მეცნიერებმა უძველესი მუმია გამოავლინეს, რომელიც არა ეგვიპტეში, არამედ ევროპაშია აღმოჩენილი
1960-იან წლებში, პორტუგალიის სამხრეთ ნაწილში მდებარე სადუს ხეობაში არქეოლოგებმა 8 000 წლის წინანდელი ნამარხები აღმოაჩინეს და იქ არსებულ ნეშტებს სურათები გადაუღეს. აქამდე გაუმჟღავნებელი ფოტოების შესწავლის გზით, სპეციალისტებმა მუმიფიკაციის კვალი გამოავლინეს.
საუბარია მთელი მსოფლიოს მასშტაბით უძველეს, სულ მცირე 1 მუმიაზე, რომელიც არა ეგვიპტის ან ჩილეს, არამედ ევროპის ტერიტორიაზეა მიკვლეული. ვარაუდობენ, რომ ამ ხერხს მაშინ გვამის საფლავამდე გადასვენების გასაადვილებლად მიმართეს. მსგავსი პროცედურის ნიშნები სხვა ცხედრებზეც შეიმჩნევა, რაც მიუთითებს, რომ ეს შესაძლოა, ზემოხსენებულ რეგიონში გავრცელებული პრაქტიკა ყოფილიყო.
მუმიფიცირების მეთოდს ეგვიპტეში 4 500-ზე მეტი წლის წინ იყენებდნენ. მართალია, ეს ევროპისთვისაც არ ყოფილა უცხო, თუმცა იქ ნაპოვნი უკანასკნელი ნიმუში იმითაა გამორჩეული, რომ ატაკამის უდაბნოში აღმოჩენილ, რეკორდულად ძველ ნაშთებზე დაახლოებით 1 000 წლით ადრინდელია.
ფოტომასალა, რომელიც ამ დრომდე გაუმჟღავნებლად ინახებოდა, 2001 წელს დაღუპულ პორტუგალიელ არქეოლოგს, მანუელ ფარინიას ეკუთვნის. სურათებზე შუა ქვის ხანიდან შემორჩენილი 13 ნამარხია აღბეჭდილი. მათი გაანალიზების შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთ-ერთი ჩონჩხის ხელებისა და ფეხების ძვლები არაბუნებრივად იყო მოდრეკილი. ეს მიანიშნებს, რომ სიკვდილის შემდეგ, ამ ადამიანის სხეულს სახვევები მჭიდროდ შემოაკრეს.
აღსანიშნავია, რომ ჩონჩხს მთლიანობა შენარჩუნებული ჰქონდა, მათ შორის ტერფების შემადგენელ ძვლებს, რომლებიც ხრწნისას მარტივად ნაწევრდება. ასევე, არ დასტურდება, რომ საფლავში მიწამ დაიწია, რაც მაშინ ხდება, როცა გვამის რბილი ქსოვილები იშლება და ნიადაგისთვის ადგილს ათავისუფლებს. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ საქმე სწორედ მუმიასთან გვაქვს.
გამოცემაში European Journal of Archaeology გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები ტეხასის შტატის სასამართლო ანთროპოლოგიის ცენტრში ჩატარებულ ექსპერიმენტებსაც დაეყრდნნენ. ეს მათ მრავალი ათასი წლის წინ განხორციელებული პროცედურის ეტაპების გამოვლენაში დაეხმარა.
როგორც ჩანს, დაღუპულ ინდივიდს ხელები და ფეხები შეუკრეს, რის შემდეგაც შემაღლებულ სტრუქტურაზე მოათავსეს, რათა ხრწნისას გამოყოფილი სითხე ჩამოცლილიყო. სავარაუდოდ, მის გამოსაფიტად ცეცხლიც გამოიყენეს, სახვევებით კი სხეულს დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ამჭიდროებდნენ. ასე იღებდნენ ბევრად მსუბუქ ნეშტს, რომლის სხვა არეალში გადასვენებაც შედარებით ადვილი იყო.
მუმიფიცირების კვალის ძიების ამგვარი ტექნიკა უკვე თითქმის 2 ათწლეულია, არსებობს. ის შესაძლოა, ისრაელსა და ბელორუსიაში მიგნებულ, 10 000 და 30 000 წლის წინანდელ ნიმუშებზეც გამოცადონ, რაც მათი ავთენტურობის დამტკიცების საშუალებას იძლევა.
კომენტარები