"იყო მსოფლიო ლიდერი, ნიშნავს იყო მშვიდობის ლიდერი" — რა უთხრა ზელენსკიმ კონგრესს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევიდან აშშ-ის კონგრესს ვიდეო მიმართვით ჩაერთო. ბრიტანეთისა და კანადის კანონმდებლების შემდეგ, დღეს მან ამერიკის კონგრესმენებს შეახსენა რისთვის იბრძვის უკრაინა და ხაზი გაუსვა იმ ერთიანობის მნიშვნელობას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასე საჭირო არასდროს ყოფილა.
ზელენსკის გამოჩენას, როგორც ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ოვაციებით შეხვდნენ — ისინი ფეხზე წამოუდგნენ ლიდერს, რომელმაც მსოფლიო რუსული ტირანიის წინააღმდეგ გააერთიანა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსმა მისი წარდგენისას უკრაინულად თქვა: "დიდება უკრაინას".
პრეზიდენტმა თავისი სიტყვა უკრაინელების სიმამაცეზე ხაზგასმით დაიწყო და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, უკრაინა ყოველდღე წარმოუდგენელი რუსული სისასტიკის მსხვერპლია, დანებებაზე ერთი წამითაც არ უფიქრიათ.
"ამაყი ვარ, მოგესალმოთ უკრაინიდან, ჩვენი დედაქალაქი კიევიდან. ქალაქი, რომელიც რუსეთის მხრიდან ყოველდღე სარაკეტო თავდასხმების ქვეშაა, მაგრამ არ ნებდება და ამაზე ერთი წამითაც კი არ გვიფიქრია", — განაცხადა მან.
მისი თქმით, ახლა უკრაინისა და უკრაინელების ბედი წყდება — იქნებიან თუ არა უკრაინელები თავისუფლები? შეინარჩუნებენ თუ არა ისინი თავიანთ დემოკრატიას?
ომის ცხელ წერტილში მყოფმა პრეზიდენტმა, კონგრესმენებს დიდი ეკრანიდან სთხოვა, რომ პერლ ჰარბორი და 11 სექტემბერი გაეხსენებინათ, როცა ამერიკის ცა თავდასხმების შედეგად გაშავდა და როცა ტერორისტებმა ქალაქების ბრძოლის ველად გადაქცევა სცადეს.
"ჩვენი ქვეყანა ამას განიცდის ყოველ დღე", — თქვა მან.
მან კონგრესმენებს მარტინ ლუთერ კინგის სიტყვებიც გაახსენა — სიტყვები ოცნებაზე და თავისუფლებაზე. ის, რაც ყოველი ამერიკელისთვის ნაცნობია და ის, რაც დღეს უკრაინასაც მიესადაგება, მხოლოდ სხვა ფორმით.
"მე მაქვს ოცნება — ეს სიტყვები აქ ყველა თქვენგანისთვის ნაცნობია. მე შემიძლია ვთქვა, რომ მე მაქვს საჭიროება. მე მჭირდება, რომ დავიცვა ჩვენი ცა, მჭირდება თქვენი გადაწყვეტილება, თქვენი დახმარება, რაც ზუსტად იმას ნიშნავს, როცა თქვენ ეს სიტყვები, "მე მაქვს ოცნება" გესმით", — უთხრა ზელენსკიმ კონგრესის წევრებს.
მას არ დავიწყებია მადლობა გადაეხადა პარტნიორი ქვეყნისთვის დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ აშშ-მ მეტი უნდა გააკეთოს, რათა რუსული ომი და აგრესია, რაც ათასობით ადამიანს უკვე შეეხო, საბოლოოდ შეწყდეს, დაისაჯოს ყველა, ვინც ამას ხელი შეუწყო და ახლაც უწყობს.
ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის თავზე ცის დაკეტვის შესახებ, მოთხოვნაზე, რომელსაც ბოლო პერიოდში უკრაინა ყოველ დღე აჟღერებს. მისი თქმით, ტერორი, რომელიც ევროპას 80 წელია არ უნახავს, უნდა დასრულდეს და ამის საშუალებას სწორედ არა-საფრენი ზონის დაწესება იძლევა.
"რუსეთმა უკრაინული ცა ათასობით ადამიანისთვის სიკვდილის წყაროდ აქცია. რუსულმა ჯარებმა უკრაინაში უკვე 1 000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, ჩამოაგდეს უთვალავი ბომბი, იყენებენ დრონებს, რომ დაგვხოცონ — ეს არის ტერორი, რომელიც ევროპას 80 წელია არ უნახავს და ჩვენ ამ ტერორზე პასუხს ვითხოვთ.
ბევრს ვითხოვთ? შექმენით არა-საფრენი ზონა უკრაინის თავზე, ბევრია ამის მოთხოვნა? არა-საფრენი ზონა, რითაც რუსეთს აღარ შეეძლება ჩვენი ქალაქების დატერორება. თუ ეს ძალიან ბევრია, მაშინ გთავაზობთ ალტერნატივას — იცით, როგორი თავდაცვის სისტემებიც გვჭირდება", — აცხადებს ზელენსკი.
ამასთან, ზელენსკიმ კონგრესმენებს აჩვენა, როგორ ცხოვრობდა უკრაინა პუტინის ომამდე და გაუშვა ვიდეო, სადაც ოკუპანტების მიერ განადგურებული დასახლებები ჩანს.
ვიდეოს ბოლოს ეწერა: "დახურეთ ცა უკრაინის თავზე".
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს ქვეყნების მშვიდობა დამოკიდებულია მეზობლებზეც, ძლიერ მეზობლებზე, რომლებიც მზად არიან იბრძოლონ მოქალაქეებისა და მსოფლიოს გადასარჩენად.
"დღეს თქვენი ქვეყნების მშვიდობა მხოლოდ თქვენსა და თქვენს ხალხზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია თქვენს მეზობლებზე, მათზე, ვინც ძლიერია. ძლიერი ნიშნავს, იყო მამაცი და მზად, რომ იბრძოლო შენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლისა და მსოფლიოსთვის, თავისუფლების უფლებისთვის, უფლებისთვის, რომ იცხოვრო ნორმალურად და მოკვდე, როცა ამის დრო მოვა — და არა მაშინ, როცა ეს სხვას უნდა", — განაცხადა მან.
დასასრულს, უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს მიმართა და უთხრა, რომ ისურვებდა ის მსოფლიო ლიდერი იყოს. მისი თქმით, მსოფლიო ლიდერი ნიშნავს, იყო ლიდერი მშვიდობის.
"დღეს ამერიკელი ხალხი ეხმარება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპასა და მსოფლიოს, რომ პლანეტა გადავარჩინოთ, რომ ისტორიაში სამართლიანობა შევინარჩუნოთ. ახლა თითქმის 45 წლის ვარ და დღეს ჩემი ასაკი მაშინ შეწყდა, როცა 100-ზე მეტი ბავშვის გულისცემა შეწყდა.
მე ვერ ვხედავ სიცოცხლის აზრს, თუ ის ვერ შეაჩერებს სიკვდილს. ეს არის ჩემთვის მთავრი, როგორც დიდებული უკრაინელების ლიდერის, ჩემი ერის ლიდერის. მე მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს: თქვენ ხართ ერის ლიდერი, დიდებული ერის ლიდერი. ვისურვებდი, რომ იყოთ მსოფლიო ლიდერი. იყო მსოფლიო ლიდერი ნიშნავს, იყო ლიდერი მშვიდობის", — თქვა მან.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
კომენტარები