აღმოაჩინეს ამ დროისათვის ყველაზე დიდი გალაქტიკა
ასტრონომებმა უდიდესი გალაქტიკა აღმოაჩინეს. ის ჩვენგან დაახლოებით 3 მილიარდი სინათლის წლის მანძილითაა დაშორებული. გალაქტიკას ალკიონევსი უწოდეს და მისი სიგრძე 16,3 მილიონი სინათლის წელიწადია. ასეთი ზომის გალაქტიკა აქამდე არასდროს დაუფიქსირებიათ.
ამ აღმოჩენის საშუალებით შეიძლება უკეთესად შევისწავლოთ არა მხოლოდ რადიოგალაქტიკები, არამედ გალაქტიკათშორისი სივრცეც. გიგანტური რადიო გალაქტიკები კიდევ ერთი საიდუმლოა, ისედაც საიდუმლოებით სავსე სამყაროში. ისინი შედგებიან მასპინძელი გალაქტიკისა და კოლოსალური ჭავლებისგან, რომლებიც ამოიფრქვევა გალაქტიკური ცენტრებიდან.
ეს ჭავლები ურთიერთქმედებენ გალაქტიკურ გარემოსთან, მოქმედებენ როგორც სინქროტრონი, რადგან დააჩქარონ ელექტრონები, რომლებიც წარმოქმნიან რადიო გამოსხივებას.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ჭავლებს აქტიური სუპერმასიური შავი ხვრელები წარმოქმნიან, რომლებიც გალაქტიკის ცენტრში არიან. აქტიური შავი ხვრელი კი ეწოდება ისეთს, რომელიც გარშემო მოძრავ მატერიას თანდათან შთანთქავს.
თუმცა, ყველა ის მატერია, რომელიც შავი ხვრელის დისკოს გარშემო ტრიალებს მოვლენათა ჰორიზონტის მიღმა ყოველთვის არ ხვდება. მისი მცირე ნაწილი როგორღაც მიედინება აკრეციული დისკის შიდა რეგიონიდან პოლუსებზე, სადაც ის კოსმოსში იონიზებული პლაზმის ჭავლების სახით იტყორცნება. ეს ჭავლები უზარმაზარ მანძილს ფარავენ, სანამ რადიოშვერილებად არ იქცევიან.
ეს პროცესი ნორმალურია. მსგავსი რადიოშვერილები ჩვენს გალაქტიკასაც აქვს. რაზ ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ისაა თუ რატომ არიან ისინი ზოგიერთ გალაქტიკაში წარმოუდგენლად დიდი, მეგაპარსეკების მასშტაბებით. სწორედ ასეთებს ვუწოდებთ გიგანტურ რადიოგალაქტიკებს და დაკვირვებამ შეიძლება გვითხრას თუ რა განაპირობებს მათ ასეთ ზრდას.
მეცნიერების თქმით, მიღებული შედეგები რადიოგალაქტიკური შვერილების ყველაზე მგრძნობიარე გამოსახულებებია. საბოლოოდ ასე აღმოაჩინეს ალკიონევსი.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ ერთი გალაქტიკის მიერ შექმნილი ყველაზე დიდი ცნობილი სტრუქტურა პროექციაში — გიგანტური რადიოგალაქტიკა, რომლის სიგრძეა 4,99 ± 0,04 მეგაპარსეკი", — ამბობენ მკვლევრები.
მას შემდეგ, რაც მათ შვერილები გაზომეს, მკვლევრებმა გალაქტიკის შესწავლა დაიწყეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ეს ელიფსური გალაქტიკაა, რომელიც მზის მასას 240 მილიარდჯერ აღემატება, ცენტრში კი სუპერმასიური შავი ხვრელია. ამ შავი ხვრელის მასა მზეზე 400 მილიონჯერ მეტი უნდა იყოს.
მკვლევრების თქმით, გალაქტიკის გაფართოების ფონზე მისი მასა არც ისე დიდია. დაბალია ვარსკვლავური მასა და სუპერმასიური შავი ხვრელის მასაც. არ არის გამორიცხული, რომ გალაქტიკა მდებარეობს კოსმოსის საშუალოზე დაბალი სიმკვრივის მქონე რეგიონში. ამით შეიძლება აიხსნას გალაქტიკის ასე მასშტაბური ზომები და შედარებით ნაკელბი მასა.
თუმცა, რაც უნდა იყოს ამის მიზეზი, მეცნიერები თვლიან, რომ გალაქტიკა ჯერ კიდევ იზრდება და ფართოვდება.
კვლევა მიღებულია გამოსაქვეყნებლად Astronomy & Astrophysics-ში, იქამდე კი ხელმისაწვდომია arXiv-ზე.
კომენტარები