გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სოფელი დაიკავა, დაიღუპა 2 სომეხი სამხედრო
გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მთიან ყარაბაღში სომხებით დასახლებული სოფელი დაიკავეს. სტეფანაკერტის (ხანქენდი) ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა 2 სომეხი სამხედრო და შეტაკებების მიმდებარედ აზერბაიჯანული დრონები გაუშვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 24 მარტის საღამოს აზერბაიჯანის სამხედროებმა სომხებისა და აზერბაიჯანის სამხედროების გამყოფი საკონტაქტო ხაზი გადაკვეთეს და სოფელ ფარუხზე კონტროლი დაამყარეს. განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია.
მთიან ყარაბაღში მყოფი დამოუკიდებელი ჟურნალისტის, ტიგრამ გრიგორიანის ცნობით, ფარუხთან ახლოს არსებული ბოლოდროინდელი დაძაბულობის შემდეგ, რუსული სამშვიდობოების დახმარებით მივიდნენ შეთანხმებამდე, რომლის მიხედვითაც, ფარუხიდან ორივე მხარე ჯარებს გაიყვანდა და რუსი სამშვიდობოების კონტიგენტით ჩანაცვლდებოდა.
გირგორიანის თქმით, სომხეთის ძალების გაყვანის შემდეგ, აზერბაიჯანის ჯარებმა "აიღეს სოფელი რუსული მხარის რეალური წინააღმდეგობის გარეშე".
OC Media-მ თავად ვერ შეძლო ინფორმაციის გადამოწმება.
დამატებით, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიამ გაავრცელა ცნობები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 25 მარტს სოფელთან მიმდინარე შეტაკებებზე. სტეფანაკერტის ოფიციალურმა პირებმა აზერბაიჯანი საბრძოლო უპილოტო დრონების გამოყენებაში დაადანაშაულეს.
არსებული ინფორმაციით, დაიჭრა 5 სომეხი სამხედრო, ხოლო 2 დაიღუპა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მათი დაჭრილებისა და დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანის ქმედებები დაგმო და იმ სამმხრივი სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევად შეაფასა, რომელმაც მთიანი ყარაბაღის მეორე ომი დაასრულა.
უწყებამ დაწერა, რომ აზერბაიჯანის ქმედებები, მთიან ყარაბაღში ბოლო დროს განხორციელებული დაბომბვებისა და რეგიონში სომხური მოსახლეობისთვის გაზის მიწოდების შეფერხებასთან ერთად, "ეთნიკური წმენდის" მცდელობას უტოლდება და "სერიოზულ საფრთხეში აგდებს რეგიონის სტაბილურობასა და მშვიდობას".
ამ დრომდე არც რუსულ სამშვიდობოებს გაუვრცელებიათ განცხადება.
ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით სწრაფი და დამახასიათებელი განცხადება ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელმაც "გაზის შეფერხებისა და აზერბაიჯანის ჯარების გადაადგილებასთან" დაკავშირებით Twitter-ზე შეშფოთება გამოხატა და მათ დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ მოუწოდა.
სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა, ასევე, განაცხადა, რომ ის რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ესაუბრა, რომელმაც ის "დაარწმუნა", რომ რუსეთის "სიტუაციას" თვალს ადევნებს.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები