68 წლის ფატმა და 72 წლის ტუკაზბანი, ბებიას ხალიჩების ქსოვაში ბავშვობიდან ეხმარებოდნენ. დებმა მთელი ცხოვრება ქვემო ქართლის სოფელ ქოსალარში გაატარეს.

ფატმა კაჯაროვა

ფოტო: Tata Shoshiashvili/OC Media

ტუკაზბანი და ფატმა კაჯაროვები

ფოტო: Tata Shoshiashvili/OC Media

ტუკაზბან კაჯაროვა

ფოტო: Tata Shoshiashvili/OC Media

ბორჩალოს ხალიჩები, რომლებსაც ისინი ქსოვენ, მხოლოდ ქოსალარსა და მეზობელი კახეთის სოფელ იორმუღანლოში მზადდება — ამ ტრადიციას რამდენიმე ათეული ქალიღა აგრძელებს.

"6 წლის ვიყავი, როცა ბებიას პირველად დავეხმარე [ხალიჩების ქსოვაში]", — უთხრა ფატმამ OC Media-ს.

ხალიჩების ხელით ქსოვა ძალიან ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. საშუალო ხალიჩაზე მუშაობას მინიმუმ ორი ქალი ერთიდან ორ თვემდე ანდომებს — სამუშაოს რთული ბუნება ნიშნავს, რომ ეს ტრადიცია თითქმის მხოლოდ მოხუცების ხელშია დარჩენილი.

"ჩვენს სოფელში ძალიან ცოტა ქალი შემორჩა, ვინც ხალიჩებს ქსოვს და ძალიან იშვიათია, რომ ახალგაზრდა თაობიდან ვინმემ დასაწყისიდან ბოლომდე შეძლოს ხალიჩის დამზადება", — თქვა ფატმამ.

საქართველოში ბორჩალოს ხალიჩებს მრავალსაუკუნიანი ისტორია აქვს. ისინი უნიკალური სიმბოლოებითაა მორთული, რათა ხშირად ისეთი აბსტრაქტული ცნებები გამოხატოს, როგორიცაა ოჯახის გაძლიერება, მისი დაცვა, მათ შორის, მიგრაციაც.

ფატმა კაჯაროვა ზედმეტ ძაფებს ჭრის

ფოტო: Tata Shoshiashvili/OC Media

ტუკაზბანის თქმით, ქოსალარში შვიდიდან რვა ოჯახამდეა დარჩენილი, სადაც ქალები ხალიჩების დამზადებით არიან დაკავებულები — თუმცა ზოგიერთისთვის ეს არა არჩევანი, არამედ აუცილებლობაა.

"ყველას ჰყავს პირუტყვი, ხალხი საკუთარ ხილსა და ბოსტნეულს ამუშავებს, მაგრამ წყალი ხშირად მიუწვდომელია, ამიტომ ხილი და ბოსტნეული გასაყიდად ვერ მოგვყავს. სამუშაოს ნაკლებობის გამო, ზოგიერთი ქალი ხალიჩის ქსოვითაა დაკავებული, რათა ოჯახები არჩინონ", — თქვა ფატმამ.

სამწუხაროდ, პანდემიამ ხალიჩების ქსოვასაც დააზარალა და ფატმას თქმით, მათი შეკვეთების რაოდენობა განახევრდა.

"თუ აქამდე წელიწადში 10 ხალიჩას ვქსოვდით, ახლა ეს რიცხვი მაქსიმუმ 5-მდე შემცირდა", — დაიტირა მან.

წინა წლებში ბორჩალოს ხალიჩების ქსოვის პროცესის ყველაზე დიდ სირთულეებს შორის ნართის შეღებვა შედიოდა, თუმცა ახლა წინასწარ შეღებილი ნართი ირანიდან შემოდის.

მცენარეები, რომლებიც ხალიჩის შესაღებად გამოიყენება

ფოტო: Tata Shoshiashvili/OC Media

ხალიჩების ძაფის დამუშავება

ფოტო: Tata Shoshiashvili/OC Media

ტუკაზბანი და ფატმა იმ ათიოდე ქალს შორის არიან, რომლებიც სოციალურ საწარმოში, reWoven-ში მუშაობენ — ის რაიან სმიტმა დაარსა. სმიტი და მისი ცოლი საქართველოში 2011 წელს ჩამოვიდნენ და ამ ტრადიციის აღდგენის მიზნით ორგანიზაცია დააფუძნეს.

2018 წელს ტრაგედია მოხდა — წყვილი და მათი 4 წლის შვილი მოკლეს. მსჯავრდებული მწყემსი, მალხაზ კობაური ამ მკვლელობებისთვის ახლა სამუდამო პატიმრობას იხდის.

საქართველოში დაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, სოლიდარობის მუზეუმმა, რომელიც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების კულტურის შენარჩუნებას უწყობს ხელს, 2020 წელს კამპანია წამოიწყო, რათა მთავრობას ხალიჩები არამატერიალურ კულტურის ძეგლად ეღიარებინა.

"ჩვენ გვინდა, რომ ბორჩალოს ხალიჩებს ეს სტატუსი მიენიჭოს, რათა კულტურა, რომელსაც საქართველოში ეთნიკური უმცირესობები ქმნიან, საქართველოს კულტურის მემკვიდრეობად იყოს აღიარებული", — უთხრა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ელნურმ ალისოიმ OC Media-ს.

საქართველოს მოქალაქეები, ხაზგასმით აღნიშნა ალისოიმ, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა თუ რელიგიური მრწამსისა — საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემი ძირითადად მუსლიმია — ქვეყნის სამოქალაქო იდენტობისა და კულტურის განუყოფელი ნაწილები არიან.

ყოველი ხალიჩა ერთ იდეას ეძღვნება, მაგალითად, როგორიცაა ოჯახის გაძლიერება

ფოტო: Tata Shoshiashvili/OC Media

ფოტო: Tata Shoshiashvili/OC Media

ფოტო: Tata Shoshiashvili/OC Media

მან, ასევე, განმარტა, რომ ბორჩალოს ხალიჩების დამზადების შენარჩუნების პროექტების განხორციელება ბევრად გამარტივდება, თუ ეს ხალიჩები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად ოფიციალურად იქნება აღიარებული.

"ჩვენ გვინდა, რომ ბორჩალოს ხალიჩები ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და სხვა ქალაქების მუზეუმებში გამოფინონ", — თქვა მან.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.