ადამიანის ნეირონები სხვა ძუძუმწოვრებისას არ ჰგავს — მეცნიერთა გასაოცარი აღმოჩენა
ნეირონები ერთმანეთთან კომუნიკაციას ელექტრული იმპულსების მეშვეობით ამყარებენ, რომლებსაც იონური არხები წარმოქმნიან. ისინი ისეთი ქიმიური ელემენტების იონების გადაადგილებას უწყობენ ხელს, როგორიცაა კალიუმი და ნატრიუმი. ახალი კვლევის ფარგლებში, აშშ-ში მდებარე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის ნერვულ უჯრედებში ამ მემბრანული ცილების რაოდენობა შედარებით მცირეა, ვიდრე სხვა ძუძუმწოვრებისაში.
სპეციალისტებმა ცხოველთა 10 სახეობის წარმომადგენლის ტვინის ქსოვილი შეისწავლეს — მცირე ზომით გამორჩეული ფუღუსი, მექვიშიის, თაგვის, ვირთხის, ზღვის გოჭის, ქრცვინის, კურდღლის, ბრჭყალებიანი მაიმუნის, მაკაკისა და ადამიანის. მათ ყურადღება ე.წ. პირამიდულ ნეირონებში არსებულ სხვადასხვა ტიპის იონურ არხზე გაამახვილეს, რომელსაც ტვინის ქერქში ვხვდებით.
ნიმუშების შედარების შედეგად, მათ დაასკვნეს, რომ თითოეულ სახეობაში აღნიშნული მემბრანული ცილების რაოდენობასთან ერთად ნეირონების ზომაც იზრდებოდა, თუმცა არა ადამიანის შემთხვევაში.
გამოცემაში Nature გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა განცხადებით, ზემოხსენებულ ძუძუმწოვრებში გარკვეული კანონზომიერება შეიმჩნევა. მაგალითად, ფუღუს პატარა ტვინში უფრო მეტი და მცირე ზომის ნერვული უჯრედია, ვიდრე კურდღლის ორგანიზმიდან აღებულ იმავე მოცულობის ქსოვილში. სამაგიეროდ, უკანასკნელ ცხოველს იონური არხების სიმრავლე აღენიშნება, რაც მათ მაჩვენებლებს ათანაბრებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა სახეობაში ერთმანეთის მსგავსი ენერგიული დანახარჯი გვხვდება (ენერგია, რომელიც იონების განვლადობის გაკონტროლებას სჭირდება).
ადამიანის სხეულში კი ყველაფერი პირიქითაა. კერძოდ, იქ იონური არხების სიმცირეა. ეს შესაძლოა, ენერგიის უფრო ეფექტიან გამოყენებას ემსახურებოდეს, მაგალითად, კომპლექსური სინაფსური კავშირების უზრუნველყოფას ან მოქმედების პოტენციალის გაზრდას.
მეცნიერები უახლოეს მომავალში ამ საკითხის უკეთ გამოკვლევას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ მის შესახებ მეტ ინფორმაციას მოიპოვებენ.
კომენტარები