მეცნიერები: შესაძლოა, თავად სამყაროც პიქსელებისაგან შედგებოდეს
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, სივრცე-დრო ცალკეული "სივრცე-დროის პიქსელებისაგან" იყოს შექმნილი და სინამდვილეში ისეთივე გლუვი და უწყვეტი სულად არ გახლდეთ, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.
რანა ადჰიკარის, კალტექის ფიზიკის პროფესორის თქმით, ამ შემთხვევაში პიქსელები ძალიან პატარა იქნებოდა — ისეთი პატარა, რომ თუკი რაღაცებს გაადიდებდით, რათა ისინი ქვიშის მარცვლის ზომისა გაგეხადათ, გალაქტიკების ზომის ატომებს მივიღებდით. ადჰიკარის მიზანია, ფიზიკის სტანდარტული კანონები (რომელთაც ზოგადი ფარდობითობა განსაზღვრავს) კვანტური ფიზიკის მეტად იდუმალ სამყაროსთან შეაჯეროს.
თეორია ცდილობს ახსნას, თუ რამდენად შესაძლებელია, გრავიტაცია ცალკეულ კომპონენტებამდე იყოს დაყოფილი, რაც დიდი ხანია, კვანტური ფიზიკის კუთხით ძალიან აქტუალური შეკითხვაა.
"ზოგჯერ სამეცნიერო საზოგადოებაში არასწორად იგებენ, რომ კვანტური მექანიკა და გრავიტაცია შეუთავსებელია", — განაცხადა კლიფ ჩუნგმა, კალტექის თეორიული ფიზიკის პროფესორმა და ადჰიკარის კოლეგამ — "თუმცა ექსპერიმენტებით ვიცით, რომ კვანტური მექანიკაზე მუშაობა გრავიტაციის მქონე პლანეტაზე შეგვიძლია, ამიტომაც, თავისთავად, ისინი შეთავსებადია".
ჩუნგს თუ დავუჯერებთ, პრობლემები დეტალების კუთხით იჩენს თავს — მაშინ, როდესაც შავი ხვრელების შესახებ დახვეწილი შეკითხვების დასმას დაიწყებთ ან თეორიების ძალიან მცირე მასშტაბებზე დაყვანას შეეცდებით.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სივრცე-დროში რომ კადრი გაგედიდებინათ, კვანტური მექანიკის კანონების მიხედვით, შენიშნავდით თუ არა ცალკეულ ფოტონებსაც, რომლებიც სინათლეს ქმნის? თუ უწყვეტი სპექტრი იქნებოდა?
ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ გრავიტაციას შესაძლოა, უმცირეს მასშტაბზე ცალკეული, ჰიპოთეზური "გრავიტონები" ქმნიდეს. გრავიტონები სიმების თეორიის კომპონენტებია, რომელთაც გარკვეულ სიხშირეზე რეზონანსის წარმოქმნა შეუძლია.
ამასთან, რაც შეეხება კიდევ უფრო მცირე მასშტაბს, მეცნიერები კვლავ ცდილობენ იმის დადგენას, თუ როგორ შეიძლება ზოგადი ფარდობითობის კანონებისა და კვანტური ფიზიკის გაერთიანება.
"ჩემი ყავის ჭიქა რომ დავაგდო და დაეცეს, ვიფიქრებ, რომ ეს გრავიტაციაა", — თქვა ადჰიკარიმ — "მაგრამ, ისევე, როგორც ტემპერატურა არაა "რეალური" რამ და მხოლოდ და მხოლოდ მოლეკულათა ვიბრაციას აღწერს, შესაძლოა, სივრცე-დროც ასევე არ იყოს რეალური. შესაძლოა, გრავიტაცია შევარქვით იმას, რაც სივრცე-დროის პიქსელაციიდან გამომდინარეობს, რადგან სივრცე-დროის შიგთავსი ჯერ კიდევ არ გვესმის", — დაამატა მან.
კომენტარები