10 საინტერესო ფაქტი ბინდის საგის ავტორ სტეფანი მეიერზე
ალბათ გადაჭარბებული არ ვიქნები შეფასებაში, თუკი ვიტყვი, რომ თანამედროვეობის YA ჟანრის (მოზარდებისთვის განკუთვნილი ლიტერატურა) ერთ-ერთი ფუძემდებელი სტეფანი მეიერია. ამერიკელი მწერალი, რომელმაც ბინდის საგა შექმნა, დღემდე მიიჩნევა გავლენიან ფიგურად ლიტერატურულ წრეებში. წიგნების სერიამ მისი გამოცემისშემდგომი ფენტეზის და სასიყვარულო ჟანრის ტენდენციები განსაზღვრა, საგა კი მილიონობით მკითხველისათვის დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ისტორიად.
1. სტეფანის ინგლისურ ლიტერატურას სწავლობდა, მაგრამ იურისტობასაც აპირებდა
მომავალი მწერალი თავის მიერ მოპოვებული დაფინანსებით სწავლობდა ბრიგემ იანგის უნივერსიტეტში. 1997 წელს მან ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა, თუმცა, ამავე წელს პირველი შვილი ეყოლა და, როგორც აღნიშნავს, მაშინ "მხოლოდ მისი დედობა სურდა". თუმცა, სანამ შვილი ეყოლებოდა, სტეფანი იურიდიული განათლების მიღებასაც აპირებდა, რადგან ფიქრობდა, რომ მწერლობას ვერასდროს შეძლებდა.
2. მეიერის სიყვარულის ისტორიაც ბინდისავით რომანტიკულია
ბელას მსგავსად, სტეფანის სიყვარულის ისტორიაც ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო — მეტიც, თავის მომავალ ქმარს, ქრისტიან "პანჩო" მეიერს, მწერალი მაშინ შეხვდა, როცა მხოლოდ ოთხი წლის იყო. დიდი ხნის შემდეგ, 1994 წელს, როცა მეიერი 21 წლის იყო, მან უკვე პანჩოზე იქორწინა და ისინი დღემდე ერთად ცხოვრობენ. როგორც მეიერი აღნიშნავს, წიგნებზე მუშაობის პროცესში ქმარი ხელს უწყობდა და თითქმის ყველა საოჯახო საქმეს საკუთარ თავზე იღებდა; ხოლო როცა ბინდი გამოიცა და წიგნს გაუგონარი წარმატება ხვდა წილად, ქრისტიანმა თავის სამსახურსაც კი დაანება თავი, რათა ბავშვებისთვის მიეხედა, სანამ სტეფანი საგაზე მუშაობდა.
3. მწერალს ბინდის შექმნა სიზმარმა გადააწყვეტინა
მწერლებისა და სხვა შემოქმედებისათვის სიზმრებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ბევრი ხელოვანისთვის ეს შთაგონების ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა, თუმცა, მაშინ, როცა ბინდის დაწერის იდეა გაუჩნდა, სტეფანი შთაგონებას სულაც არ დაეძებდა. მწერალს ზუსტად ახსოვს თარიღი, როდესაც სიზმარი ნახა, რადგან მაშინ დიეტის და ცურვის გაკვეთილების დაწყებას აპირებდა — 2003 წლის 2 ივნისს სტეფანის გამოეღვიძა და მიხვდა, რომ ძილში ნანახი ფურცელზე უნდა გადმოეტანა. ასეთი სიზმარი კი მანამდე არასდროს ჰქონია: მზიან მდელოზე შეყვარებული წყვილი იწვა, ბიჭი ვამპირი იყო, გოგო კი — ადამიანი. მაშინ დაწერილი ტექსტი, სადაც პერსონაჟებს ჯერ სახელებიც კი არ ჰქონდათ, საბოლოოდ, ბინდის მე-13 თავი გახდა.
4. წიგნის გამოცემაზე მეიერს უარი 9-ჯერ უთხრეს
სხვა ბევრი წარმატებული ავტორის მსგავსად, "კონკიას ისტორია" აქვს მეიერის სადებიუტო წიგნის გამოცემასაც. წერის დასრულების შემდეგ, მეიერი სულაც არ ფიქრობდა წიგნის გამოქვეყნებაზე, თუმცა, მწერლის დამ დაიჟინა, რომ ტექსტი ლიტერატურული აგენტებისა და გამომცემლებისთვის გაეგზავნა. 15 ადრესატიდან მეიერის შეთავაზება ხუთმა უპასუხოდ დატოვა, ცხრამ კი გადაჭრით უთხრა უარი; მხოლოდ ერთი, მოგვიანებით "ნინძა-აგენტად" წოდებული ჯოდი რიმერი დაინტერესდა ბინდით და სტეფანიმ მალევე მიიღო ტრილოგიის $750-ათასიანი შეთავაზება ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული გამომცემლობიდან.
5. მუსიკა მისთვის შთაგონების კიდევ ერთი წყაროა
ბინდის ფილმებზე მაყურებლების აზრი შეიძლება იყოფოდეს, მაგრამ თითქმის ყველა თანხმდება, რომ საგას შეუდარებელი საუნდტრეკი აქვს. იმის მიუხედავად, რომ ფილმებისთვის სიმღერების შერჩევაში მეიერი აქტიურად ჩართული არ ყოფილა, მწერლისთვის მუსიკა შთაგონების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. სტეფანის Spotify-ზე თავისი ყველა წიგნისთვის ფლეილისტიც კი აქვს შექმნილი. მისი თქმით, ბინდის წერის პროცესში განსაკუთრებით შთააგონებდა ჯგუფი Muse, რომლის რამდენიმე სიმღერა ფილმების სერიაშიც მოხვდა — მათგან ყველაზე ცნობილი Supermassive Black Hole არის, რომელიც კალენების ბეისბოლის თამაშის სცენაში ისმის. გარდა ამისა, საგის ფინალური წიგნის, განთიადის, სათაურის იდეა ავტორს ასევე Muse-მა გაუჩინა.
6. სტეფანი მორმონია და მისმა შეხედულებებმა ტექსტებზეც იქონია გავლენა
იმის მიუხედავად, რომ მწერალს რწმენაზე საუბარი დიდად არ უყვარს, არაერთხელ აღუნიშნავს, რომ თავისი "წიგნები ვერასდროს იქნება შავ-ბნელი, რადგან ეს მის ხასიათში არ ჯდება". მკითხველები და კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მეიერის რელიგიურმა შეხედულებებმა ბინდზეც და მწერლის სხვა წიგნებზეც დიდი გავლენა მოახდინა. სტეფანი უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრია, მის წიგნებში ვერ შეხვდებით იმ ყველაფერს, რასაც მორმონიზმი კრძალავს: პერსონაჟები არ სვამენ, არ ეწევიან, არ მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს და არ აქვთ სექსი ქორწინებამდე. საგა კი ვამპირებზეა, მაგრამ მასში არც ძალადობის სცენებია აღწერილი. ამას გარდა, წიგნები გაჯერებულია რელიგიური ალუზიებით: ცოდვის, მარადიული ცხოვრებისა და გამოსყიდვის თემებით.
7. მეიერი პროდიუსერიც გახდა და თავისი კომპანია დააფუძნა
წერის გარდა სტეფანი პროდიუსერობითაც დაინტერესდა და 2011 წელს, მეგან ჰიბეტთან ერთად, კომპანია Fickle Fish Films დააფუძნა. ამ კომპანიის საშუალებით მეიერმა თავადვე იმუშავა ბინდის საგის ბოლო ორ ფილმზე, ასევე თავისი სხვა წიგნის, მასპინძელის, ეკრანიზაციაზე. მოგვიანებით, მწერალმა თავისი მეგობრის და კოლეგის, შენონ ჰეილის, წიგნის მიხედვით გადაიღო ფილმი ოსტინლენდი. 2018 წელს კი ლუის დანკანის რომანის მიხედვით Down a Dark Hall შექმნეს.
8. მწერალს კიდევ არაერთი წიგნი აქვს დასამთავრებელი
მეიერის ფანებს კარგად მოეხსენებათ, რომ რკინის ნერვები უნდა ჰქონდეთ. გაგიკვირდებათ და მწერალმა 500-გვერდიანი ბინდი სულ რაღაც სამ თვეში დაწერა, მაგრამ უკვე ათწლეულზე მეტია, რაც მკითხველები რომანის მასპინძელი გაგრძელებას ელოდებიან. თუმცა, არასდროს ვიცით, როდის გაგვახარებს სტეფანი მოულოდნელი ამბით — ბინდის საგის მეხუთე ნაწილად მიჩნეული შუაღამის მზე, რომლის წერაც მან 2008 წელს, ინტერნეტში უკანონოდ გავრცელებული ნაწყვეტის გამო შეწყვიტა, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ 2020 წელს გამოიცა. ამავე წელს მწერალმა აღნიშნა, რომ ბინდის სამყაროში კიდევ ორი წიგნის შექმნაზე ფიქრობს, თუმცა, მანამდე სურს ახალ ისტორიებზე მუშაობით დაკავდეს.
9. მეიერი არაერთხელ გახვეულა კრიტიკის ქარცეცხლში
გასაკვირი არაა, რომ ბინდის ავტორი ბევრჯერ გაუკრიტიკებიათ. მას ადანაშაულებდნენ "მწერლური ნიჭის არქონაში", "ქალის როლის დაკნინებაში" და რასიზმშიც კი. კრიტიკა არცთუ იშვიათად იღებდა ლანძღვის ფორმას, განსაკუთრებით ინტერნეტფორუმებსა და სოციალურ ქსელებში, სადაც ვრცლად განიხილავდნენ, რატომ არის ბინდი "ყოველგვარ ლიტერატურულ ღირებულებას მოკლებული" და რატომ არის ბელა უგვანი და პასიური პერსონაჟი. სტეფანის არცერთ სოციალურ ქსელში არ აქვს ანგარიში, თუმცა, კრიტიკას არც სხვა სივრცეში გამოხმაურებია. ამის მიუხედავად, ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ბინდი მხოლოდ თავისი თავისთვის დაწერა და მკითხველთა კონკრეტული აუდიტორია მხედველობაში არ ჰყოლია.
10. ყველაფრის მიუხედავად, სტეფანი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მდიდარი თანამედროვე მწერალია
2008 წელს ჟურნალმა Time-მა მეიერი წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. მართალია, მაშინ ბინდის საგის გამოცემა უკვე დამთავრებული იყო, თუმცა, სერიის მიხედვით ფილმების გადაღება მხოლოდ იწყებოდა. ფილმების გამოსვლის შემდეგ ბინდის ფანების, თვაიჰარდების, რიგები ერთიორად გაიზარდა. საგის ფანდომმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა. წიგნების სერია 37 ენაზე ითარგმნა და 100 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა, რამაც მეიერს $125-მილიონიანი შემოსავალი მოუტანა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იგი დღემდე მიიჩნევა თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ ავტორად, რომლის ისტორია და ტექსტები ბევრი ახალბედა მწერლისთვის იქცა შთაგონების წყაროდ.
კომენტარები