10 რამ, რასაც ჰარი პოტერი მენტალურ კეთილდღეობაზე გვასწავლის
პოტერიადა ერთ-ერთი საუკეთესო ჯადოსნური ისტორიაა, რაც კი ოდესმე შექმნილა. უნიკალურ და უჩვეულო სამყაროში მოგზაურობა ბევრი მკითხველის ბავშვობაა, თუმცა, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ჰარი პოტერის სერია მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი როდია. ამიტომ, სახალისო და გულის ამაჩუყებელი მომენტებით გაჯერებულ საგაში ისეთი თემებიც მრავლადაა წარმოჩენილი, რომლებიც ზრდასრულებს ადარდებთ.
ურიგო არ იქნებოდა, აღგვენიშნა, რომ სერიის ავტორს, ჯოან როულინგს, სწორედ მსგავსი თემები ადარდებდა, როცა წერა დაიწყო. მწირი სოციალური დახმარებით მცხოვრები მარტოხელა დედა, რომელსაც დეპრესია ჰქონდა, ნაშუადღევს ედინბურგის ერთ-ერთი კაფეს კუთხეში ჯდებოდა და მაგიურ სამყაროში იკარგებოდა. თუმცა, წუხილი გარკვეულწილად იმ სამყაროშიც გადაჰყვა, ამიტომ პოტერიადა სერიოზულ თემებს შეეხო. ეს თემები ბევრ რამეს გვასწავლის მენტალურ კეთილდღეობაზეც.
სტატია შეიცავს სპოილერებს ჰარი პოტერის სხვადასხვა ნაწილიდან.
1. ემოციებს საკუთარ თავში ნუ დაიგროვებ
"სერიის დასაწყისშივე ვხედავთ, რომ მაგიური პოტენციალის დაგროვება და დაფარვა რაღაც მომენტში აფეთქებას იწვევს", — ამბობს კლინიკური ფსიქოლოგი, ჯანინ სკარლეტი.
მაგალითად, როცა ჰარი ზოოპარკში უნებლიეთ გველს ათავისუფლებს.
"როგორც ჰარის მაგიური შესაძლებლობები, ჩვენი ემოციების საკუთარ თავში დაგროვებაც არ შეიძლება. მეტიც, სწორედ ჩვენი განცდები გვაქცევს ჯადოქრად. ისინი გვიბიძგებენ, ვიზრუნოთ, გვაძლევენ შესაძლებლობას, გულით ვიმოქმედოთ და გავიგოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მათ გათავისუფლების საშუალება უნდა მივცეთ", — დასძენს სკარლეტი.
2. ყველა ბოგარტის განადგურება შეიძლება
ბოგარტი ერთ-ერთი ჯადოსნური ქმნილებაა, რომლებიც შიშის სახეს იღებს.
"ჩვენი ფობიების მსგავსად, ბოგარტებიც შიშით იკვებებიან და სიცილით ნადგურდებიან", — აღნიშნავს სკარლეტი, — "თუკი შიშებისგან გაქცევის ნაცვლად მათ თვალსა და რიდიკულუსის შელოცვას გავუსწორებთ, ეს ჩვენი ფობიებისა და შფოთვის მიზეზების გადაფასებაში დაგვეხმარება".
სერიაში ასევე ბევრი ისეთი მომენტია, სადაც პერსონაჟი საკუთარი შიშის გადალახვას ცდილობს; მაგალითად, რონი, რომელსაც არაქნოფობია აქვს, აკრძალულ ტყეში შედის, სადაც ობობები ეგულება. ნევილი კი თავისი სოციალური შფოთვის დამარცხებას ცდილობს, როცა საქმე ჰოგვორტსის უსაფრთხოებას ეხება და სტუდენტებს სიკვდილის მხვრელების წინააღმდეგ თავადვე მიუძღვის.
3. ბედნიერება იმედია
"ბედნიერებას ყველაზე შავბნელ დროშიც კი იპოვი, თუკი ვიღაცას სინათლის ანთება გაახსენდება", — ამბობს დამბლდორი აზკაბანის ტყვეში. ეს ცნობილი ფრაზა მიუთითებს, რომ სინათლე ყოველ ჩვენგანშია — ბედნიერების პატარა სხივი მაინც. ჩვენ თავადვე შეგვიძლია, ის უგუბელვყოთ და გარემოებებს ჩვენზე გავლენის მოხდენის საშუალება მივცეთ, ან შეგვიძლია სხივი გავამრავლოთ. იმედი პოტერიადის ერთ-ერთი ქვაკუთხედია.
"მთელი სერიის განმავლობაში ჰარი ბევრ სირთულეს აწყდება და მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც გადაიტანა, იმედის სხივს არასდროს კარგავს", — ამბობს სკარლეტი, — "თუმცაღა ჯადოქრების სამყაროში ბევრი უსამართლობა ხდება, ყოველთვის არსებობს იმედი და იმის რწმენა, რომ ერთ ადამიანსაც შეუძლია რაღაც შეცვალოს".
4. ყველაფერი შესაძლებელია, თუკი საკუთარი თავის გჯერა
ან, როგორც ჯინი ეუბნება ჰარის, "როცა ფრედისა და ჯორჯის გვერდით იზრდები, ხვდები, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუკი გამბედაობა გყოფნის".
თუ ნევილს ნაგინის დამარცხება შეუძლია, დობის — თავისუფლების მოპოვება, ჰოგვორტსიდან გაყრილ ფრედსა და ჯორჯს — წარმატებული ბიზნესის მართვა, ხოლო 17 წლის ჰარის —ვოლდემორის დამარცხება, შენც შეძლებ, დასახულ მიზანს მიაღწიო, იმის მიუხედავად, რამდენად მიუწვდომელი გგონია. როგორც ეს სერიაც გვიჩვენებს, მთავარია, მოთმინება და შეუპოვრობა — წამით რომ დაფიქრდე, როგორ დამთავრდებოდა ისტორია, ჰარი და ფენიქსის ორდენი რომ პირველივე წინააღმდეგობაზე დანებებულიყვნენ?..
5. დემენტორებთან გამკლავება შესაძლებელია
როულინგის თქმით, დემენტორები თავისივე გამოცდილებით შექმნა — იმ დროის შთაგონებით, როცა დეპრესია ჰქონდა და სასოწარკვეთილი იყო — ამიტომ, ამ ჯადოსნურ არსებებს ადამიანებისგან იმედისა და ბედნიერების შეგრძნების ამოწოვა შეუძლიათ.
"სწორედ ასე გრძნობს თავს ბევრი ის ადამიანი, ვისაც კლინიკური დეპრესია აქვს", — აღნიშნავს სკარლეტი.
დემენტორების მსგავსად, დეპრესიასაც ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება წააწყდეს, იმის მიუხედავად, ცხოვრებაში რა აქვს.
"ჰარის მსგავსად, ადამიანები, ვისაც წარსულში ტრავმული გამოცდილება ჰქონდა, მაგალითად, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ჩაგვრა ან მარტოობა, დემენტორების, ანუ დეპრესიის წინაშე ყველაზე დაუცველები არიან", — აგრძელებს სკარლეტი, — "თუმცა, პატრონუსის შელოცვა — საყვარელ ადამიანებთან და მოგონებებთან დაკავშირება — დეპრესიის გავლენასაც ასუსტებს და მას უფრო მართვადს ხდის".
6. დახმარების თხოვნა სირცხვილი არაა
სერიის განმავლობაში ვხედავთ, რომ ჰარი თავდაპირველად ყოველთვის დამოუკიდებლად მოქმედებას ამჯობინებს და დახმარების თხოვნას გვერდს უვლის — ეს ბევრჯერ მტკიცდება, რომ არასწორია, მიუხედავად იმისა, რომ ჰარის განზრახვა თავისი საყვარელი ადამიანებისთვის საფრთხის აცილებაა.
თუმცა, მოგვიანებით, როცა იგი სამი ჯადოქრის ტურნირში ერთვება და მერე ჰორკრუქსების ძებნასაც იწყებს, ხვდება, რომ ყველა ბრძოლაში მარტო არ უნდა იყოს. ზოგჯერ მაინც გჭირდება, ვიღაცის ხელს ჩაეჭიდო, რათა მიზნებისკენ სვლა განაგრძო და ამაში არაფერია სამარცხვინო. შეიძლება ვიღაც ამ დროს სუსტად გრძნობდეს თავს, თუმცა, დახმარების თხოვნა მაშინ, როცა ეს გჭირდება, ჭკვიანური ნაბიჯია. ჰარი ხომ მეგობრების, განსაკუთრებით კი რონისა და ჰერმიონის, დახმარების გარეშე ბნელ ბატონს ვერ დაამარცხებდა.
7. არასდროს მისცე სხვებს შენი დამცირების უფლება
სტერეოტიპები, დისკრიმინაცია და სტიგმა ჰარი პოტერის სერიაში ფართოდ გაშლილი თემებია. თავიდანვე, დერსლები ჰარის მაგიურ შესაძლებლობებს "შეშლილობად" მიიჩნევენ. თუმცა, სტერეოტიპებს ჯადოქრების სამყაროშიც ვაწყდებით. ჰერმიონს მალფოი და სხვა სლიზერინელები მისი მაგლური წარმომავლობის გამო ჩაგრავენ. პროფესორ ლუპინს კი თავისი პოზიციის დატოვება იმის გამო უწევს, რომ მაქციაა. სერია გვასწავლის, რომ სხვების მიმართ მეტი ემპათია და მიმღებლობა გამოვიჩინოთ და სოციალური სტატუსები ადამიანების განსაზღვრისთვის არ გამოვიყენოთ. მაგლების ოჯახიდან გამოსული ჰერმიონი ხომ თავისი დროის საუკეთესო ჯადოქრად იქცა — ეს საზოგადოებრივი სტიგმის დამარცხების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.
8. საკუთარი თავის სიყვარული მნიშვნელოვანია
იმის მიუხედავად, მაგლი ხარ თუ მაგი, ბედნიერებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავის სიყვარულია. ეს კი პირველ რიგში საკუთარი თავის მიღებაა — ისე, რომ მისი შესაძლებლობები და სხვა ნიშან-თვისებები ცნო. ამასთან, საკუთარი თავის პრიორიტეტად ქცევის გამო დანაშაულის შეგრძნება არ გაგიჩნდეს.
აზკაბანის ტყვეში ჰერმიონი დროის მდევარს იყენებს, რათა რამდენიმე გაკვეთილზე დასწრება შეძლოს. საბოლოოდ, იგი ხვდება, რომ ეს მასზე ცუდად მოქმედებს, ამიტომ ჯადოსნური ნივთის გამოყენებას თავს ანებებს.
საკუთარი თავის მიღების სწავლა ლუნასა და დობისგანაც შეიძლება. სხვა სტუდენტები ლუნას უცნაურად მიიჩნევენ და ზედმეტსახელად სულელუნაც კი შეარქვეს, თუმცა, იგი არავის აძლევს უფლებას, მისი პიროვნება შეცვალოს; საკუთარი თავის გამოხატვას სხვადასხვა გზით განაგრძობს.
სულ სხვა ისტორია აქვს დობის, რომელიც მაფლოის ოჯახში ყოფნისას საკუთარი თავის დასჯასა და თვითგვემას იყო მიჩვეული. მოგვიანებით, ჰარისნაირ ადამიანებთან ურთიერთობისას, ელფმა თავისი თავისთვის რაღაცების პატიება ისწავლა, საბოლოოდ კი, საკუთარი თავი მიიღო და დაიწყო იმის კეთება, რაც ყველაზე მეტად მოსწონდა — წინდების ქსოვა.
9. მწუხარება გარდაუვალია
საყვარელი ადამიანის დაკარგვა და სხვა ტრავმული გამოცდილება ყოველთვის რთულად გასამკლავებელია. ჰარიმ ხომ თავისი მშობლები მაშინ დაკარგა, როცა ჩვილი იყო. მოგვიანებით დაკარგა თავისი ნათლიაც, დამბლდორიც, ფრედი, დობი, ლუპინი, ჰედვიგი... ყოველ ჯერზე ეს ტკივილი არანაკლები სიმძაფრით მეორდებოდა. თუმცა, ჰარიმ სწორედ ყოველ შემდეგ ჯერზე ისწავლა მასთან გამკლავება, მასთან ერთად ცხოვრება და ბრძოლა.
"მწუხარება სამყაროს ზოგჯერ სხვა კუთხით გვანახებს — მაგალითად, თესტრალების დანახვის უნარს გვაძლევს", — ამბობს სკარლეტი, — "წარსულის ტრავმა ჩვენზე მეტაფორულ ნაიარევს ტოვებს, ჰარის შემთხვევაში — ფიზიკურსაც — რომელიც თავს პერიოდულად გვახსენებს. შეიძლება სხვები ჩვენი ნაიარევის ტკივილს ვერ იგებდნენ, თუმცა, მათი გამოჩენილი სიკეთე ჩვენდამი მაინც დიდი დახმარებაა. ჰარისთვის ხომ დამბლდორთან და თავის მეგობრებთან ურთიერთობა ნუგეში იყო".
სწორედ ამიტომ, სერია იმასაც გვასწავლის, რომ მარტო არ ვართ. ვიგებთ, რომ გამოგონილი პერსონაჟებიც იმ პრობლემების წინაშე დგანან, რომლებიც ჩვენ გვაქვს. როგორც დამბლდორი ამბობს, გაგება [პრობლემის] მიღების პირველი ნაბიჯია, გადაჭრა კი მხოლოდ მიღებით შეიძლება.
10. სიყვარული კეთილდღეობის წყაროა
სერიის განმავლობაში ბევრგან მტკიცდება, რომ მაგიის ყველაზე ძლიერი წყარო სიყვარულია. დედის სიყვარულმა ჰარი სასიკვდილო წყევლისგან დაიცვა. სნეიპის ლილისადმი სიყვარულმა კი მას რაღაცების გადაფასებისკენ უბიძგა. რონის, ჰერმიონისა და ჰარის ერთურთისადმი სიყვარულმა ისინი ყველაზე რთულ პერიოდში გადაარჩინა. მსგავსი ეფექტი აქვს ამ გრძნობას არაჯადოქრულ სამყაროშიც.
"საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება სხეულში ოქსიტოცინის ჰორმონს თავისუფლებს, რომელიც ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ კეთილდღეობაზე აისახება. მისი საშუალებით თავს ნაკლებად ვგრძნობთ დათრგუნულად და მშფოთვარედ, მეტად გვსურს ოჯახისა და მეგობრების დახმარება".
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
ნახეთ ჩვენი ყველა მასალა ჰარი პოტერზე.
კომენტარები