"რეპრესიების დაანონსება" და "მსუსხავი ეფექტი" — რას ნიშნავს სუს-ის გაფრთხილება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გავრცელებული განცხადებით ერთგვარად გაგვაფრთხილა, რომ თუ სიტყვა "რევოლუციას" ვახსენებთ, შეიძლება დავისაჯოთ. მათ შორის, საუბარია სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებზეც. უწყება ამტკიცებს, რომ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში კონსტიტუციური წყობილების ძალადობის შეცვლაზე "დანაშაულის ნიშნების შემცველი განცხადებები ვრცელდება" და ხელისუფლების დამხობაზე მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლზე მიუთითებს. ეს მუხლი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდებას ან/და ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდებას გულისხმობს და ისჯება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
იურისტების აზრით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეს განცხადება რეპრესიების დაანონსებაა. გარდა ამისა, მათ მიაჩნიათ, რომ ამას შეიძლება ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი — ანუ ადამიანებს გაუჩნდებათ შიში, რომ პროტესტის გამო დასჯიან და ამის გამო კრიტიკული აზრის დაფიქსირებისგან თავს შეიკავებენ.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ სუს-ის განცხადება ორ ნაწილად უნდა გაიყოს — სოციალურ ქსელებში ან საჯაროდ გაკეთებული განცხადება რევოლუციაზე და ხელისუფლების ძალადობით დამხობა. მისი თქმით, პირველ შემთხვევაში უწყება წარმოაჩენს ისე, თითქოს რევოლუციაზე საჯარო მსჯელობა ან მოწოდება დანაშაულია, მაშინ, როცა არცერთ შემთხვევაში რევოლუციის ხსენება დანაშაული არ არის.
რაც შეეხება ხელისუფლების ძალადობით დამხობას, ედუარდ მარიკაშვილი მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებებზე, რომლის მიხედვით, არ შეიძლება დანაშაულად იქნეს მიჩნეული ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდება, თუ ის არ შეიცავს ამ ყველაფრის მყისიერ და რეალურ საფრთხეებს.
"ანუ საუბარია იმაზე, რომ თუ ცალკე აღებული განცხადებები კონტექსტის გათვალისწინებით ამის იმწუთიერ საფრთხეს არ ქმნის, მაშინ არ შეიძლება, ეს შეფასდეს, როგორც დანაშაული, არამედ ეს არის გამოხატვის თავისუფლების, მათ შორის, პოლიტიკური სიტყვის თავისუფლების დაცვა", — აცხადებს მარიკაშვილი.
GDI-ის თავმჯდომარის შეფასებით, სუს-ის განცხადება ერთგვარი პრევენციაა, რითაც უწყებას სურს, საზოგადოებაში გარკვეულწილად შეცვალოს განწყობები და ადამიანებს თვითცენზურა დაუწესოს.
"მათი აზრით, ეს განცხადება არის ერთგვარად პრევენციული, რათა საზოგადოებაში გარკვეული განწყობები შეცვალონ, მათ შორის, თვითცენზურა დააწესონ იმ ადამიანებზე, ვისაც აქვს დამოკიდებულება, რომ ქვეყანაში პროცესები, შესაძლოა, მათ შორის, მშვიდობიანი რევოლუციის გზით განვითარდეს. ასეთი დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს. ეს რამდენად სწორია ან არასწორია, სხვა საკითხია, მაგრამ ამაზე რაიმე სახის რეპრესიული მექანიზმის გამოყენება, განსაკუთრებით სისხლის სამართლებრივის, არცერთ შემთხვევაში არაა გამართლებული", — ამბობს მარიკაშვილი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი პროტესტის გზით ხელისუფლების შეცვლა ქვეყნის კანონმდებლობით აკრძალული არ არის.
"როდესაც საუბარია ხელისუფლების შეცვლასა და ხელისუფლების დამხობაზე ან თუნდაც რევოლუციაზე, საჭიროა, ეს ერთმანეთისგან კარგად გაიმიჯნოს. ხელისუფლების შეცვლა, მათ შორის არჩევნების მიღმა საშუალებებით და არა არჩევნების მეშვეობით, შესაძლებელია, ასევე, მოხდეს მშვიდობიანი ფორმით, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის ფორმით, რაც ჩვენი კანონმდებლობით, რა თქმა უნდა, არაა აკრძალული, მეტიც, დასაშვებია და სისხლის სამართლის დანაშაულს არ წარმოადგენს. შესაძლებელია სწორედაც ხელისუფლების მშვიდობიანი ფორმით შეცვლას გარკვეულმა პირებმა უწოდონ რევოლუცია, დამხობა ან ა.შ.", — ამბობს სიმონიშვილი.
საია-ს თავმჯდომარე მიუთითებს იმაზე, რომ სუს-მა მოქალაქეები ერთგვარად წინასწარ გააფრთხილა. მისი აზრით, შესაძლებელია, ამის მიზანი იყოს ის, რომ ხელისუფლებას განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დაშინება სურს.
"თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფიქრობს, რომ ამ ყველაფერში არის გარკვეული დანაშაულის ნიშნები და თუ ძალადობრივ ქმედებებს აქვს ადგილი, მას გამოძიების დაწყების უფლება აქვს. თუმცა აქ საინტერესო ფაქტია ის, რომ სუს-მა წინასწარ მოუწოდა მოსახლეობას, ასეთი განცხადებები არ გაეკეთებინათ, რაც, შესაძლებელია, მათ შორის, უკავშირდებოდეს იმას, რომ უბრალოდ, ხელისუფლებას სურს დააშინოს ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრების გამოთქმა, სამოქალაქო პროტესტის, მათ შორის, მშვიდობიანი ფორმით დაფიქსირება და ხელისუფლების ცვლილება შეიძლება სურდეთ", — ხსნის საია-ს თავმჯდომარე.
ამასთან, სიმონიშვილის აზრით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ეხება ისეთ საკითხებსაც, რომლებიც, შესაძლოა ძალადობრივ განცხადებებს საერთოდ არ შეიცავდეს და ხელისუფლების მშვიდობიანი ფორმით ცვლილებას გულისხმობდეს.
"ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს, ვისაც ამგვარი სახის პროტესტის დაფიქსირება სურთ, უჩნდებათ შიში, რომ გარეთ რომ გამოვიდნენ, შეიძლება სუს-მა მათზე დაიწყოს გამოძიება, ისინი შეიძლება პასუხისგებაში მისცენ. აქედან გამომდინარე, ამ ფორმით გაკეთებულ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, შესაძლოა, ერთგვარი მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს სწორედაც ამ მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის მიმართ", — აცხადებს ის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება მიუღებელი აღმოჩნდა აქტივისტებისთვისაც. მათ მალევე დაიწყეს კამპანია #რევოლუცია და Facebook-ზე ამ სიტყვასა და თუ რევოლუციისკენ მოწოდებებს პოსტავდნენ, პოსტში კი სუს-ს ნიშნავდნენ.
უცნობია, უნდა ველოდოთ თუ არა სუს-ის ახსნა-განმარტებას იმაზე, კანონის როგორი ინტერპრეტაციით აპირებს ძალოვანი უწყება რევოლუციის სხვადასხვა კონტექსტში ხსენების გამო მოქალაქეების პასუხისგებაში მიცემას.
კომენტარები