ილონ მასკმა Tesla Roadster კოსმოსში ოთხი წლინ წინ გაუშვა — სად არის ის ახლა?
ზუსტად 4 წლის წინ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი რაკეტა, SpaceX-ის Falcon Heavy ფლორიდიდან ღია კოსმოსში გავიდა და თან, არც მეტი, არც ნაკლები, ილონ მასკის კუთვნილი Tesla Roadster გაიყოლა.
წითელ სპორტქარში Tesla-მ კოსმონავტის ფორმაში გამოწყობილი მანეკენი ჩასვა და მას "Starman" დაარქვა — ის დღემდე მზის გარშემო მოგზაურობს და ხან მარსივით შორდება მას, ხან კი დედამიწასავით უახლოვდება.
რაღა თქმა უნდა, მანქანას სამეცნიერო დანიშნულება არ აქვს. ეს ფალკონის სატესტო ფრენა იყო და SpaceX-ს უბრალოდ რაიმე ტვირთი სჭირდებოდა. როგორც მაშინ მასკმა თქვა, მას კოსმოსში "ყველაზე სულელური" ნივთის გაგზავნა სურდა, საბოლოოდ არჩევანი კი მდიდრულ Tesla როდსტერზე შეჩერდა.
ორშაბათის მონაცემებით როდსტერი დედამიწიდან 376 მილიონ კილომეტრში, ხოლო მარსიდან 320 მილიონ კილომეტრში იმყოფებოდა. მასზე თვალის დევნება საიტის whereisroadster.com-ის მეშვეობით შეგვიძლია. საიტი ავტომობილის საკონტროლებლად NASA-ს ინფორმაციას ეყრდნობა.
"როდსტერი ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაშია, თუმცა მცირე მეტეორებმა სავარაუდოდ მისი ზედაპირი მაინც დააზიანეს",— განუცხადა Harvard Smithsonian Center for Astrophysics-ის ასტრონომმა, Jonathan McDowell-მა CNN Business-ს.
გასულ ოთხ წელში როდსტერმა ჯამში 3 მილიარდზე მეტი კილომეტრი გაიარა და მზეს წრე 2.6-ჯერ დაარტყა. 2020 წელს ავტომობილი მარსსაც მიუახლოვდა და მას 8 მილიონ კილომეტრში ჩაუფრინა. ეს იგივეა რაც ოცჯერ აღებული დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილი.
NASA-ს ინფორმაციით 2035 წლამდე როდსტერი არცერთ პლანეტას აღარ მიუახლოვდება. სამომავლოდ კი, 2047 და 2050 წლებისთვის ის ყველაზე ახლოს, რამდენიმე მილიონ კილომეტრში, დედამიწასთან იქნება.
სავარაუდოდ, როდსტერი ოდესმე დედამიწას ან რომელიმე სხვა კოსმოსურ ობიექტს შეასკდება. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მომდევნო 15 მილიონ წელში დედამიწასთან შეჯახების ალბათობა 22% იქნება, ხოლო მზესთან ან ვენერასთან შეჯახების შანსები 12-12% გახლავთ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები