თითქმის მთელი დეკემბერი ავსტრალიაში ყველაზე გაყიდვადი ალბომი ადელს ეკუთვნოდა, რომელსაც ედ შირანი მოჰყვებოდა. თუმცა, ვერ დაიჯერებთ, კიდევ ვინ, უფრო სწორად, რა მოხვდა სამეულში მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით. მესამეადგილოსანი ალბომის ავტორები, არც მეტი, არც ნაკლები, ფრინველები არიან.

Songs Of Disappearance (გაქრობის სიმღერები) ავსტრალიური ჩარტების რეიტინგში მესამე ადგილზე აღმოჩნდა. ალბომმა, რომელიც ავსტრალიაში მცხოვრები და გადაშენების პირას მყოფი ჩიტების ხმებითაა ჩაწერილი, ტეილორ სვიფტსაც კი გადაუსწრო.

ალბომის შემქმნელი მუსიკოსი და ჩარლზ დარვინის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ენტონი ალბრეხტია, რომელმაც ჩანაწერების შექმნაზე თავის ორგანიზაციასთან ერთად იმუშავა.

გაქრობის სიმღერების გამოშვება მას შემდეგ გადაწყდა, რაც უნივერსიტეტმა ჩიტების ავსტრალიური სახეობების გადაშენების პერსპექტივის შესახებ შემაშფოთებელი კვლევა გამოაქვეყნა. ჩანაწერების კრებული 53 სახეობის ფრინველების ხმებს მოიცავს. ეს ხმები კი, რა თქმა უნდა, მხოლოდ გალობა არაა — მათ შორისაა სასაცილო, უცნაური და ავისმომასწავებელი აუდიოჩანაწერებიც.

ალბომის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ავსტრალიის გარეული ცხოველების დამცველ ორგანიზაციაში ირიცხება, ხოლო ჩანაწერების კრებულის გამოშვების მიზანი პრობლემისა და კონსერვაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ჩარლზ დარვინის უნივერსიტეტი და გარეული ცხოველების დამცველი ორგანიზაციაც იმედოვნებენ, რომ ასე უფრო მეტი სახეობის გადარჩენა გახდება შესაძლებელი.