მეცნიერებმა 3D ბიოპრინტერით მსოფლიოში უდიდესი სტეიკი დაამზადეს
ისრაელში დაფუძნებულმა კომპანიამ MeaTech 3D სამგანზომილებიანი ბიოპრინტერის გამოყენებით მსოფლიოში უდიდესი, ლაბორატორიულ პირობებში კულტივირებული სტეიკი დაამზადა, რომელიც დაახლოებით 110 გრამს იწონის.
ინოვაციური ტექნოლოგიით შექმნილი ხორცი ცხიმოვანი და კუნთოვანი უჯრედებისგან შედგება, რომლებიც სპეციალისტებმა ცოცხალი ძროხების ორგანიზმიდან აღებული ქსოვილის ნიმუშებიდან მოიპოვეს. ისინი მათ ბიოსაღებავში შეურიეს, 3D პრინტერით "დაბეჭდეს", შემდეგ ინკუბატორში გადაიტანეს, ბოლოს კი რეალურთან მიახლოებული სტეიკი მიიღეს.
კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მიღწევა უჯრედული ბიოლოგიისა თუ ქსოვილური ინჟინერიის მიმართულებით 1 წელზე მეტხნიანი დაუღალავი შრომის შედეგი და კულმინაციაა.
"გვჯერა, რომ ამით უჯრედებზე დაფუძნებული, მაღალი ხარისხის მქონე ხორცის პროდუქტების შექმნის თვალსაზრისით, მოწინავე პოზიციაზე გადავინაცვლეთ", — ამბობს MeaTech 3D-ის აღმასრულებელი დირექტორი, შერონ ფიმა.
აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიულ პირობებში, საქონლის დახოცვის გარეშე, ხორცის დამზადებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კომპანია ცდილობს. ეს სასარგებლოა, როგორც გარემოსთვის, ასევე, ცხოველთა კეთილდღეობისა და პოტენციურად, ჩვენი ჯანმრთელობისთვისაც.
MeaTech 3D გეგმავს, რომ ზემოხსენებული სტეიკი ჩვეულებრივის ფასად გაყიდოს, თუმცა მის ბაზარზე გამოჩენას ჯერ არ უნდა ველოდოთ. თავდაპირველად, კომპანია კულტივირებული ცხიმის, როგორც ინგრედიენტის, წარმოებას აპირებს. მისი გამოშვების პროცესი, სავარაუდოდ, 2022 წელს დაიწყება.
კომენტარები