ბიზნესდაჯილდოება 2021-ის ფინალისტები
"ქვეყანაში საუკეთესო სტარტაპად აღიარებამ ჩვენი კომპანიისთვის კარგი შედეგები გამოიღო. ბრენდის ცნობადობა და ნდობა გაიზარდა და განვითარებაში დაგვეხმარა", — აღნიშნავდა ქართული ბრენდის, PROFY-ის გენერალური მენეჯერი, ირაკლი ზანთარაია, გასულ წელს, როცა ბიზნესდაჯილდოება 2019-ში გამარჯვებით მიღებულ შედეგებზე ვსაუბრობდით.
დაახლოებით, ერთი წლის თავზე, კომპანიაში ბევრი რამ შეიცვალა — ის ახალბედა სტარტაპიდან გამოცდილ ბრენდად ჩამოყალიბდა და მომხმარებლისთვის მაშინ დაპირებული სერვისებიც წარმატებით გაუშვა. კიდევ ერთი სიახლე კი ის არის, რომ ბრენდი პრესტიჟულ ბიზნესკონკურსში მონაწილეობას კიდევ ერთხელ იღებს, ამჯერად ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის.
თიბისის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, ბიზნესდაჯილდოება, წელს უკვე მეექვსედ იმართება. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ კონკურსმა ამ ხნის განმავლობაში ქართული ბიზნესის ეკოსისტემის გაჯანსაღება და განვითარება შეძლო, ხელი შეუწყო არაერთ ბრენდს განვითარებაში, ცნობადობის მოპოვებასა და საჭიროებების დაკმაყოფილებაში.
აი, წელს კი ბიზნესდაჯილდოება კვლავინდებურად სიახლეებით ბრუნდება. უკვე ტრადიციად ქცეულ სამ ნომინაციას — საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის, საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის და გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის — კიდევ ორი დაემატა: საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობისთვის და გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში. ამით, პოტენციური ბენეფიციარების არეალის გაფართოებასთან ერთად, ცხადი გახდა კონკურსის პრიორიტეტები: პარტნიორობისა და რეგიონების განვითარების ხელშეწყობა.
წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტების ვინაობა კი უკვე ხუთივე ნომინაციაში ცნობილია. საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის პრიზს წელს სამი ბრენდიდან ერთ-ერთი მიიღებს: ოქტოპუსი, ქარი ან PROFY.
გარდამტეხი როლი სფეროში
"ჩვენ გვქონდა ასეთი დაპირება, რომ დავამატებდით დალაგების სერვისს", — იწყებს ირაკლი ზანთარაია კითხვაზე პასუხად, თუ რა შეიცვალა PROFY-სთვის ბიზნესდაჯილდოება 2019-ში გამარჯვებიდან დღემდე, — "ეს სერვისი დავამატეთ და დღეს ბაზარზე უკვე ერთ-ერთი ლიდერი ვართ, რადგან ყოველდღიურად გვაქვს შეკვეთები. ამასთან, დავასაქმეთ, დაახლოებით, კიდევ 70 ადამიანი. ასევე ვაუმჯობესებთ აპლიკაციას და ვიძენთ ახალ კლიენტებს".
2019 წელს დაფუძნებული ბრენდი მომხმარებელს სახლისთვის საჭირო საყოფაცხოვრებო სერვისებს სთავაზობს. ამასთან, ვებპლატფორმისა და აპლიკაციის საშუალებით, PROFY ადამიანების დასაქმებასაც უწყობს ხელს — შესაბამისი საქმის შესასრულებლად პროფესიონალი კადრების რესურსს იყენებს. აქედან გამომდინარე, ბრენდის საქმიანობა ერთგვარად სამომხმარებლო და მომსახურე სფეროების დაკავშირება და ორივე მათგანისთვის კომფორტული გამოცდილების შექმნაა.
აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიურ პერიოდში მუშაობის ერთმა წელმა კომპანიას ბევრ სირთულესთან გამკლავების უნარი შესძინა. როგორც ბრენდის წარმომადგენელი სოსო ჩხიკვაძე აღნიშნავს, ახალი, დისტანციური სამუშაო ფორმატის მიღებაც მოუხდათ, რაც თანდათანობით დაიხვეწა და გარკვეული სახის საქმეების შესასრულებლად ყველაზე კომფორტული არჩევანიც აღმოჩნდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სრულად პანდემიის პირობებში გატარებული 2021 წინა წელზე უკეთესი გამოდგა — კომპანიას 400-450-პროცენტიანი ზრდა ჰქონდა.
კიდევ ერთხელ, უკვე განსხვავებულ ნომინაციაში მონაწილეობის მოტივაციაზე საუბრისას სოსო ამბობს, რომ ეს კვლავაც მათ მიერ შექმნილი სერვისის რწმენამ განაპირობა.
"ფინალისტობას ველოდით, რადგან პლატფორმა, რომელიც შევქმენით, ვფიქრობთ, რომ საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია", — აგრძელებს იგი, — "პირველი მონაწილეობისა და გამარჯვების შემდეგ დავამატეთ ახალი სერვისები, ახალი კატეგორიები, გაცილებით მეტი მომხმარებელი დავაინტერესეთ ჩვენი სერვისებით და უფრო მოქნილი პლატფორმა გავხადეთ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ამ კონკრეტული მიმართულებით, საყოფაცხოვრებო სერვისების ნაწილში, გარდამტეხი როლი ვითამაშეთ".
არასტაბილური სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ბრენდებისათვის სამომავლო გეგმებზე საუბარი ხშირად რთულია, თუმცა, სოსო მათ მაინც გვიზიარებს და გვეუბნება, რომ მომავალი წლიდან პლატფორმას ახალი სერვისები დაემატება — მათი ნაწილი მომხმარებლის მოთხოვნით, ნაწილი კი, კომპანიის მიერ ჩატარებული მოკვლევით — ამასთან, PROFY 2022 წლისთვის შექმნილი პროდუქტის საზღვარგარეთ გატანასაც ეცდება.
სახელშივე ასახული ღირებულებები
იმის მიუხედავად, რომ სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებებისათვის პანდემიური პერიოდი რთული გამოდგა, ოქტოპუსის ფიტნეს კლუბმა ახალშექმნილ პირობებთან ადაპტირება მარტივად შეძლო და მომხმარებელს ონლაინსერვისებიც კი შესთავაზა — ვარჯიშებზე ჩაწერა დისტანციურად, აბონიმენტების განახლება/დაპაუზება, აქტივობების ონლაინსტრიმინგით სარგებლობა და სხვა. ამიტომ, კრიზისულ პერიოდში ბრენდის ერთგვარ გზავნილად #დარჩიფორმაშისახლში იქცა.
"ოქტოპუსი დაარსდა 2016 წელს და უკვე ხუთი წელია, ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ქსელს წარმოვადგენთ", — ჰყვება ბრენდის წარმომადგენელი, გიორგი ასათიანი, — "გახსნის დღიდანვე ვცდილობდით, ფიტნესდარბაზის სტერეოტიპული ხედვა დაგვემსხვრია და მომხმარებლისთვის არა მხოლოდ მაღალი ხარისხის სპორტული ინვენტარი და მრავალფეროვანი აქტივობები შეგვეთავაზებინა, არამედ ეს ყველაფერი კლუბურ გარემოსა და ავანგარდულ ინტერიერშიც მოგვექცია.
"ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც მომხმარებელს ულიმიტო ჯგუფური ვარჯიშები შესთავაზა. კვირის განმავლობაში, დაახლოებით, 250-ზე მეტი ჯგუფური ვარჯიში გვაქვს და ჩვენს მომხმარებელს მათზე დასწრება ულიმიტოდ შეუძლია. ასევე გვაქვს მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ანგარიშების მართვაა შესაძლებელი. ამასთან, ვმუშაობთ 24 საათი, 7 დღის განმავლობაში, რაც ასევე მოსახერხებელია მომხმარებლისთვის".
გარდა იმისა, რომ პანდემიურ პერიოდში ოქტოპუსმა სერვისების ადაპტაცია შეძლო, მათ ასევე გადაამზადეს ინსტრუქტორები საერთაშორისო პროგრამებით. გიორგის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ოქტოპუსი მთლიანად ქართული ბრენდია, რომელიც თავისი სერვისებით საერთაშორისო ბაზრისთვისაც კონკურენტუნარიანია. სწორედ ეს იქცა წლევანდელ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის წინაპირობად.
"ჩვენი ბრენდის ღირებულებები სახელწოდებაშივეა თავმოყრილი — ოქტოპუსი — 'ოქეი', პოზიტიური განწყობა, 'ტოპ', კონკურენტული, გამარჯვებისკენ მსწრაფველი ბუნება და 'ას', მეგობრული, კლუბური გარემო", — ხსნის გიორგი, — "ეს ყველაფერი ჩვენი მომხმარებლისთვის ყოველდღიურადაა თვალშისაცემი, შესაბამისად, ნომინაციის სახელწოდება, საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნა, ჩვენი ბრენდისა და მომხმარებლის ურთიერთობას ზუსტად ასახავს ასახული".
გიორგის თქმით, აქედან გამომდინარე, მათთვის "დიდი პატივია" ბიზნესდაჯილდოების ფინალში ყოფნა, რის გამოც კონკურსის ჟიურის მადლობას უხდის.
რაც შეეხება ბრენდის სხვა გეგმებს მომავალში, ოქტოპუსი, რომელსაც "მუდმივად განვითარებაზე აქვს აქცენტი აღებული", ცნობადობის ამაღლებასთან ერთად სერვისების განვითარებასა და დახვეწას აპირებს. ეს მოიცავს ონლაინსერვისებსაც, "ან, თუნდაც აპლიკაციის მეშვეობით ტრენინგის შემუშავებას".
მწვანე ტრანსპორტისა და ურბანული განტვირთვის საჭიროება
განსხვავებით წინა ორი ბრენდისგან, ქარი პანდემიის პერიოდში შეიქმნა. 2021 წლის იანვარში დაფუძნებული ბრენდი ეკომეგობრული ტრანსპორტის, ელექტრომოპედების საზიარო სერვისია, რომელიც ურბანულ პირობებში სწრაფი და მარტივი გადაადგილებისთვის შეიქმნა. შესაბამისი აპლიკაციით ქარის სერვისებით, ანუ მოპედებითა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი აღჭურვილობით სარგებლობა 24/7 ხელმისაწვდომია. როგორც ბრენდში აღნიშნავენ, კომფორტული და მოსახერხებელი სერვისის შეთავაზებასთან ერთად, მათთვის "მწვანე ტრანსპორტის" დანერგვაში წვლილის შეტანაა მნიშვნელოვანი. ასევე, სხვა ურბანული გამოწვევების, მათ შორის, საცობებისა და პარკინგის პრობლემის გადაჭრა.
იმის გამო, რომ ქარი პანდემიის პერიოდში დაბადებული სტარტაპია, მათთვის კრიზისული სიტუაციით განპირობებულ პრობლემებთან გამკლავებაც ყურადსაღები იყო. ამიტომ თუნდაც ვაქცინაციისკენ მოწოდება ბრენდისთვის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილად იქცა.
"ერთ-ერთი პირველი ქართული ბრენდი ვიყავით, რომელმაც მომხმარებლებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა და ამის წასახალისებლად, ერთხელ ან ორჯერ აცრილ ადამიანებს, ბალანსზე კრედიტებს ვურიცხავდით", — ამბობს ქარის წარმომადგენელი, დანიელ დოინიცინი.
ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მოტივაცია კი იმის ინტერესი იყო, "რამდენად სწორ, აღიარებად საქმეს" ემსახურება ბრენდი. ამასთან, სტარტაპისათვის კონკურსში ჩართვას სამომავლო პროექტების ხელშეწყობის დატვირთვაც აქვს.
"როცა სტარტაპს ქმნი, სამომავლო პროექტებისთვისაც კარგია იმის წარმოჩენა, რომ საუკეთესო პროდუქტს ან მომსახურებას სთავაზობ მომხმარებელს", — აღნიშნავს დანიელი, — "ამასთან, ეს კარგი საშუალებაა ჩვენი გუნდის წასახალისებლად და მოტივაციის ასამაღლებლადაც".
იქიდან გამომდინარე, რომ, როგორც დანიელი აღნიშნავს, ქარიმ მალევე მოიპოვა პოპულარობა დედაქალაქში, ბიზნესდაჯილდოების ფინალში მოხვედრის მოლოდინი გარკვეულწილად ჰქონდათ.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მათი დიდი ნაწილი მომავალ წელს უკავშირდება და რამდენიმე პროექტს მოიცავს.
"გვინდა, რომ მომხმარებელს, გადაადგილების საჭიროებისას, მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება ჰქონდეს", — ამბობს დანიელი, — "ამიტომ, ვმუშაობთ, რომ ჩვენს პლატფორმაზე მიკრომანქანის და ველოგაზიარების სერვისებიც გამოჩნდეს".
ბიზნესდაჯილდოება 2021-ის დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, წლის ბოლოს, დეკემბერში შედგება. პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური გამარჯვებულს ხუთ კატეგორიაში გამოავლენს, თითოეულ მათგანს კი კვლავ ექნება საშუალება, მათი საჭიროებიდან გამომდინარე აირჩიონ სასურველი პრიზი. ჯილდოების ასორტიმენტი კი ისევ მრავალფეროვანია: ახალი ვებგვერდი, ბრენდინგი ან საკომუნიკაციო მხარდაჭერა.
კომენტარები