ფოთის ახალი ნავსადგური გაიხსნა — რა ბედი ეწევა ანაკლიის პორტს
ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური 29 იანვარს ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და სხვა სტუმრები დაესწრნენ.
ახალი ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის აქამდე რეალიზებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მისი ღირებულება 120 მილიონ დოლარს აღწევს.
როგორც ცნობილია, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC) ნავსადგურის მშენებლობის პროექტი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა, რაც ამ ორგანიზაციის მიერ ერთ პროექტზე გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში.
რა გაკეთდა ფოთის პორტში
მთავრობის ინფორმაციით, ფოთის ნავსადგურის მშენებლობის ფარგლებში 93 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა — აშენდა მასშტაბური ჰიდროტექნიკური ნაგებობები და მოეწყო თანამედროვე საპორტე ინფრასტრუქტურა:
- 260 მეტრი სიგრძის ნავმისადგომი;
- არსებულ ტალღმჭრელ მოლოებს ჩაუტარდა სრული რეკონსტრუქცია;
- ახალი ნავსადგურის აკვატორიიდან ამოიღეს 1,5 მილიონი კუბური მეტრი ნატანი ქვიშა. აკვატორია დაღრმავდა 13 მეტრამდე;
- 50 000 ტონა ტევადობის დახურული ტიპის საწყობი, რომელიც აღჭურვილია ევროპული წარმოების დაცლა-დატვირთვის ავტომატიზებული სისტემებით;
- 6 ჰექტარზე მოეწყო ღია სასაწყობო მოედნები;
- სპეციალურად დამზადდა და ნავმისადგომზე დამონტაჟდა ორი ახალი პორტალური ამწე, თითოეული 100 ტონა ტვირთამწეობით.
ნავმისადგომი და ახალი ნავსადგურის ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა მოემსახუროს მსხვილტონაჟიან გემებს, რომელთა ტვირთამწეობა 50 000 ტონამდეა. პორტი დაამუშავებს როგორც მშრალ, ნაყარ და გენერალურ ტვირთებს, ასევე კონტეინერებს. პროექტის სრულად დასრულების შემდეგ საქართველოს ერთიანი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა 3,5 მილიონი ტონით გაიზრდება.
ვინ ააშენა ფოთის ახალი ნავსადგური
ახალი საზღვაო ნავსადგური პეის ჯგუფისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით აშენდა.
მთავრობის ინფორმაციით, პეის ჯგუფი წარმოადგენს რეგიონში უმსხვილეს სატრანსპორტო კომპანიას, რომელიც აერთიანებს ნავმისადგომების ოპერატორ კომპანიებს, საბროკერო, საზღვაო სააგენტოს, ლოგისტიკურ და საკონტეინერო კომპანიებს. კომპანიის ყოვეწლიური საშუალო ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონას აღემატება.
როგორც ცნობილია, ახალი საზღვაო პორტის მშენებლობის პროექტის დაფინანსების ხელშეკრულებას ხელი 2019 წლის 4 თებერვალს მოეწერა, მშენებლობას კი საფუძველი 2020 წლის სექტემბერში ჩაეყარა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ გამოიკვლია პეის ჯგუფთან დაკავშირებული ადამიანებისა და მმართველი პარტიის კავშირები.
როგორც ორგანიზაციის კვლევაშია ნათქვამი, პეის ჯგუფში შემავალი კომპანიაა შპს პეის ჯორჯია, რომლის მფლობელებმა და მათმა ბიზნეს პარტნიორებმა, ირაკლი და თეიმურაზ კერვალიშვილებმა, ლაურა ლარიონიმ, ირაკლი თათეიშვილმა, თამაზ კაპანაძემ, აპოლონ ბჟალავამ და დავით ნადირაშვილმა 2017-2018 წლებში ქართულ ოცნებას და მის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს — სალომე ზურაბიშვილს ჯამში 620 ათასი ლარი შესწირეს.
გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ 2020 წელს, ფოთის პორტის გაფართოების მიწათსარგებლობის ნებართვის მიღებიდან სამ თვეში, ირაკლი და თეიმურაზ კერვალიშვილებმა, ლაურა ლარიონიმ და ირაკლი თათეიშვილმა ქართულ ოცნებას 200 ათასი ლარი შესწირეს.
რა ბედი ეწევა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ფოთის პორტის ექსპანსიასთან მიმართებით მთავრობის მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა აკნინებს უფრო მსხვილი და უფრო სტრატეგიული ანაკლიის პორტის ბიზნეს პროექტს. კონსორციუმი აქ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავს, რადგან ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მმართველ კომპანიაში წილს სწორედ ივანიშვილი ფლობს.
უფრო კონკრეტულად, როგორც პანდორას დოკუმენტებიდან გახდა ცნობილი, ბიძინა ივანიშვილის მიერ ოფშორულ ზონაში დაფუძნებული ერთ-ერთი კომპანია Brightstone Finance Limited-ია. თავის მხრივ, ეს კომპანია კი ფოთის თიზ-ის მმართველ ფირმაში წილს ფლობს.
აღსანიშნავია, რომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მმართველ კომპანიაში — შპს ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფი — 2018 წელს სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლის პოზიციაზე საქართველოს ამჟამინდელი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მუშაობდა. მას ამ თანამდებობაზე ერთ წელიწადში 169 926 ლარი აქვს აღებული. ამის შესახებ ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან ხდება ცნობილი.
ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში ამბობენ, რომ ფოთის თიზ-სა და პორტს მხოლოდ ადგილმდებარეობა აკავშირებთ. განცხადებაში ხაზს უსვამენ, რომ წლების მანძილზე, არც ერთ ეტაპზე ფონდს და მასთან დაკავშირებულ არც ერთ პირს არასდროს ჰქონია ფოთის პორტთან დაახლოებულ პირებთან და სტრუქტურასთან შეხება ან/და საერთო ინტერესი.
როგორც ცნობილია, 2020 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. რამდენიმე თვის შემდეგ, კონსორციუმმა მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლა.
მიმდინარე წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ 1 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. უწყება, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექვემდებარება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებლად შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლებასა და სხვადასხვა ტიპის მომსახურებების შესყიდვას ითხოვს. გასული წლის ოქტომბერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ამბობდა, რომ მთავრობას აქვს სურვილი, ანაკლიის პორტის ინვესტორების შესარჩევად 2022 წელს საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადოს.
რთული სათქმელია, შეძლებს თუ არა მთავრობა, ინვესტორები იმ პროექტით დააინტერესოს, რომელიც საერთაშორისო არბიტრაჟში იმყოფება. ამის პარალელურად კი ფოთის პორტი ვითარდება. როგორც ცნობილია, პროექტის შემდგომი გაფართოება დამატებით 230 მეტრი სიგრძის ღრმაწყლოვანი (13 მ) ნავმისადგომის მშენებლობას ითვალისწინებს, რაც 30 მილიონი დოლარი დაჯდება.
კომენტარები