ხელოვნური თანამგზავრების მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, ბოლო რამდენიმე ათწლეულია, არქტიკის რეგიონში ზღვის ყინულის მოცულობა მცირდება და ეს მეცნიერებისთვის კარგადაა ცნობილი. ამის მიუხედავად ახალი კვლევის შედეგები საგანგაშოა. გამოცემაში Earth's Future გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები ირწმუნებიან, რომ მიმდინარე საუკუნის დასასრულს იქ ზაფხულობით ყინული სრულად გაქრება, რამაც, შესაძლოა, თეთრი დათვების გადაშენება გამოიწვიოს.

აღნიშნულ რეგიონში მდებარე "უკანასკნელი ყინულოვანი არეალი" 1 მილიონ კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ის კანადის არქტიკული არქიპელაგიდან გრენლანდიის ჩრდილოეთ სანაპირომდე ვრცელდება და ყინულის ყველაზე ძველ, სქელ მასას შეიცავს. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ის მრავალი დეკადის განმავლობაში შენარჩუნდებოდა, მაგრამ აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტების დაკვირვებით, ეს ნაკლებად სავარაუდოა.

მკვლევრებმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ყველაზე ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარები შექმნეს. პირველის მიხედვით, თუ ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების ემისიას შევაჩერებთ, ამ რეგიონში მაინც ძალიან ცოტა ყინული დარჩება. მეორის თანახმად, თუ ჰაერში სათბურის აირების კონცენტრაცია მომავალშიც ამჟამინდელი ტემპით გაიზრდება, 2100 წლისთვის ზაფხულის ყინული მთლიანად გალღვება, რაც მასზე მობინადრე ცხოველებზე უარყოფით გავლენას იქონიებს.

საუბარია არა მხოლოდ თეთრ დათვებზე, არამედ სელაპებზე, მარტოკბილებზე, გრენლანდიურ ვეშაპებზე, თევზებსა და მცირე ზომის კიბოსნაირებზე. პირველი მათგანისთვის სქელი ყინულის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ისინი იქ დიდ დროს ატარებენ და სელაპებზე ნადირობენ. ამ ცხოველთა ხორცი მათი კვებითი რაციონის შემადგენელი აუცილებელი კომპონენტია, რომლითაც საჭირო რაოდენობის კალორიას იღებენ.

ყინულის გაქრობამ, შესაძლოა, მათი გადაშენება განაპირობოს ან გრიზლებთან უფრო ხშირ შეჯვარებას დაუდოს საფუძველი, რაც ჰიბრიდი პოპულაციის წარმოშობით დასრულდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.