მეცნიერებმა შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ COVID-19-ს კაცები ქალებსა და ბავშვებზე მეტად ავრცელებენ.

CBS News-ის ცნობით, კოლორადოში ჩატარებული კვლევის მიზანი იყო, საშემსრულებლო ხელოვნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე კოვიდის გადაცემა შეეფასებინათ. მაშინ, როდესაც მეცნიერებმა 75 მონაწილის მიერ გამოყოფილი აეროზოლები შეაფასეს, აღმოჩნდა, რომ ზრდასრული მამაკაცები ზრდასრულ ქალებზე ან ბავშვებზე ბევრად მეტ ნაწილაკს გამოყოფდნენ.

ამისი ახსნა საკმაოდ მარტივია: როგორც წესი, ზრდასრულ კაცებს ქალებსა და ბავშვებზე დიდი ფილტვები აქვთ.

"როგორც წესი, ზრდასრულები ბავშვებზე მეტ ნაწილაკს გამოყოფენ", — განაცხადა ჯონ ვოლკინსმა, მექანიკური ინჟინერიის პროფესორმა კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტში — "კაცები, ჩვეულებრივ, მეტ ნაწილაკს გამოყოფენ, რადგან შედარებით დიდი ფილტვები აქვთ".

მან ისიც დაამატა, რომ მაღალ ხმაზე ლაპარაკი ან სიმღერა მეტ აეროზოლს ავრცელებს, რადგან ხმის გამოსაცემად გაღებული ენერგია სხეულიდან კიდევ უფრო მეტ ნაწილაკს გამოდევნის.

საერთო ჯამში გზავნილი საკმაოდ ნათელია: დახურული სივრცეები, სადაც ადამიანები საუბრობენ, მღერიან ან ხმამაღლა ყვირიან, COVID-19-ის გადაცემისათვის ყველაზე სარისკო კერებს წარმოადგენს.

CSU-ის მკვლევრებმა დაადგინეს ისიც, რომ ხმამაღლა სიმღერისას უფრო მეტი ნაწილაკი გამოიყოფა, ვიდრე უბრალოდ ხმამაღლა საუბრისას. ამას კაპელის მონაწილეობით მიმდინარე სხვა შემთხვევებიც მოწმობს.

"აეროზოლის ტესტირების ოთახში" მეცნიერებმა არაერთი ინსტრუმენტი გამოიყენეს და მომღერლები, ჩასაბერ საკრავებზე დამკვრელთა გუნდი და მსახიობები მოიწვიეს, რათა ემისია გაეზომათ. როგორც მკვლევრებმა CBS-თან საუბრისას განაცხადეს, კვლევის შემდეგი ფაზა დაადგენს, რომელი ინსტრუმენტი უფრო მეტად ავრცელებს COVID-19-ს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.