კუნძულოვანი სახელმწიფო მალტა ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც კანაფის კულტივაცია და პირადი მოხმარება ლეგალური გახდა. ქვეყანაში ზრდასრულ მოქალაქეებს ამიერიდან ექნებათ უფლება, თან ატარონ არაუმეტეს შვიდი გრამი მარიხუანა და შინ მოიყვანონ არაუმეტეს ოთხი ნარგავი.

აღნიშნული გადაწყვეტილება მალტის პარლამენტმა 14 დეკემბერს მიიღო, როცა საკანონმდებლო ორგანოში 36-მა დეპუტატმა ინიციატივას მხარი დაუჭირა, 27 კი წინააღმდეგი წავიდა. ცვლილების წინააღმდეგი იყო მალტის ნაციონალისტური პარტიაც.

თუმცა, კვლავ კანონსაწინააღმდეგო ქმედებად რჩება მარიხუანის მოხმარება საჯარო სივრცეში ან ბავშვების თანდასწრებით. მსგავსი შემთხვევების აღსაკვეთად განისაზღვრა შესაბამისი ჯარიმები.

ქვეყნის თანასწორობის მინისტრის, ოუენ ბონიჩის თქმით, გადაწყვეტილება "ისტორიულია", რადგან ამიერიდან კანაფის მცირედი მოხმარების გამო ადამიანების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა არ დაიწყება, ამასთან, შეიზღუდება შავი ბაზარიც, რადგან ზრდასრულ ადამიანებს კანაფის მიღების უსაფრთხო და რეგულირებული გზა ექნებათ.

რეგულირება კი იმ ასოციაციების შექმნას გულისხმობს, რომელთაც კანაფის თესლის გავრცელების უფლება ექნებათ. მოქალაქეს მხოლოდ ერთი ასოციაციის წევრობა შეეძლება, ამდენად, გაკონტროლდება, რა რაოდენობის მარიხუანას იძენს იგი.

მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება კიდევ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, ლუქსემბურგსა და შვეიცარიაში. ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის, მაგალითად, ნიდერლანდების, კანონმდებლობა, კანაფის მოხმარებას მხოლოდ კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით იწყნარებს.

ფოტო: Jack Guez / Getty Images

მოსალოდნელია, რომ მალტის მაგალითს სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან, მას შემდეგ, რაც გაერომ გასულ წელს მარიხუანა საშიში ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალიდან ამოიღო. რეფერენდუმის საშუალებით, საკითხს 2022 წელს გადაწყვეტენ იტალიაში, მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები კი უკვე დღის წესრიგში დგას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, მექსიკაში, იამაიკაში, პორტუგალიასა და აშშ-ის რამდენიმე შტატში.

2013 წელს ურუგვაი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კანაფის პირადი მოხმარება ლეგალურად ცნო.