კანის კინოფესტივალზე პრემიერისა და დიდხნიანი ლოდინის შემდეგ უეს ანდერსონის ბოლო ფილმმა The French Dispatch-მა, როგორც იქნა, ჩვენამდეც მოაღწია. ვარსკვლავებით, საუცხოო ფერებით, განუმეურებელი პერსონაჟებითა და უბადლო სიმეტრიით გამორჩეული ნამუშევარი რეჟისორის სხვა ფილმებს ნამდვილად არაფრით ჩამოუვარდება. ფრანგულმა მაცნემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ უეს ანდერსონის ნებისმიერ ნამუშევარს დიდი ენთუზიაზმით უნდა ველოდოთ, რადგან იმედგაცრუებული ნამდვილად არ დავრჩებით.

თუ დიდ ეკრანზე ანდერსონისათვის დამახასიათებელი სიმეტრიული და მშვენიერი კადრებით ტკბობა ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტია, გთავაზობთ 5 მიზეზს, რომელიც დაგარწმუნებს, რომ ფრანგული მაცნეს სახით წინ ერთი სასიამოვნო თავგადასავალი გელის:

1. ერთი ფილმი რამდენიმე ისტორიას აერთიანებს

ფოტო: Searchlight Pictures

უეს ანდერსონის ახალი ფილმი ანთოლოგიური ხასიათისაა. ფრანგული მაცნეს რედაქტორის გარდაცვალების შემდეგ, გაზეთის გამოცემა უნდა შეჩერდეს, თუმცა იქამდე ბოლო ნომერი უნდა გამოვიდეს, რომელშიც რედაქტორისადმი მიძღვნილ ნეკროლოგთან ერთად რჩეული ისტორიები ხელახლა დაიბეჭდება. ფილმი ფრანგული მაცნეს მშობლიური, თუმცა გამოგონილი ქალაქის ველოტურით იწყება. ტური გვიჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა ქალაქი დროთა განმავლობაში. ამის შემდეგ კი 3 ჟურნალისტის მიერ მოთხრობილ 3 ისტორიას — ციხეში მცხოვრები ხელოვანისა და მისი მუზის ამბავს, სტუდენტური პროტესტის დროს მიმდინარე მოვლენებსა და პოლიციის მთავარი კომისარის შვილის გატაცების თავგადასავალს ვეცნობით.

2. ფილმი ვარსკვლავური შემადგენლობით გამოირჩევა

ფოტო: Searchlight Pictures

ფილმი, რომელშიც ამდენი ვარსკვლავი თამაშობს, ნამდვილად რთული საპოვნელია. ბილ მარი, ტიმოთი შალამე, ედრიენ ბროუდი, ოუენ უილსონი, ტილდა სუინტონი, ბენისიო დელ ტორო, ედვარდ ნორტონი, სირშა რონანი, ლეა სედუ, ელიზაბეთ მოსი, ფრანსის მაკდორმანდი — ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მსახიობებისა, რომელსაც ფრანგულ მაცნეში იხილავ.

3. სიმეტრიული კადრებითა და საუცხოო ფერებით ისიამოვნებ

ფოტო: Searchlight Pictures

უეს ანდერსონის ფილმების ამოცნობა სიმეტრიული კადრებითა და საუცხოო ფერებით ძალიან მარტივია. იმედს არც ფრანგული მაცნე გაგიცრუებს. საუცხოო კოსტიუმები, გარემო და შენობები დიდ ეკრანზე განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და სასიამოვნო სანახავია.

4. დახვეწილი იუმორი და სიუჟეტის მოულოდნელი განვითარება მოგნუსხავს

ფოტო: Searchlight Pictures

თითოეულ ისტორიაში ისედაც არაორდინალურ სიუჟეტს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს მისი მოულოდნელი განვითარება და დასასრული ხდის. უეს ანდერსონის საფირმო იუმორი კი სხვა ფილმებთან შედარებით, ფრანგულ მაცნეში უკეთ იგრძნობა, ამიტომ მთელი ფილმის განმავლობაში ხან გაოცებული გამომეტყველება გექნება, ხანაც ღიმილს/სიცილს ვერ შეიკავებ.

5. ფილმში საუცხოო ანიმაციითაც ისიამოვნებ

ფოტო: Searchlight Pictures

ფილმში რამდენიმე წუთი ანიმაციასაც ეთმობა, რომლის დროსაც ჩვენი საყვარელი პერსონაჟები ანიმაციურ გმირებად იქცევიან. უეს ანდერსონი საკუთარ საუცხოო სტილს არც ამ შემთხვევაში ღალატობს და მაყურებლის მოჯადოებას მარტივად ახერხებს.

თუ დიდი ხანია, უეს ანდერსონის ფილმები არ გინახავს, ფრანგული მაცნე კიდევ ერთხელ გაგახსენებს, თუ რა სასიამოვნო და მომაჯადოებელი გამოცდილებაა რეჟისორის შემოქმედებით ტკბობა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული მაცნეს პრემიერა საქართველოში უკვე შედგა და შენც შეგიძლია, ყველა კინოთეატრში დიდ ეკრანზე დატკბე ამ ზღაპრული სანახაობით.