ზელენსკიმ ბუნდესტაგში კანცლერი და გერმანული პოლიტიკა გააკრიტიკა — რა თქვა პრეზიდენტმა
უკრაინის პრეზიდენტმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას გერმანია, მისი პოლიტიკა, კანცლერი და რუსეთთან ურთიერთობები გააკრიტიკა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანელ დეპუტატებს უთხრა, რომ მათი ქვეყანა აშენებს კედლებს, აბრკოლებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და აგვიანებს დახმარებას. ზელენსკის თავიდანვე ტაშით შეხვდნენ და კრიტიკული გამოსვლის მიუხედავად, ტაშითვე გააცილეს.
ზელენსკიმ გერმანელ დეპუტატებსაც, ისევე, როგორც სხვებს, უკრაინულად მიმართა. მის გამოსვლას სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო მედია ეტაპობრივად ავრცელებს. ამ სტატიაში შევეცდებით მედიებზე დაყრდნობით შევქმნათ ზოგადი წარმოდგენა იმაზე, რა თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
"რუსეთი, სახელმწიფო, რომელიც თქვენ გიყენებთ"
როგორც ევროპეისკაია პრავდა წერს, უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვა საყვედურით დაიწყო. საყვედურით იმაზე, რომ გერმანიაში ბევრ მოთამაშეს არ სურს რუსეთის შეზღუდვა ისე, როგორც ამას სიტუაცია მოითხოვს. ზელენსკი მიიჩნევს, რომ გერმანია თანამონაწილეა ევროპაში ახალი კედლის აშენების, როდესაც ანელებს უკრაინის შესვლას ევროპულ ინსტიტუტებში.
"მე მოგმართავთ სამი კვირის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ათასობით უკრაინელი დაიღუპა... მას შემდეგ რაც დავინახეთ, რამდენი კავშირი დაიტოვეს თქვენმა კომპანიებმა რუსეთთან, სახელმწიფოსთან, რომელიც გიყენებთ თქვენ და სხვა ქვეყნებს ომის დასაფინანსებლად", — ციტირებს ზელენსკის პრავდა.
პრეზიდენტმა ყურადღება დაუთმო ჩრდილოეთ ნაკად 2-ს და განაცხადა, რომ გერმანიამ თავიდანვე არ მიაქცია ყურადღება იმას, რომ ეს იყო იარაღი რუსეთის ხელში.
"როცა ჩვენ ვამბობდით, რომ ჩრდილოეთ ნაკადი 2 ეს იარაღია, ეს მზადებაა ომისთვის, პასუხად გვესმოდა მხოლოდ: ეკონომიკა, ეკონომიკა, ეკონომიკა... ეს იყო ცემენტი ახალი კედლისთვის. როცა ჩვენ ვკითხულობდით, რა უნდა გააკეთოს უკრაინამ, რომ გახდეს ნატოს წევრი, რომ იყოს უსაფრთხოდ, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მაგიდაზე ჯერ არ არის", — ციტირებს პრეზიდენტს უკრაინული ინტერფაქსი.
"მორალი ეკონომიკაზე მაღლა"
გამოცემა კორესპონდენტის ინფორმაციით, ამის ფონზე ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მხარი დაუჭირა უკრაინას.
"მადლობელი ვარ გერმანული ბიზნესის, რომელმაც მორალი ეკონომიკაზე მაღლა დააყენა. მადლობელი ვარ იმ პოლიტიკოსების, რომლებიც რუსეთის ფულსა და ბავშვების სიკვდილს შორის, სიცოცხლეს ირჩევენ... მათ, ვინც იცის, რომ უკრაინა იქნება ევროკავშირში", — განაცხადა მან.
დაგვიანებული მხარდაჭერა
ინტერფაქსის ინფორმაციით, ზელენსკიმ აღნიშნა ისიც, რომ დასავლეთის სანქციებმა დააგვიანა. მანვე თქვა, რომ ახლა დეპუტატებს აუმრავი შეხვედრის, განცხადების, თხოვნის და ნაბიჯის შემდეგ მიმართავს, რომელთა უმეტესობა არასაკმარისი იყო ომის შესაჩერებლად.
"როდესაც ჩვენ ვითხოვეთ პრევენციული სანქციები, ჩვენ მივმართეთ ევროპას, ჩვენ მოგმართეთ თქვენ: სანქციები (აუცილებელია) ისეთი, რომ აგრესორმა იგრძნოს, რომ თქვენ ძლიერი ხართ. ჩვენ დავინახეთ დაგვიანება, ვიგრძენით წინააღმდეგობა, მივხვდით, რომ თქვენ გსურთ გააგრძელოთ ეკონომიკა", — ციტირებს ზელენსკის Unian.
"რატომ აღმოჩნდა, რომ ოკეანის გაღმა ქვეყნები ჩვენთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე თქვენ?"
კიდევ ერთი მედია, კორესპონდენტი წერს, რომ ზელენსკიმ გააკრიტიკა კანცლერი ოლაფ შოლციც. მათი ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა კანცლერს უსაყვედურა, რომ სხვა ქვეყნები უკრაინასთან უფრო ახლოს იყვნენ.
"რატომ აღმოჩნდა, რომ ოკეანის გაღმა ქვეყნები ჩვენთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე თქვენ? იმიტომ, რომ ეს არის კედელი, რომელსაც ვიღაც ვერ ამჩნევს, მაგრამ რომელსაც ვეჯახებით ჩვენ მაშინ, როცა ვიბრძვით ჩვენი ხალხის გადასარჩენად", — განაცხადა ზელენსკიმ.
"კედელი ევროპაში, მაგრამ არა ბერლინის"
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ისტორიის გაკვეთილების სწავლა საკმარისი არ არის, ისინი პრაქტიკაში უნდა იქნას გამოყენებული. გამოსვლისას მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო კედელზე საუბარს და არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეს ბერლინის კედელი არ არის.
"ჩვენი სიცოცხლისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის ჩვენს ცხოვრებაში სამი ომის შემდეგ დავრწმუნდით იმაში, რასაც ადრე ვგრძნობდით და რასაც, ალბათ ჯერ ყველა ვერ ამჩნევთ — მაგრამ თითქოს ისევ კედლის მიღმა ხართ. დიახ, არა ბერლინის კედლის, არამედ ევროპის შუაგულში თავისუფლებასა და მონობას შორის, და ეს კედელი ძლიერდება ყოველი ბომბით, რომელიც ეცემა ჩვენს მიწაზე, უკრაინაზე", — დასძინა ზელენსკიმ.
როგორც Unian წერს, მან მოუწოდა გერმანიას გამოიჩინოს ლიდერობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად, სთხოვა შოლცს, დაანგრიოს ეს კედელი და შეაჩეროს ომი უკრაინაში.
"მოგიმართავთ და შეგახსენებთ იმას, რაც საჭიროა, რის გარეშეც ევროპა ვერ გადარჩება, ვერ შეინარჩუნებს თავის ღირებულებებს. ყოფილმა მსახიობმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა ერთხელ ბერლინში თქვა: "დაანგრიეთ ეს კედელი!".
ახლა მე მინდა გითხრათ: კანცლერო შოლც, დაანგრიეთ ეს კედელი! მიეცით გერმანიას ლიდერობა, რომელსაც იმსახურებთ და რითიც თქვენი შთამომავლები მხოლოდ იამაყებენ. მხარი დაგვიჭირეთ! მხარი დაუჭირეთ მშვიდობას! მხარი დაუჭირეთ თითოეულ უკრაინელს! შეაჩერეთ ომი! დაგვეხმარეთ ომის შეჩერებაში!" — განაცხადა მან.
"თქვენ ახლაც აჭიანურებთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს"
ევროპეისკაია პრავდას ინფორმაციით, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიას, რომელიც ადრე ეწინააღმდეგებოდა უკრაინის სწრაფ ინტეგრაციას დასავლურ სამყაროსთან, ეკისრება პასუხისმგებლობის ნაწილი თავდასხმაზე.
"თქვენ ახლა აჭიანურებთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგიერთისთვის ეს პოლიტიკაა, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ქვები, ქვები ახალი კედლისთვის", — ციტირებს ზელენსკის Unian.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
კომენტარები