რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ESA-ის მოხეტიალის მარსზე გაშვება რისკის ქვეშ დგას
ბრიტანეთში აგებული მარსის მოხეტიალე, როზალინდ ფრანკლინი, წითელი პლანეტისკენ წელს, სავარაუდოდ, ვერ გაეშვება.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გაუარესებული დიპლომატიური კრიზისის გამო, პროექტი ახლა რისკის ქვეშ დგას. აღსანიშნავია, რომ რობოტი რუსეთის კოსმოსურ სააგენტოსთან თანამშრომლობით შეიქმნა.
მოხეტიალის გაშვება სექტემბერში, რუსული რაკეტით იგეგმებოდა და მას მარსამდე გაშვებიდან რვა თვეში უნდა მიეღწია, თუმცა, ამ თანამშრომლობის გამართლება ახლა რთული იქნება.
ESA-მ ორშაბათს განაცხადა, რომ ახალმა სანქციებმა და შექმნილმა მდგომარეობამ როზალინდ ფრანკლინის გაშვების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
"მწუხარებას გამოვთქვამთ უკრაინაში ადამიანური მსხვერპლისა და ომის ტრაგიკული შედეგების გამო", — განაცხადა სააგენტომ. "ჩვენ აბსოლუტურ უპირატესობას ვანიჭებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას არამხოლოდ პროგრამებში ჩართული ჩვენი თანამშრომლების გამო, ასევე ევროპული ღირებულებების სრული პატივისცემით, რაც ყოველთვის ძირეულად აყალიბებდა ჩვენს მიდგომას საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართ".
კვირის ბოლოს რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ Roscosmos-მა განაცხადა, რომ, ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, იგი საფრანგეთის გვიანაში ევროპის კოსმოსური სადგურიდან თავისი Soyuz რაკეტების გაშვებას შეწყვეტს.
წლების მანძილზე, კონფლიქტების მიუხედავად, რუსეთი და დასავლური სამყარო მაინც პოულობდნენ გზას თანამშრომლობისთვის. ასე გრძელდებოდა ცივი ომისა და ყირიმის კრიზისის დროსაც კი.
თუმცა, უკრაინაში შეჭრა გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა და თანამშრომლობის ძველებურად გაგრძელების იდეა, თუნდაც ზემოთ, ხმელეთისგან შორს, უკვე მიუღებელი გახდა. ამის მიუხედავად, არც ათწლეულობის თანამშრომლების გაწყვეტა იქნება მარტივი.
ნიშნავს თუ არა ExoMars პროგრამის შეჩერება კოსმოსური ხომალდის შენახვას და მის თავიდან გამოჩენას მას შემდეგ, რაც კრიზისი დასრულდება? ან იქნება ამის შემდეგ Roscosmos-ის მიერ შექმნილ დასაშვებ სისტემას რუსეთის ჩარევის გარეშე შექმნიან თვითონვე? მსგავსი შეკითხვები დაისმება ყველა დასავლური მისიის გარშემო, რომლებშიც რუსეთიცაა ჩართული.
ყველაზე დიდ პრობლემას კი საერთაშორისო კოსმოსური სადგური (ISS) წარმოადგენს. ორბიტაზე არსებული ინფრასტრუქტურა იმდენადაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული, რომ რუსეთი სადგურის მართვას სხვა კოსმოსური სააგენტოების გარეშე ვერ შეძლებს — და პირიქითაც. შესაძლოა, ISS კოსმოსური თანამშრომლობის შუქურად დარჩეს, რადგან სხვა გამოსავალი არ არსებობს.
როზალინდ ფრანკლინს მარსზე დასაშვებად წელს მხოლოდ 10 დღე აქვს — სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისის ჩათვლით, რაც პლანეტების განლაგებაზეა დამოკიდებული. თუ რობოტი ამ შუალედს გამოტოვებს, შემდეგ გაშვებამდე მან კიდევ 26 თვე უნდა მოიცადოს.
რობოტის გაშვება ორეტაპიანი კოსმოსური პროგრამის — ExoMars-ის მეორე ფაზის ნაწილია. პირველი ეტაპი 2016 წელს მარსზე ხელოვნური თანამგზავრის გაშვებას მოიცავდა. ამჟამად იგი პლანეტის ატმოსფეროს შეისწავლის. მომავალში თანამგზავრმა როზალინდ ფრანკლინისთვის სატელეკომუნიკაციო სარელეო პლატფორმის როლი უნდა შეასრულოს. ESA-ის ამ პროექტის ფარგლებში, იტალიის შემდეგ, ExoMars-ის ყველაზე დიდ კონტრიბუტორს სწორედ გაერთიანებული სამეფო წარმოადგენს, რომელმაც პროგრამაში 300 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადო. თანხის უდიდესი ნაწილი მოხეტიალის განვითარებისკენ იყო მიმართული.
იმ შემთხვევაში, თუ რობოტი წელს ვერ გაეშვება, 2024 წლისთვის, შესაძლოა, მის გასაშვებად არარუსული რაკეტაც შეიქმნას, თუმცა დასავლური აპარატული უზრუნველყოფის შექმნა მარსზე რობოტის განსათავსებლად, შესაძლოა, არც ისე მარტივი იყოს. რა თქმა უნდა, ევროპასა და, განსაკუთრებით აშშ-ში არსებობს საკმარისი კომპეტენცია სადესანტო დასაშვები სისტემის ასაგებად, თუმცა ამას ორი წელი არ ეყოფა. ეს ნიშნავს, რომ როზალინდ ფრანკლინის გაშვება კიდევ უფრო დიდხანს გადაიწევს, რაც აუცილებლად დააყენებს ეჭვქვეშ ამ მისიის სამეცნიერო აქტუალობას. რობოტის მიზანი პლანეტის ზედაპირის 2 მეტრ სიღრმემდე გაბურღვა და სიცოცხლის კვალის ძიებაა. იგივე მიზანი, ჯერჯერობით, მარსის არცერთ სხვა მისიას არ აქვს.
კომენტარები