რომელიც მოზარდის საუკეთესო მხარეებს განავითარებს და სისუსტეების დაძლევაში დაეხმარება, მარტივი არ არის. მშობელმა გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა აწონ-დაწონოს, რა ღირებულებებს ემყარება სკოლა და როგორია ის პრინციპები, რომლის მიხედვითაც საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს.
განათლების მაღალი ხარისხი, სუფთა და ჯანსაღი გარემო, გაძლიერებული სწავლა, ობიექტური შეფასება — ეს თბილისის თავისუფალი სკოლის ღირებულებებია, სკოლის, რომელიც 2017 წლიდან საქართველოს განათლების სისტემაში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. სკოლაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ვებგვერდს free.edu.ge
კომენტარები