ექსპერტი: შესაძლოა, ბავშვებს მალე ორზე მეტი ბიოლოგიური მშობელი ჰყავდეთ
The Washington Post-თან ინტერვიუში ფუტურისტმა ემი ვებმა ივარაუდა, რომ რეპროდუქციული მეცნიერება ბავშვების გაჩენის გზებს მნიშვნელოვნად გარდაქმნის და, შესაძლოა, ბავშვისათვის ბიოლოგიური მშობლების შესაძლო მაქსიმალური რაოდენობაც კი შეიცვალოს.
"საუბარია ტექნოლოგიაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მეტად სელექციურები ვიყოთ და ბავშვი განზრახ "დავგეგმოთ". შესაძლოა ეს ნიშნავდეს, რომ ერთმა ადამიანმა თავისივე გენეტიკური ნივთიერება გამოიყენოს ჩანასახის გასაჩენად; შესაძლოა, თვისებების ამორჩევა ორზე მეტი მშობლიდან მოხერხდეს", — განაცხადა ფუტურისტმა.
ვებმა, Future Today Institute-ის საკონსულტაციო ფირმის დამფუძნებელმა ისიც გვაუწყა, რომ მეცნიერები და მისნაირი ფუტურისტები გენური მოდიფიცირების ტექნოლოგიების (როგორიცაა CRISPR და სხვა სამომავლო ტექნოლოგიები) სრულ შესაძლებლობებს ჯერაც არ იცნობენ. მიუხედავად ამისა, იგი ფიქრობს, რომ ის "შესაძლებლობები" და "არჩევითობა", რომლებიც შესაძლოა, გამრავლების მსურველთათვის მალე გახდეს ხელმისაწვდომი, მნიშვნელოვანი და მომგებიანი იქნება.
როგორც ყოველთვის, გენეტიკური ინჟინერიის საკითხს ყოველთვის დისკუსიები მოჰყვება იმის შესახებ, რომ შესაძლოა, იგი სახელმწიფოებმა ბოროტად გამოიყენონ. ვებმა ამგვარი პრობლემები უგულებელყო და საუბრისას აღნიშნა, რომ "ამ მიმართულებით ნებისმიერ გზას ევგენიკამდე მივყავართ" (1997 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი "გატაკა").
ვების აზრით, მომავალში უნდა გაითვალისწინონ, რომ შესაძლოა, ზოგიერთმა ქვეყანამ პოპულაციის ინტელექტისა და ფიზიკური მახასიათებლების გაუმჯობესებით, გეოპოლიტიკური სარგებლის მიღება სცადოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სინთეზური ბიოლოგიის მასობრივ გავრცელებაზე უარი უნდა ვთქვათ.
"მათთვის, ვისაც შვილების ყოლა ნამდვილად უნდა, ორსულობის გამარტივების იდეა ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს", — განაცხადა მან — "ახლა ბავშვის გაჩენა შანსსა და შემთხვევითობაზე, ანდა ინვიტრო განაყოფიერებისათვის საჭირო თანხებზეა დამოკიდებული. 2022 წელს ბავშვის გაჩენა საშინლად რთულია, რაც უნდა შეიცვალოს".
თუკი დედობასთან დაკავშირებული გართულებებისა და სიკვდილის შემთხვევების სიხშირეს გავითვალისწინებთ, ნაკლები მიზეზი დაგვრჩება, ხელი არ შევუწყოთ ისეთი ტექნოლოგიის განვითარებას, რომელიც დაფეხმძიმებას, ჩანასახის გამოზრდასა და გაჩენას ისეთივე უსაფრთხოს გახდის, როგორიც პლასტიკური ოპერაციაა. ამასობაში ისღა დაგვრჩენია, ამგვარი ტექნოლოგიის მოახლოებას დავუცადოთ და დავაკვირდეთ, თუ როგორ შეიცვლება რეპროდუქციული მეცნიერება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში.
კომენტარები