აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და ქვიარ აქტივისტი, ავაზ ჰაფიზლი მოკლეს
აზერბაჯანში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღიად ქვიარ ჟურნალისტი, ავაზ ჰაფიზლი, სავარაუდოდ, მისმა ბიძაშვილმა სასიკვდილოდ დაჭრა და მისი სხეული დაანაწევრა.
გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰაფიზლი სამშაბათს, 22 თებერვალს 24 წლის ამრულა გულალიევმა მოკლა.
წინასწარი გამოძიების თანახმად, გულალიევი ინციდენტის დროს ნასვამ მდგომარეობაში იყო და თავის ჩვენებაში თქვა, რომ დანაშაული ჰაფიზლისთან პირადი უთანხმოების გამო ჩაიდინა.
ფრილანსერმა ჟურნალისტმა, ტეიმურ კარიმოვმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე მომხდარიდან მალევე მივიდა, Toplum TV-ის განუცხადა, რომ ჰაფიზლის საკუთარი სახლის შესასვლელთან თავი მოაჭრეს.
მისი თქმით, როცა მივიდა, პოლიცია უკვე ადგილზე იყო, თუმცა ჰაფიზლის სხეულს არ შეხებიან.
"ავაზის ცხედარი მანქანაში მისმა მეგობრებმა და ჟურნალისტებმა გადაასვენეს და რაიონული საავადმყოფოს მორგის განყოფილებაში გააგზავნეს", — გაიხსენა კარიმოვმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა, ელშად ჰაჯიიევმა OC Media-ს განუცხადა, რომ "შემთხვევის ადგილზე გაგზავნილი პოლიციის შესახებ ბრალდებები უსაფუძვლოა".
ავაზ ჰაფიზლი ონლაინ მედიის, Kanal 13-ის თანამშრომელი იყო. ის, ასევე, ცნობილი იყო თავისი ქვიარ აქტივიზმით. მედიის ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით მას შემდეგ მოექცა, როცა გასული წლის სექტემბერში, პროკურატურის ოფისის შესასვლელთან თავი ბორკილებით მიიბა, რათა ცნობილი ინსტაგრამერის, სევინჯ ჰუსეინოვას მიერ ჰომოფობიის წამახალისებელ განცხადებებზე პოლიციის უმოქმედობა გაეპროტესტებინა.
დეკემბერში OC Media-სთან ინტერვიუში ჰაფიზლიმ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ჰუსეინოვას განცხადებების სამიზნე გახდა, მისმა ოჯახის წევრებმა უარყვეს.
"ჩემი ოჯახი ძალიან მომენატრა. თუმცა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათ ვერ ვნახავ", — თქვა მან.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები