ნახეთ: როგორ გამოიყურება COVID-19-ისგან დაზიანებული ფილტვი უჯრედულ დონეზე
COVID-19-ს მრავალი სიმპტომი აქვს, თუმცა მისთვის ყველაზე მეტად მშრალი და ხანგრძლივი ხველაა დამახასიათებელი. ეს იმითაა განპირობებული, რომ ის სასუნთქ სისტემას უტევს და გავლენას ახდენს მასში შემავალ ყველა კომპონენტზე — ცხვირის ღრუს სინუსიდან დაწყებული, ფილტვებით დამთავრებული.
ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით, მეცნიერებმა სწორედ COVID-19-ით დაღუპული პაციენტის რესპირაციული ორგანოს დეტალურად დათვალიერება შეძლეს და დაზიანებულ ქსოვილს უჯრედულ დონეზე დააკვირდნენ. ეს მათ იერარქიული ფაზურ-კონტრასტული ტომოგრაფის (HiP-CT) დახმარებით შეძლეს, რომლითაც ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილის სამგანზომილებიანი გამოსახულება მოიპოვეს.
კვლევის ფარგლებში მათ 54 წლის დონორი მამაკაცის ფილტვებიც შეისწავლეს. ის კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებას ემსხვერპლა. სურათებმა გამოავლინა, თუ როგორი კვალი დატოვა COVID-19-ის მქონე პაციენტის ზემოხსენებულ ორგანოზე ინფექციამ.
იმ ტექნოლოგიით, რომელსაც აქამდე იყენებდნენ, ფილტვების სისხლძარღვებში არსებული შენადედებისა და სხვა მსგავსი ცვლილებების დანახვა სათანადოდ არ იყო შესაძლებელი. ახალი მეთოდი სპეციალისტებს საავადმყოფოში არ გამოუცდიათ, არამედ ამისთვის საფრანგეთში მდებარე ევროპის სინქროტონული კვლევების ცენტრში (ESRF) გადაინაცვლეს. ეს დამაჩქარებელი ყველაზე მძლავრ რენტგენულ სხივებს უშვებს, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებების კუთვნილი ტრადიციული მოწყობილობების ელექტრომაგნიტურ რადიაციაზე 100-მილიარდჯერ კაშკაშაა.
ეს ორგანოების შემადგენელი მცირე ზომის სისხლძარღვებისა და თავად უჯრედების დათვალიერების საშუალებას იძლევა ისე, რომ რამდენიმე მიკრომეტრი სიგრძის სტრუქტურების სამგანზომილებიანი გამოსახულება ახლომდებარე ქსოვილისგან გამოვაცალკეოთ. მეცნიერებმა ამგვარად ფილტვების გარდა, გული, ტვინი, თირკმლები და ელენთაც გამოიკვლიეს, რომელთა სურათებიც ადამიანის ბიოლოგიურ ატლასში გაერთიანდება და საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ახალი მეთოდი სიმსივნისა და ალცჰაიმერის მსგავსი დაავადებების შესახებ მეტის გაგებაში, ასევე, დიაგნოზის სწრაფად დასმაში დაგვეხმარება.
კომენტარები