ახალგაზრდული Eurobest 2021-ის გამარჯვებულები ცნობილია
სემინარები, ვორქშოპები, სესიები, შეხვედრები, იდეების გაცვლა — ეს ევრობესთია, ფესტივალი, რომელიც 1998 წლიდან მსოფლიოს გამორჩეულ არტ დირექტორებს, ქოფირაითერებს, სარეკლამო სააგენტოებსა და კრეატიულ ინდუსტრიაში ჩართულ სხვა ადამიანებს აერთიანებს.
ევრობესთი — ევროპის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული სარეკლამო ფესტივალი — კანის ლომების ფესტივალის შემადგენელი ნაწილია, თუმცა, მისგან განსხვავებით, ევრობესთში მონაწილეობა მხოლოდ ევროპის კონტინენტზე მოქმედ სააგენტოებს შეუძლიათ. კონკურსი რეკლამის, კომუნიკაციისა და სხვა მომიჯნავე სფეროების საუკეთესო "მოთამაშეებს" აჯილდოებს.
თიბისის მხარდაჭერით, ახალგაზრდული ევრობესთი 2021 გაიმართა
2021 წლის 23-26 ოქტომბერს საქართველოში ევრობესთის ადგილობრივი შეჯიბრება ჩატარდა. კონკურსში ორი ადამიანისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. მონაწილეების ასაკი 30 წლამდე იყო.
ღონისძიების მეგობარია თიბისი, რომელიც უკვე მრავალი წელია, საქართველოში კრეატიული ინდუსტრიის განვითარებას მხარს უჭერს. თიბისი წელს მეხუთედაა ამ კონკურსის პარტნიორი და გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, კონკურსის ორგანიზებაშიც აქტიურადაა ჩართული.
საინტერესოა, რომ ფესტივალში პირველი ოქრო საქართველოს 2011 წელს სარეკლამო სააგენტო Windfor’s-მა მოუტანა, რომელიც თიბისის გათამაშების კამპანიით მონაწილეობდა.
თიბისიში ამბობენ, რომ ბრენდისთვის მნიშვნელოვანია, კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა ახალი აღმოჩენები გააკეთონ და მათმა ნამუშევრებმა ფესტივალს გარეთაც გააგრძელონ ცხოვრება.
ახალგაზრდული ევრობესთი ჯერ ლოკალურად, მონაწილე ქვეყნებში ტარდება, შემდეგ კი კრეატიული ინდუსტრიის საუკეთესო წარმომადგენლები მთელი ევროპიდან კონტინენტის პირველობისთვის იბრძვიან.
ვის ეძებს ახალგაზრდული ევრობესთი?
საქართველოში ფესტივალის ორგანიზატორია კანის ოფიციალური წარმომადგენლობა. აკო ახალაიას, საქართველოში ფესტივალის წარმომადგენლის თქმით, დავალება, რომელიც გუნდებს მიეცათ Z-თაობის გამოწვევებს ეხებოდა. დავალების სანახავად მიჰყევით ბმულს.
"ლოკალურ კონკურსზე ჩვენ ვეძებთ საუკეთესო ქართულ გუნდებს, რომლებიც შემდეგ უკვე საქართველოს ევროპის პირველობაზე წარადგენენ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ჩანდეს მსოფლიოს და ევროპის შემოქმედებით რუკაზე. ეს მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი ტალანტის წარმოსაჩენად, ასევე დამატებითი დამკვეთების მოსაზიდად მთელი ევროპიდან. ასეთ კონკურსებზე გამოჩენა ხშირად ტრამპლინის ფუნქციას ასრულებს ახალგაზრდებისა და მათი სააგენტოებისთვის", — აღნიშნავს აკო ახალაია.
ვინ შეაფასა გუნდები?
ნამუშევრები სფეროს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიური 10 წევრისგან შედგებოდა. ეს ადამიანები შემოქმედებითი სფეროს აღმასრულებელ პოზიციებზე მუშაობენ. მათ შორის არიან მარკეტინგის დირექტორები, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელები და ბრენდ სტრატეგები:
- ნათია ჩომახაშვილი — მეამას მარკეტინგის დირექტორი
- დავით ბირმანი — Chief Product Officer SILKNET
- სოფო ბალავაძე — საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ბილაინი.
- შოთა ჩინჩალაძე — სერტიფიცირებული ბრენდ სტრატეგი. თანმიმდევრული ბრენდინგისა და სტრატეგიის მრჩეველი
- ნინო ეგაძე — თიბისის მარკეტინგის, ბრენდის გამოცდილების და დიზაინის დირექტორი
- თათო ხოსროშვილი — პორშე ცენტრი თბილისის და მაზდა ცენტრი თეგეტას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- მარიამ ექსეულიძე — წინანდლის მამულის რედისონ ქოლექშენის და წინანდლის ფესტივალის მარკეტინგის მენეჯერი
- ანი გვათუა — აჭარა ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელი
- გიორგი ავალიანი — Holy Motors, თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი,
- დიმიტრი ვაჩნაძე — მარკეტინგის ხელმძღვანელი, ევროპაბეთი
2021 წლის გამარჯვებულები
ახალგაზრდული Eurobest 2021-ის გამარჯვებულები არიან:
I ადგილი Meta Agency — სალომე ხაზარაძე და აკაკი მეტრეველი
II ადგილი JWT Metro — ნინო ჩიჯავაძე და ალექსანდრე ჯავახიშვილი
რა იქნება შემდეგ?
ფოტო: G Cafe
კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები შემდგომში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებენ. ევროპის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული ფესტივალი 2021 წლის 15 დეკემბერს ჩატარდება და გამარჯვებულებს რამდენიმე ნომინაციაში გამოავლენს.
კომენტარები