სიმსივნური უჯრედები "საცეცების" მეშვეობით ვრცელდება — როგორ
დანიაში მდებარე კოპენჰაგენის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ ახერხებს სხვადასხვა ტიპის ცოცხალი უჯრედი მის მიმდებარედ არსებული გარემოს "შესწავლას", ქსოვილში შეჭრასა და მოძრაობას. ეს ვრცელდება სიმსივნურ უჯრედებზეც, რომლებიც, სხვების მსგავსად, ამ ყველაფრისთვის ერთგვარ საცეცებს იყენებს, შესაბამისად ახალი კვლევა შესაძლოა, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში დაგვეხმაროს.
ამ უცნაური წანაზარდების მეშვეობით უჯრედი სამიზნე ობიექტისკენ გადაადგილდება, რა პროცესსაც სპეციალისტები მიკროსკოპით დააკვირდნენ. ამან ნათელი გახადა ისიც, თუ როგორ უმკლავდება ადამიანის იმუნური სისტემა ბაქტერიებს. ზემოხსენებულ სტრუქტურებს ფილოპოდიებს უწოდებენ, რომელთა არსებობის შესახებ უკვე დიდი ხანია, ვიცით, თუმცა მათი ფუნქციონირების კონკრეტული მექანიზმი დღემდე გაურკვეველი იყო.
"მართალია, უჯრედს თვალები ან ყნოსვის უნარი არ აქვს, მაგრამ მისი ზედაპირი ულტრათხელი ფილოპოდიებითაა დაფარული, რომლებიც რვაფეხას საცეცებს მოგვაგონებს. ისინი მათ ბაქტერიებისკენ მოძრაობაში ეხმარება და ამავდროულად, მგრძნობელობით ფუნქციასაც ასრულებს, რადგან მიკრობებს მსხვერპლის სახით ამოიცნობს", — აცხადებენ ავტორები.
"რა თქმა უნდა, ჩვენი კვლევა ონკოლოგებისთვის ძალზე საინტერესოა. სიმსივნური უჯრედები ინვაზიური თვისებებითაა ცნობილი. გონივრულია, ვიფიქროთ, რომ ისინი ფილოპოდიებზე განსაკუთრებულადაა დამოკიდებული, როცა საქმე გარემოს 'შესწავლასა' და გავრცელებას ეხება. შესაძლებელია, რომ ამ წანაზარდების გაუვნებლებით კიბოს ზრდა შევაჩეროთ", — ამბობენ მეცნიერები.
ისინი უჯრედთა საცეცებს რეზინს ადარებენ, რადგან თუ მის მსგავსად დავახვევთ, შემჭიდროვდებიან, რაც მათ საკმაოდ მოქნილს ხდის. გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა ეს ოპტიკური პინცეტის სახელით ცნობილი ხელსაწყოს მეშვეობით დაადგინეს, რომელიც მიკროსკოპული ობიექტების გამოკვლევისთვის გამოიყენება.
კომენტარები