1950-იან წლებში მდინარე ტემზა ბიოლოგიური კუთხით მკვდარ მდინარედ გამოაცხადეს, თუმცა, ყველაზე დაწვრილებითი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მოქცევით ტემზაში ზღვის ცხენთევზები, გველთევზები, სელაპები და ზვიგენები ბინადრობენ.

ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების (ZSL) მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ მოქცევითი ტემზის 152 კილომეტრი ნიტრატების დონის აწევას განიცდის, რაც სამრეწველო და საკანალიზაციო ჩამონადენის შედეგია. გლობალური დათბობის წყალობით, ასევე იმატებს წყლის დონე და ტემპერატურაც.

State of the Thames-ის მოხსენების თანახმად, XXI საუკუნიდან მოყოლებული, მოქცევითი ტემზის ზედა ნაწილში ზაფხულის ტემპერატურა წელიწადში საშუალოდ 0.19 გრადუსით იზრდება.

მოხსენებაში ასევე საუბარია მოქცევითი ტემზის პლასტმასით დაბინძურების დონეზეც. ათასობით პლასტმასის ბოთლთან ერთად, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სველი ხელსახოცები — ბარნსში სველ ხელსახოცთა გროვა 2014 წლის შემდეგ სიმაღლეში 1,4 მეტრით გაიზარდა და ათას კვადრატულ მეტრს ფარავს.

"პროდუქტები, რომელთა დიდი ნაწილიც პლასტმასას შეიცავს, ერთმანეთთან მჭიდროდ შეკავშირებული ნალექების გროვას წარმოქმნის და ტემზის სანაპირო ზოლს ფიზიკურ იერსახეს უცვლის", — ნათქვამია მოხსენებაში.

მდინარეში მიკროპლასტიკების კონცენტრაცია თითო კუბურ მეტრზე 19,5 პლასტმასას შეადგენს, ხოლო წამში მდინარეში 94 ათასამდე მიკროპლასტიკი ჩაედინება.

მდინარე ტემზის სიჯანსაღის შესაფასებლად ZSL-ის მეცნიერებმა 17 განსხვავებული ინდიკატორი გამოიყენეს. ამის საშუალებით გარემოს დაცვისათვის გაღებული ძალისხმევის გავლენაც გამოიკვეთა.

უახლესი დათვლის მიხედვით, მდინარეში დაახლოებით 900 ჩვეულებრივი და 3 200 გრძელდინგა სელაპია. გამომდინარე იქიდან, რომ კვლევები 2003 წელს დაიწყო, ტემზის ესტუარში ორივე პოპულაციის საკმაოდ მკაფიო ზრდა შეინიშნება.

ფოტო: ZSL

1990-იანი წლებიდან მოყოლებული რომ ვიანგარიშოთ, თევზების რაოდენობა შემცირდა, თუმცა, გარემოს დამცველი მეცნიერების თქმით, ამის მიზეზების გასაგებად დამატებითი კვლევაა საჭირო.

მოქცევითი ტემზა თევზის 115-ზე მეტ და ფრინველთა 92 სახეობას უზრუნველყოფს, მისი წყალ-ჭაობიანი ადგილები კი მხარის ფლორისა და ფაუნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია.

"ესტუარები უყურადღებოდ მიტოვებული, საფრთხის წინაშე მყოფი ეკოსისტემებია. ისინი ჩვენ სუფთა წყლით გვამარაგებს, გვიცავს დატბორვისგან, თევზებისა და სხვა ცოცხალი არსებებისათვის კი მნიშვნელოვან საზრდოს წარმოადგენს. ტემზას ესტუარი და მისი "ლურჯი ნახშირბადის" ჰაბიტატები კლიმატის ცვლილების შემცირებისაკენ მიმართული ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია", — განაცხადა ელისონ დებნიმ.

"მოხსენებამ საშუალება მოგვცა დაგვენახა, თუ რა გზა გამოიარა ტემზაც გამოჯანმრთელებისაკენ მიმავალ გზაზე მას შემდეგ, რაც ბიოლოგიური კუთხით მკვდარ მდინარედ გამოაცხადეს", — დასძინა მან.

ჟანგბადისა და ფოსფორის რაოდენობა შემცირდა (ჩამდინარე წყლების უკეთესი წმენდიდან გამომდინარე), თუმცა ნიტრატთა კონცენტრაციებში ხანგრძლივი ზრდა შეიმჩნევა, რამაც შესაძლოა, წყლის ხარისხზე საზიანო გავლენა იქონიოს და ფლორა და ფაუნა დააზარალოს. დამატებითი ზიანი შეიძლება მოიტანოს სახიფათო ქიმიკატთა არარეგულარულმა კონტროლმაც.

ZSL-ის მოხსენება მდინარის სარეკრეაციო გამოყენებასაც უსვამს ხაზს, ნიჩბოსნობა იქნება ეს თუ ბაიდარებით გადაადგილება.

"როგორც მრავალფეროვანი გარემო, რომელიც მილიონობით ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი, მოქცევითი ტემზა შემეცნებითი სარგებლის მნიშვნელოვანი წყაროა", — ნათქვამია მოხსენებაში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.