როგორ დავიწყოთ დიეტა ორშაბათიდან, ოღონდ მართლა — 10 რჩევა
იდეალური სხეული, სტანდარტული წონა, სასურველი სამოსი — ეს ის ინდიკატორებია, რომლებსაც ხშირად გვიმეორებენ და გვაჩვევენ. საკუთარი სხეულის მიღების პროცესში კი, მთავარი ის უნდა იყოს, რა მოგვწონს რეალურად და არა ის, რასაც სამყარო ჩვენგან "მოითხოვს". ამის გაცნობიერების შემდეგ კი, თუ ისევ ფიქრობ, რომ დიეტა გჭირდება, რათა უფრო კომფორტულად იგრძნო თავი, მაშინ მისაღებია, რომ კვებისა და ცხოვრების წესის შეცვლაზე იფიქრო, თუმცა ყოველთვის უმჯობესია, რომ ეს ყველაფერი პროფესიონალთან კონსულტაციისა და მეთვალყურეობის პირობებში მოხდეს.
ნაცნობებისგან დიეტის ათასნაირი სახეობის შესახებ მოისმენ და მზამზარეულ რეცეპტებსაც ყველგან მარტივად გადააწყდები, თუმცა ხშირად სასურველ შედეგს მაინც ვერ ვაღწევთ. ეს იმის ბრალია, რომ უნივერსალური მიდგომები არ არსებობს, ცნობილი და გავრცელებული დიეტები ხშირად საზიანოც კია და საპირისპირო შედეგებსაც იძლევა. ამის გამო მუდმივად დიეტის დაწყება, დარღვევა და ისევ თავიდან დაწყების სურვილი — დაუძლეველ მანკიერ წრედ იქცევა ხოლმე.
ამიტომ ყოველთვის ჯობია, რომ საკუთარ სხეულს მოვუსმინოთ. იქნებ საერთოდ არ გვჭირდება დიეტა და შეგვიძლია, საკუთარი თავები ზუსტად ისეთები შევიყვაროთ, როგორებიც ვართ? მაგრამ ხანდახან სხვადასხვა საჭიროების გამო ვხვდებით, რომ ჩვენი ცხოვრების წესში, თუნდაც დღიურ რაციონში, ცვლილებები გვჭირდება. ასეთ დროსაც უმჯობესია, მზამზარეული ფორმულებით არ ვიხელმძღვანელოთ და მეტისმეტად არარეალურ მიზნებს არ შევეჭიდოთ, რომლებმაც საპირისპირო შედეგი შეიძლება მოგვიტანონ.
ყველასთვის ნაცნობია ფრაზა: "ორშაბათიდან ვიწყებ!" რატომ ვერ დგება ის ნანატრი ორშაბათი? ან თუ დგება, ისევ შემდეგ ორშაბათს რატომ ველით? ჩემი პასუხი ისაა, რომ უმეტესად დიეტის პროცესი გააზრებული არ გვაქვს, არასწორად ვაფასებთ და ზედმეტად დიდ მოლოდინები გვაქვს, რაც იმედგაცრუებით სრულდება. მართალია, ამ სფეროს პროფესიონალი არ ვარ, თუმცა სტატიაში პირადი გამოცდილების საფუძველზე 10 რჩევას შემოგთავაზებ, რომლებიც დაგეხმარება, რომ დიეტასა და მასთან დაკავშირებულ პროცესებს სხვა თვალითაც შეხედო და ცხოვრების წესის შეცვლა შეძლო.
1. კვების რაციონი ეტაპობრივად შეცვალე
თუ თვეების განმავლობაში საყვარელ საკვებზე უარს არ ამბობდი, ან თუ საახალწლო სუფრის შემდეგ გადაწყვიტე მკაცრი დიეტის დაწყება, არ არის გასაკვირი, რომ ამას მარტივად ვერ შეძლებ. ასეთი უეცარი ცვლილება მენტალურადაც მძიმე მდგომარეობაში ჩაგაგდებს, რომ არაფერი ვთქვათ იმ სტრესზე, რომელსაც სხეული რადიკალურად შემცირებული საკვების რაოდენობის გამო განიცდის.
თუ მართლა გსურს, რომ დიეტის დაცვა შეძლო და 3-დღიანი "შიმშილის" შემდეგ ისევ ცხოვრების ძველ წესს არ დაუბრუნდე, მაშინ კვების რაციონი ეტაპობრივად უნდა შეცვალო და მომთმენი უნდა იყო. ეს კი იმას გულისხმობს, რომ ყველა საკვები ერთბაშად არ უნდა ამოვიღოთ დღიური რაციონიდან, არამედ ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ დაბალანსებულ ჯანსაღ კვებაზე. ასე ორგანიზმს ცვლილების გაანალიზებისა და მასთან შეჩვევის საშუალებას მისცემ, რაც შედეგზეც აისახება.
2. ხშირად ნუ აიწონები
როცა იმ ბარიერების გადალახვას შევძლებთ, რომლებიც დიეტის დაწყებაში ხელს გვიშლიდა, ბუნებრივია, რომ შედეგის დანახვა გვსურს, რადგან ბევრ რამეზე უარს ვამბობთ. თუმცა ყოველდღიურად სასწორზე რიცხვების შემოწმება რეალობას ვერ ასახავს, რადგან წონა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული და არის შემთხვევები, როცა 24-საათიანი შუალედი არასწორ წარმოდგენას გვიქმნის.
შესაძლებელია, რომ ყოველდღიური აწონისას სკალაზე რიცხვები არ იცვლებოდეს, ან სულ სხვა მიზეზის გამო რამდენიმე გრამით მეტს იწონიდე, ვიდრე წინა დღეს, ეს კი ბევრი ადამიანის მოტივაციაზე უარყოფითად მოქმედებს. საკუთარ სხეულზე დაკვირვება საუკეთესო ინდიკატორია იმის გასაგებად, ვაღწევთ თუ არა დასახულ მიზანს, ხოლო რიცხვებით ამის გადამოწმება კვირაში ერთხელ ან თუ უფრო მომთმენი ხარ — თვეში ერთხელ, უფრო ზუსტ სურათს მოგცემს.
3. დაიწყე დიეტა და არა შიმშილი
ხშირად ფიქრობენ, რომ რაც უფრო ნაკლებს ჭამ, შედეგსაც უფრო სწრაფად მიაღწევ. ეს კი ასე არ ხდება, რადგან ჯანსაღად კვება არ მოითხოვს იმას, რომ ცოტა რაოდენობით საკვები მიიღო. არც შიმშილის რეჟიმია იმის ინდიკატორი, რომ თავს შესანიშნავად ართმევ დიეტას, რადგან ეს განწყობაზეც მოქმედებს და არ არის გამორიცხული ისე გაღიზიანდე, ბოლოს საყვარელ რესტორანში ამოყო თავი. დიეტა არ მოითხოვს, რომ თავს დანაყრების საშუალება არ მისცე და მუდმივ შიმშილს განიცდიდე. პირიქით, ჯანსაღი კვების ფარგლებში შედგენილი დიეტური გეგმა საჭირო რაოდენობისა და სახეობის საკვებს გთავაზობს, რომელზეც უარი არ უნდა თქვა, შედეგად კი შიმშილისა და დაუკმაყოფილებლობის განცდა ნელ-ნელა დაიკლებს.
4. წინასწარ შეადგინე დღის კვების გეგმა
როცა წინასწარ ვიცით, თუ რა უნდა მივირთვათ დღის განმავლობაში, ამ ფაქტს ფსიქოლოგიურ დონეზეც ვეგუებით და საკვებსაც წინასწარ ვიმარაგებთ. თუ გაწერილი გეგმა გვექნება, ეს იმის შანსს შეამცირებს, რომ ვახშმის დაგეგმვაში დიეტის დროს დათრგუნული სურვილები ერთბაშად ამოგვიტივტივდეს და საღამოს არაჯანსაღი პროდუქტები მივირთვათ. მართალია, ამის ცდუნება ყოველთვის არსებობს, თუმცა წინასწარ მომზადებული საკვები და მეტიც, სათადარიგო ჯანსაღი საკვები, ნაკლებ ადგილს ტოვებს ფიქრისთვის და მაცივარში "აკრძალული ხილისთვის". თუ დღის კვების რაციონს წინასწარ დაგეგმავ ხოლმე, ეს მალე ჩვევადაც გექცევა, რაც სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარება.
5. ნუ დაუჯერებ არარეალურ რეკლამებს
თუ წონის ცვლილება ჩვენი მიზანია, სწორ კვებასთან ერთად, ვარჯიშიც დაგვეხმარება. როცა ვარჯიშის შესახებ ინფორმაციის მოძიებას და სასურველი ვიდეოების პოვნას ვცდილობთ, თითქმის ყველა ინსტრუქტორი გვარწმუნებს და გვპირდება, რომ მისი შექმნილი პროგრამა ორ კვირაში მუცლის პრესს დაგვიყენებს. ეს წინადადება ძალიან მაცდურად ჟღერს, ან ცდას რა უდგას წინ, მაგრამ სჯობს, რეალობა უფრო რაციონალურად შევაფასოთ, სანამ ორ კვირაში სასურველი სხეულის ფორმების მიღებას დაველოდებით.
სხეულის ფორმირებას დრო სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მანამდე აქტიური ცხოვრება შენგან შორს იყო. არც სპორტულ დარბაზში ერთთვიანი ვარჯიშით მიიღწევა ის შედეგი, რომელიც დიდხანს შენარჩუნდება. სასურველი ფორმების მიღწევა უფრო გრძელვადიან მუშაობას მოითხოვს და თუ თავად პროცესს სასიამოვნო გამოცდილებად აქცევ და არა იძულებად, დღიური რუტინა აღარც აუტანელი იქნება.
6. სთხოვე ახლობლებს, რომ მხარი დაგიჭირონ
გარშემომყოფების დამოკიდებულება ჩვენზე მაშინაც დიდ გავლენას ახდენს, როცა ახალი ცხოვრების სტილის მორგებას ვცდილობთ. "ერთი ნაჭერი ნამცხვარი არაფერს დაგიშავებს", "ერთხელ დაარღვიე და ხვალ ორმაგად ივარჯიშე" — ასეთი ფრაზები ჩვენს მოტივაციაზე უარყოფით გავლენას ახდენს, იმის მიუხედავად, თუ მათ ავტორს ცუდი განზრახვა არ ჰქონია. როცა სწორი კვება და ვარჯიში ცხოვრების წესად გინდა აქციო, ამაში ახლობლებიც დიდ როლს თამაშობენ და მათი დახმარება საჭიროა. აუხსენი ასეთ ადამიანებს, რომ წონის ცვლილების პროცესი საკმაოდ სტრესული გამოცდილებაა და ცდუნების ნაცვლად, შენს მოტივირებას უნდა ცდილობდნენ. ადამიანები, რომლებსაც შენი დახმარების სურვილი მართლაც აქვთ, ამას სწორად გაიგებენ და ხელსაც შეგიწყობენ.
7. დაისახე რეალური მიზნები
ხშირად წონის ცვლილების სურვილი იმდენად დიდია, რომ რეალობის აღქმა გვიჭირს და ისეთ პირობებს ვდებთ, რომლებიც შესრულების შემთხვევაშიც კი ვერ მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე. გააჩნია საწყის მდგომარეობას, მაგრამ ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად რომ შეასრულო, მაინც დიდი შანსია, რომ შენთვის იდეალურ შედეგს ერთკვირიანი დიეტით ან სამკვირიანი ვარჯიშით ვერ მიაღწიო.
არ ის არის სწორი, რომ ყველა საყვარელ კერძზე ან საჭიროების შემთხვევაში ერთ ჭიქა ღვინოზე კატეგორიულად თქვა უარი. შესაძლებელია, მომენტალურ ცდუნებას გაუძლო, მაგრამ ამ დათრგუნულმა სურვილებმა საბოლოოდ უარესი გადაწყვეტილებები მიგაღებინოს. ამიტომ სწორად შეაფასე შენი ამჟამინდელი წონა, შესაძლებლობები, სასურველი შედეგი და გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც, რათა სურათი უფრო რეალური გახდეს და როცა მოგვიანებით პროცესს შეაფასებ, სამომავლოდ მოტივაცია არ დაკარგო.
8. თავიდანვე რთულ ვარჯიშებს არ შეეჭიდო
ფიზიკური აქტივობის დაწყება გრძელი და შრომატევადი პროცესია, რომელსაც საკუთარი წესები აქვს. როგორც სხვა რამის დასწავლას ეტაპობრივად ვცდილობთ, ასევე ხდება ვარჯიშის შემთხვევაშიც. ძალიანაც რომ მოვინდომოთ, პირველივე დღეს რთული ვარჯიშების გაკეთებას ვერ შევძლებთ და თავს თუ ძალიან დავაძალებთ, რამდენიმე დღე სხეულის აუტანელი ტკივილიც არ დააყოვნებს. ასე რომ, არ შეშინდე და თავი არ დაითრგუნო, თუ ვარჯიშის პირველ კვირაში ზუსტად ვერ მიჰყვები ინსტრუქტორის მოძრაობებს. უკეთესი იქნება, მარტივი ვარჯიშებით დაიწყო და როცა სხეული თავად მოგცემთ ამის საშუალებას, შემდეგ გაართულო.
9. წარუმატებლობაც გაკვეთილია
შეცდომა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რაც ცალსახად უარყოფითი მოვლენა საერთოდაც არ არის. შეცდომები იმის დანახვისა და გაანალიზების შესაძლებლობას გვაძლევს, რაც თავიდან ჩვენთვის ცხადი არ იყო და იგივე ხდება, როცა დიეტის დაწყებას გადავწყვეტთ. ალბათ, არც გარშემომყოფები ელიან და არც თავად უნდა ფიქრობდე, რომ წონის ცვლილების პროცესი უშეცდომოდ ჩაივლის, ყოველთვის შეძლებ არასასურველი საკვებისგან თავი შეიკავო და გაუთვალისწინებელი მოვლენები არ მოხდება. ზუსტადაც მოხდება და ეს მოულოდნელი არ უნდა იყოს. თუ წინასწარ დაუშვებ, რომ დიეტის დარღვევა ერთხელ მაინც მოგიწევს, როცა ეს რეალობა დადგება, ტრაგედიად არ აღიქვამ და ჩვეულ რეჟიმთან დაბრუნება არ გაგიჭირდება. ასე რომ, გრძელვადიანი დიეტა მხოლოდ სასურველი სამყაროს წარმოდგენას არ გულისხმობს და წარუმატებელ შემთხვევებსაც უნდა გაუწიო ანგარიში.
10. სწორ კვებას ცხოვრების დროებით ეპიზოდად ნუ აქცევ
ჩვევის შეცვლას და მის ნაცვლად ახლის დამკვიდრებას ძალიან დიდი დრო, შრომა, ენერგია და რესურსი სჭირდება. რა თქმა უნდა, ამის უკან დიდი მოტივაციაც დგას, რომელიც დანებების ყველა შემოტევას წარმატებით უმკლავდება, თუმცა როგორც კი სასურველ შედეგს ვაღწევთ, ის ხმა, რომელიც სწორი გადაწყვეტილებებისკენ გვიბიძგებდა, თანდათან ჩუმდება. ზოგიერთი მიღწეული მიზანი ჩვენგან მეტ ძალისხმევას აღარ მოითხოვს და მისი შენარჩუნება მარტივად შეგვიძლია, თუმცა როცა საქმე წონის ცვლილებასა და ჯანსაღ კვებას ეხება, ყველაფერი უფრო რთულადაა.
სწორი კვება თუ მხოლოდ დროებით ვაქციეთ ჩვენი ცხოვრების წესად, მისი შედეგიც დროებითი იქნება, ხოლო წლების მატებასთან ერთად, ჩვენი სხეული იმ არასასურველ მდგომარეობას დაუბრუნდება, რომლიდანაც ყველაფერი დაიწყო. ასე რომ, როცა გადაწყვეტ, დიეტა, ვარჯიში და სხვა აქტივობები ყოველდღიურობაში დაამკვიდრო, სასურველია, უკვე გაცნობიერებული გქონდეს, რომ ეს დროებითი გატაცება არ არის, არამედ შენგან სრულიად ახალი ჩვევების გამომუშავებას მოითხოვს, თუ გინდა, რომ შრომას აზრი ჰქონდეს.
კომენტარები