2021 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ Cybertruck-ის, Tesla-ს პირველი ელექტრო პიკაპის გამოშვება 2022 წლამდე გადაიდო. ეს სიახლე მაშინ სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან მანამდე ჩვენ ვნახეთ თუ რამდენჯერ გადადო წარმოების ხარვეზების აღმოსაფხვრელად ტესლამ Model 3-ის გამოშვება.

თუმცა, ახლა ცნობილი გახდა, რომ ელექტრო პიკაპს ვერც 2022 წელს ვიხილავთ და მასკმა მისი გამოშვება 2023 წლამდე გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. კომპანიასთან დაახლოებულმა წყარომ, როუტერსს განუცხადა, რომ ტესლა წარმოების დაწყებას 2023 წლის პირველი კვარტლის ბოლოს გეგმავს.

ბაზარზე უკვე დიდი კონკურენციაა და ტესლა ცდილობს მას არ ჩამორჩეს. მათ სურთ, რომ Cybertruck ყველა იმ საჭირო ფუნქციით იყოს აღჭურვილი, რასაც მომხმარებლები ელიან. შესაბამისად, წარმოების გადადება განახლებების გასაკეთებლად რამდენჯერმე გახდა საჭირო.

ამასობაში კი სხვა ავტომწრამოებლებიც დაფიქრდნენ ელექტროპიკაპებზე და ბაზარზე მათი პოვნა სულ მალე ნამდვილად აღარ გაგვიჭირდება.

2021 წლის მარტში, Canoo-მ თავისი ელექტრო პიკაპი წარადგინა და თქვა, რომ მისი წარმოება 2023 წელს დაიწყება.

მას 600 ცხენის ძალამდე ექნება და ერთი სრული დამუხტვით 320 კილომეტრის გავლას შეძლებს, ეს შთამბეჭდავი რიცხვი ნამდვილად არ არის. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მისი საწყისი ფასი $33 000 იქნება.

2021 წლის მაისში თავისი ელექტრო პიკაპი Ford-მაც წარადგინა. F-150 Lightning ამერიკის ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია და მისი ფასი $40 000-მდეა, რაც საკმაოდ კარგი ფასია ამ ზომის პიკაპისთვის.

სავარაუდოდ, ძალიან მალე ელექტრო პიკაპების წარმოებაში სხვა გიგანტი კომპანიებიც ჩაერთვებიან, შესაბამისად Tesla-ს მეტი ყურადღება და ოპერატიულობა მართებს, რადგან ბაზარზე კონკურენცია სულ უფრო და უფრო გაიზრდება.