აზერბაიჯანელი გენერლის დედა ოფიციალურ პირებს მისი შვილის მკვლელობის დაკვეთაში ადანაშაულებს
2020 წლის ივლისში შეტაკების დროს მოკლული აზერბაიჯანელი გენერლის, ფოლად ჰაშიმოვას დედა, სამაია ჰაშიმოვა თავისი შვილის გარდაცვალების გამოძიებას ითხოვს.
"კარიმ ვალიევმა მოაკვლევინა ჩემი შვილი, რათა ეს თანამდებობა დაეკავებინა", — უთხრა სამაია ჰაშიმოვამ ჟურნალისტებს. ვალიევი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახლანდელი უფროსია.
ჰაშიმოვა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, ზაქირ ჰასანოვსაც ადანაშაულებს. მას ბრალდებების დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
გენერალ-მაიორი ფოლად ჰაშიმოვი 2020 წლის ივლისში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი შეტაკებების დროს მოკლეს. იმ დროისთვის ჰაშიმოვი უმაღლესი რანგის სამხედრო თანამდებობის პირი იყო, რომელიც 1994 წლის მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დასრულების შემდეგ ამ ორი ქვეყნის ბრძოლაში მოკლეს.
ჰაშიმოვას განცხადებით, ივლისის ბრძოლაში მისი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ეჭვები აქვს და ამბობს, რომ ეს გამოძიებას საჭიროებს.
მისივე მტკიცებით, 2016 წლის აპრილში მთიან ყარაბაღში შეტაკებების შემდეგ, მისმა შვილმა თანამდებობიდან წასვლის განცხადება დაწერა, რაზეც უარი მიიღო. ჰაშიმოვას არ განუმარტავს, რატომ ცდილობდა გენერალი სამხედრო სამსახურის დატოვებას.
ის, ასევე, ამბობს, რომ 2020 წლის 11 ივლისს, საზღვართან შეტაკებებამდე ერთი დღით ადრე, შვილმა დაურეკა და უთხრა, რომ უახლოეს დღეებში თავდაცვის სამინისტროში "უფროსს პოზიციაზე" უნდა დაენიშნათ.
14 ივლისს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ჰაშიმოვი პოლკოვნიკ ილგარ მირზაევთან ერთად მოკლეს. აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებების დროს სულ 12 ოფიცერი დაკარგა.
შეტაკებებს სრულიად აზერბაიჯანში სპონტანური პრო-საომარი მიტინგები მოჰყვა. ბაქოში, სადაც ათი ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, პროტესტანტთა გარკვეული ჯგუფი პარლამენტში შეიჭრა.
არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიული სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა, ანარ მამადლიმ Facebook-ზე დაწერა, რომ სამაია ჰაშიმოვამ, შესაძლოა "არასწორად გაანალიზა" ის, რაც თავის შვილს შეემთხვა, თუმცა როგორც ჰაშიმოვის გარდაცვალების გარემოებები, ასევე, 2016 წელს თანამდებობიდან მისი სავარაუდო წასვლის მიზეზები მაინც უნდა გამოიძიონ.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები