ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა ცოტა ხსნის წინ განაცხადა, რომ რუსული მედია შეგნებულად ამახვილებს ყურადღებას ინციდენტებზე, რომლებშიც კავკასიელი ხალხი მონაწილეობს.

სახელმწიფო დუმის საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტში შემოთავაზებულია, რომ აიკრძალოს რუსეთში მომხდარ დანაშაულებში ჩართული ადამიანების ეთნიკურობის ან რელიგიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება მედიასა და სოციალური მედიის პლატფორმებზე.

ჩეჩნეთის პარლამენტის განმარტებით, ეს "აუცილებელი" იყო, რომ რუსეთში "ეთნიკური და რელიგიათაშორისი მშვიდობა" დაეცვათ. განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ ინფორმაციის გავრცელება "პატიოსანი და პატივსაცემი მოქალაქეების ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად" განიხილება.

ჩეჩენმა დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ მედია სულ უფრო მეტად აშუქებს პროვოკაციულ მასალებს, რომელიც ნეგატიურ სტერეოტიპებს შეიცავს "კონკრეტულ ეთნიკურ ან რელიგიურ ჯგუფებზე ან ინდივიდებზე, რომლებიც ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან, რაც იწვევს მათი უფლებების შეზღუდვას ან ძალადობრივ ქმედებებს მათ წინააღმდეგ".

პრეისტორია

მედიის კანონში ცვლილებების შესახებ ფართო განხილვები ჩეჩნეთში ნოემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც არსებული ინფორმაციით, მოსკოვში, ახალ ვატუტინკის რაიონში ჩხუბი იყო. ამ ინციდენტს მედიაში დიდი ყურადღება მოჰყვა — გაშუქდა, რომ ოთხი წლის შვილის თანდასწრებით რამდენიმე კაციანმა ჯგუფმა ერთ-ერთ ადგილობრივს სცემა.

ამის შემდეგ, არაერთმა რუსულმა მედიასაშუალებამ, მათ შორის, სახელმწიფო მედიამ, თქვა, რომ თავდამსხმელები "ამიერავკასიელები" იყვნენ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა საქმის ხულიგნობიდან მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაკვალიფიცირების ბრძანება გასცა.

მარგარეტა სიმონიანი, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ RT-ს ხელმძღვანელობს და ეთნიკურად სომეხია, ამ ინციდენტს გამოეხმაურა და რუსეთის ჩრდილო კავკასიიდან მყოფებს მოსკოვში "სტუმრებივით" მოქცევისკენ მოუწოდა.

"სირცხვილია. კავკასიაში ახალგაზრდა კაცებს საპირფარეშოში შესვლაც კი ერიდებათ, როცა სტუმრად არიან. ითმენენ კიდეც, რადგან არაკომფორტულია", — დაწერა მან Telegram-ზე.

კადიროვმა ინციდენტის შემდეგ გამოხმაურებებს უპასუხა და განაცხადა, რომ "როგორც ნებისმიერი სხვა კავკასიელი, ისიც დაიღალა დაუსრულებელი ბრალდებებით, რომელიც ყოველ ინციდენტს თან სდევს".

მან სიტუაციის შეგნებულად პროვოკაციასა და ესკალაციაში რუსული მედია დაადანაშაულა.

"როცა კავკასიელი ხალხი მონაწილეობს ნეგატიურ შემთხვევებში, მედია მიზანმიმართულად უსვამს ხაზს მათ ეთნიკურ წარმომავლობას", — თქვა მან.

რეაქციები კანონპროექტზე

ჩეჩნეთის პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივას მოსკოვში განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. ზოგიერთმა დეპუტატმა უკვე განაცხადა, რომ კანონპროექტს მათი მხარდაჭერა არ ექნება. ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია კრემლს.

რეგიონის საზოგადოებრივი პალატის წევრის, შამილ ხადულაევის განცხადებით, დაღესტნის არაკომერციულმა ორგანიზაციის კონგრესმა 23 ნოემბერს განაცხადა, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

თუმცა, როგორც საზოგადო აქტივისტმა ჩეჩნეთიდან, რუსლან კუტაევმა OC Media-ს განუცხადა, კანონპროექტის მნიშვნელობის მიუხედავად, ის დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერას ვერ მიიღებს და საბოლოო განხილვამდეც ვერ მიაღწევს.

მისი თქმით, რუსული მედია კავკასიელების კოლექტიურად დადანაშაულებითა და მათი მონაწილეობით არსებული შემთხვევების მძაფრად გაშუქებით, მიზანმიმართულად ქმნის ნეგატიურ იმიჯს კავკასიელი ეთნიკური უმცირესობების მიმართ.

"ხელისუფლება დაინტერესებულია "კონტროლირებადი" შიდაეთნიკური დაძაბულობით, რათა საჭიროების შემთხვევაში, ეს დაძაბულობა მათი ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენონ", — განაცხადა მან.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.