"გავხადოთ კრიპტოსამყარო სანდო და უსაფრთხო" — ქართულ ბაზარზე სტარტაპი Ambry გამოჩნდა
მეოცე საუკუნის ბოლოს ვალუტის ციფრული ფორმა — კრიპტოვალუტა გამოჩნდა, 2009 წელს კი პირველი დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტა — ბიტკოინი შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ ფულის ამ ფორმას, ჩვეულებრივ ვალუტასთან შედარებით, არაერთი უპირატესობა აქვს და უფრო უსაფრთხოც კია, მის გამოყენებას მაინც ახლავს თან გარკვეული რისკები.
ამიტომ, ქართველი დეველოპერებისა და ანალიტიკოსების გუნდმა გადაწყვიტა, ბლოქჩეინ ანალიტიკის პლატფორმა, Ambry შეექმნათ, რომელიც კრიპტო მოყვარულებისთვის, კრიპტო პლატფორმებისა თუ სხვადასხვა ფინანსური სექტორისთვის, მათ შორის ბანკებისთვის, კრიპტოვალუტებთან კავშირს გაცილებით უსაფრთხოსა და მარტივს გახდიდა.
Ambry მომხმარებლებს ორი ტიპის მომსახურებას — კრიპტო საფულის შემოწმებასა და ნებისმიერი კრიპტო ტრანზაქციის დეტალების შესწავლას სთავაზობს. პირველი სერვისით იმის შემოწმებაა შესაძლებელი, თუ რამდენად სანდოა აღნიშნული კრიპტო საფულე და უახლოეს პერიოდში რა ტიპის ტრანზაქციებია განხორციელებული მისი საშუალებით. რაც შეეხება კრიპტო ტრანზაქციის დეტალების შესწავლას, ამ სერვისით მომხმარებელს ნებისმიერი კრიპტო ტრანზაქციის შემოწმება და იმის გაგება შეუძლია, თუ საიდან სად და რა მოცულობის თანხა გადაირიცხა, რა იყო მისი წარმომავლობა, საიდან მოხვდა იგი გამგზავნის მისამართზე, მიმღების მისამართამდე მიღწევის შემდეგ რა გზა გაიარა და ა.შ. მოკლედ, ყველა საჭირო დეტალი ტრანზაქციის შესახებ.
კრიპტო მიმოცვლისა (crypto exchange) და კომერციის (crypto trading) პლატფორმებს Ambry-ის გამოყენება შიდა პლატფორმადაც შეუძლიათ, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელთა ბაზისა და საეჭვო ტრანზაქციების კონტროლსაც მოახერხებენ. გარდა ამისა, Ambry აღნიშნულ პლატფორმებს საშუალებას აძლევს, თავადვე არეგულირონ, რომელი ტრანზაქცია მიჩნიონ საეჭვოდ და რომელი არა.
"ბანკებსა და ფინანსური სექტორს ჩვენი სტარტაპის მეშვეობით საკუთარი მომხმარებლების მიერ მაინინგით მიღებული თანხის წარმომავლობის შემოწმება შეუძლიათ. ეს ბანკების მიერ კრიპტო სამყაროში ჩართული ადამიანებისთვის ანგარიშების დახურვის პრობლემას გადაჭრის", — გვიყვება ლუკა ლომსაძე, Ambry-ის თანადამფუძნებელი.
Ambry-ის მთავარ სამიზნე აუდიტორიას, პირველ რიგში, ბანკები და ფინანსური სექტორი, შემდეგ კი კრიპტოპლატფორმები და საცალო ვაჭრობები წარმოადგენს. ამჟამად, სტარტაპი დეველოპმენტის პროცესშია და გუნდი მაქსიმალურად მომხმარებელზე მორგებული და მარტივი პლატფორმის შექმნას ცდილობს, 2022 წლის გაზაფხულზე კი ისინი აქტიური მარკეტინგის დაწყებას გეგმავენ.
ლუკას თქმით, Ambry-ის ხუთივე დამფუძნებელი MyCoins-ისა და eMoney-ის თანამშრომლები არიან. MyCoins საქართველოში ყველაზე დიდი და მოწინავე კრიპტო მიმოცვლის პლატფორმაა, eMoney კი საქართველოში ყველაზე დიდი ფინტექ კომპანია. ასე რომ, გუნდს საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვს როგორც ფინტექის, ასევე კრიპტო მიმართულებით.
"2021 წლის სექტემბერში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების 100 000 ლარიანი გრანტი მოვიგეთ, რასაც მცირე დროში დამატებით 200 000 ლარის დაფინანსებაც მოჰყვა. ამჟამად, ჩვენი გუნდი დეველოპერებითა და ანალიტიკოსებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც ჩვენი პროდუქტის მაქსიმალურ დახვეწაზე ვმუშაობთ და გვჯერა, რომ ჩვენი სტარტაპი საქართველოს შემდეგი უნიქორნი იქნება".
როგორც ლუკა გვიყვება, საქართველოში ამ სეგმენტის ბაზარი საკმაოდ პატარაა, ამიტომ, უახლოეს პერიოდში გუნდი თავიანთი პროდუქტის საერთაშორისო ბაზარზე გატანას გეგმავს. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, როგორც აღვნიშნეთ, აქ მათ მთავარ სამიზნე აუდიტორიას კრიპტო პლატფორმები და ბანკები წარმოადგენენ.
"საქართველოში Ambry-ის მსგავსი პროდუქტი არ არსებობს, საერთაშორისო ბაზარზე კი სულ რამდენიმე ასეთი კომპანიაა. მათთან შედარებით, ჩვენი სტარტაპის უპირატესობა მომხმარებელზე მორგებული ფუნქციონალი და ის ტექნოლოგიებია, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, რადგან, უცხოური კონკურენტებისგან განსხვავებით, ჩვენს პლატფორმაზე "გაპარული შეცდომები" 100%-ითაა გამოსწორებული".
სამომავლოდ, გუნდი პირველ რიგში საკუთარი პროდუქტის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გატანას, შემდეგ კი უკვე ევროპის ბაზრის ათვისებასაც გეგმავს. გუნდის წევრების აზრით, მათი რესურსებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ეს საკმაოდ რეალისტური ამბიციაა.
კომენტარები