რა კვლევებს ატარებენ ქართველი მეცნიერები — ISGS ვირტუალურ STEM სიმპოზიუმს გამართავს
როგორ შეიძლება ვაქციოთ ადამიანის ღეროვანი უჯრედი მომწიფებულ კვერცხუჯრედად? რა არის თანამედროვე მზის ფიზიკის მთავარი საიდუმლოებები? როგორ შეიძლება საქართველოში ატმოსფეროს მეცნიერება განვითარდეს? როგორია კვანტური ფიზიკის ფუნდამენტები და მიზეზ-შედეგობრიობის დადგენის მეთოდები? როგორ იყენებენ მანქანური დასწავლის მეთოდებს ნაერთების აღმოსაჩენად? — მოცემულ ყველა კითხვაზე, შესაძლოა, აქამდე არც გიფიქრიათ და შესაბამისად, არც მათზე პასუხების პოვნით ყოფილხართ დაკავებული. თუმცა, 22-დან 24 ოქტომბრამდე გექნებათ შანსი მოუსმინოთ იმ ქართველ მეცნიერებს, რომლებიც ამ და სხვა კითხვებს, საკუთარი კვლევებით სცემენ პასუხს.
"თანამედროვე სამყარო დაფუძნებულია ცოდნის ეკონომიკაზე, სადაც ინოვაცია და მეცნიერული ცოდნა წარმოადგენს მთავარ მამოძრავებელ ძალას. ნებისმიერი ტექნოლოგიური წინსვლის აუცილებელი პირობა არის ფუნდამენტურ მეცნიერებებში გარღვევა. სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობის ფუნდამენტურ მეცნიერებებში ტარდება კვლევები", — გვიყვება ფიზიკოსი გუგა გოგია, ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოების (ISGS) თანადამფუძნებელი.
სწორედ კვლევების ნაკლებობით გამოწვეული სიცარიელის შესავსებად, ISGS ხშირად ატარებს სიმპოზიუმებს სოციალურ მეცნიერებებში, კოსმოლოგიასა თუ მონაცემთა მეცნიერებაში. 22-დან 24 ოქტომბრამდე კი ორგანიზაცია რიგით მეორე სტემ სიმპოზიუმს ჩაატარებს, რომელსაც 11 მომხსენებელი ეყოლება. სიმპოზიუმის აქცენტი კი წელს გარემოს შემსწავლელი მეცნიერებებია.
ვირტუალური STEM სიმპოზიუმი სამი ტიპის სესიისგან შედგება:
- საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდა მეცნიერების პრეზენტაციები მათი გამოცდილებისა და ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ;
- მოწვეული სტუმრების სესიები, სადაც ისინი დამსწრეებს გააცნობენ თავიანთ სფეროში მიმდინარე აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს;
- საინფორმაციო სესიები, სადაც ორგანიზაციის წევრები კითხვა-პასუხის რეჟიმში ისაუბრებენ სიმპოზიუმის მონაწილეებთან და გააზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და პრაქტიკულ რჩევებს უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლისა და კვლევითი საქმიანობის შესახებ.
"სიმპოზიუმების და ონლაინ ლექციების მიზანია საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერების ერთმანეთისთვის გაცნობა და ერთგვარი ქსელის შექმნა. ასევე, ამ ღონისძიებებით გვინდა რომ ქართველ სტუდენტებს წარვუდგინოთ რა კვლევებს ატარებენ მეცნიერები, რომ ერთგვარი წარმოდგენა შეექმნათ თუ რა არის შესაძლებელი", — აღნიშნავს გუგა გოგია.
სტემ სიმპოზიუმისა და ზოგადად, ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოების ონლაინ აქტივობების (სიმპოზიუმები, ყოველკვირეული სემინარები) სამიზნე აუდიტორიას სკოლის მოსწავლეები და მეორე/მესამე კურსის სტუდენტები წარმოადგენენ. გარდა ამისა, ორგანიზაციას აქვს მენტორშიპ პროგრამა, რომელსაც ორ 6-თვიან სესიად ატარებს. ამ პროგრამის ფარგლებში ISGS-ში დამწყები და გამოცდილი მეცნიერების დაკავშირებას ახერხებენ, რის შედეგადაც ახალბედა მეცნიერები თავიანთ სფეროში არსებული მნიშვნელოვანი პრაქტიკული მიდგომებისა თუ შესაძლებლობების შესახებ იღებენ რჩევებს/ინფორმაციას.
ასევე იხილეთ: მენტორშიპის პროგრამა, რომელიც ქართველ სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაში ეხმარება
"ჩვენ გვინდა რომ სხვადასხვა სფეროში (ზუსტ და საბუნებისმეტყველო, სოციალურ და ჰუმანიტარულ) მოღვაწე მეცნიერების ქსელი შევქმნათ და ამ ქსელის მეშვეობით საქართველოში მეცნიერების პოპულარიზაცია შევძლოთ. ასევე ვაპირებთ, რომ უცხოეთში (ევროპასა და ამერიკაში) დავაორგანიზოთ ქართველი მეცნიერების შეხვედრა, სადაც უფრო გამოცდილი მეცნიერები გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას დამწყებებს", — გუგა გოგია.
სანამ ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოების სხვა გეგმები შესრულდება, სტემ სიმპოზიუმი უკვე რამდენიმე დღეში, 22 ოქტომბერს აიღებს სტარტს. სიმპოზიუმზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლა კი შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ.
კომენტარები