მენტორშიპის პროგრამა, რომელიც ქართველ სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაში ეხმარება
ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოება საკმაოდ ახალგაზრდა ორგანიზაციაა, რომელიც, ძირითადად, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველმა მეცნიერებმა დაარსეს. საზოგადოების სიმპოზიუმები ყოველთვის მრავალფეროვანია და პრაქტიკულად ყველა პოპულარულ სამეცნიერო დარგს მოიცავს. მაგალითად, ბოლო სიმპოზიუმი ფუნდამენტური ფიზიკის და კოსმოლოგიის საკითხებს ეხებოდა.
სიმპოზიუმების გარდა, ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს ქართველ სტუდენტებს დაეხმაროს უცხოეთში სწავლის გაგრძელებაში. ამას ის მენტორშიპის პროგრამით აკეთებს. პროგრამის მესამე ციკლისთვის რეგისტრაცია მენტორობისა და პროგრამაში ჩართვის მსურველ სტუდენტებს 11 თებერვლამდე შეუძლიათ.
მენტორშიპის პროგრამის ფარგლებში მენტორები სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის ტექნიკურ ასპექტებთან დაკავშირებულ საკითხებზე თვიანთ გამოცდილებას უზიარებენ და ეხმარებიან, მაგალითად, სამოტივაციო ესეების, CV-ის დაწერაში და ა.შ. თუმცა, ამის გარდა მენტორები სტუდენტებს უფრო ზუსტ წარმოდგენას უქმნიან იმის შესახებ, თუ როგორია აკადემიური საქმიანობა, როგორ შეიძლება თანამედროვე კვლევების თვალის დევნება და რა პერსპექტივები არსებობს ამა თუ იმ დარგში, რაც სტუდენტებს სამომავლო პროფესიის არჩევაშიც ეხმარება.
მენტორშიპის პროგრამის "პირველი რაუნდის" ფარგლებში, ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოებას ბევრი სტუდენტი დაუკავშირდა. ჩვენ მენტორშიპის პროგრამაში მონაწილე მენტორებსა და სტუდენტებს ვესაუბრეთ, რათა გაგვეგო მათი გამოცდილება.
მეცნიერების კალეიდოსკოპი და ნავიგაციის "პრობლემა"
გუგა გოგია, რომელიც ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მენტორია, ამბობს, რომ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების ერთ-ერთი გამოწვევა თანამედროვე მეცნიერებაში არსებულ "ზღვა ინფორმაციაში" ნავიგაციაა.
"ერთი რაც შევამჩნიე და ასე ვთქვათ, ცოტა პრობლემას ვხედავადი ამ მიმართულებით ისაა, რომ ხშირად სტუდენტებმა არ იციან რამხელა კალეიდოსკოპი არსებობს ამ მეცნიერების. ძალიან ხშირად და ჩემთვის სამწუხაროდ, [სტუდენტები] ცდილობენ მოძებნონ პროგრამები უნივერსიტეტების მიხედვით".
გუგას თქმით, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველები ჯერ არჩევენ რამე პრესტიჟულ უნივერსიტეტს, შედიან მის საიტზე და იქ ეძებენ სხვადასხვა კვლევით საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც შეიძლება მათ ინტერესებს მოერგოს.
"მენტორშიპის პროგრამაში რითიც ვამაყობ ისაა, რომ სტუდენტებს ვასწავლეთ და ვანახეთ, როგორ შეიძლება რაღაც სფერო გაინტერესებდეს და როგორ მოძებნო ამ სფეროში გაკეთებული მაღალი იმპაქტის სტატიები და ავტორების მიხედვით მოიძიო კვლევითი ჯგუფები, რომლებმაც ეს სტატიები გამოაქვეყნეს. სტუდენტებს იმაზე მივანიშნე, რომ არსებობს რაღაც 'სამეცნიერო კლასტერები', რომლებსაც თავისი გენეოლოგია აქვს", — ამბობს გუგა.
გუგას თქმით, საზღვარგარეთ კვლევის გაგრძელების მსურველთათვის პრიორიტეტული უნდა იყოს არა ესა თუ ის უნივერსიტეტი, არამედ მათთვის საინტერესო კვლევები. შეიძლება MIT უფრო პრესტიჟული იყოს, ვიდრე რაღაც უნივერსიტეტი ვისკონსინში, თუმცა ეს უკანასკნელი შეიძლება ისეთ კვლევებში იყოს ჩართული, რომელიც MIT-ში არ ტარდება და სტუდენტისთვის უფრო საინტერესო იყოს.
თუმცა, მენტორშიპის პროგრამა მხოლოდ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას არ მოიცავს. ამ პროგრამაში ჩართული არიან ბაკალვრის სტუდენტები, რომლებიც ჯერ ვიწრო სპეციალობისგან შორს არიან, თუმცა, მენტორების დახმარებით, მათთვის საინტერესო სამეცნიერო კვლევებს და დისციპლინებს ეცნობიან, რაც, ასე ვთქვათ, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებათ.
მარი ვახტანგაშვილი ერთ-ერთი ასეთი სტუდენტია, რომელიც ამჟამად სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს. "მენტორშიპ პროგრამაში მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მენტორისგან სხვადასხვა სფეროებზე უფრო მეტი გამეგო", — ამბობს მარი. ის ფიქრობს, რომ სწავლას იმუნოლოგიის განხრით გააგრძელებს და მენტორშიპის მეშვეობით სფეროს უფრო დეტალურად ეცნობა.
თვითონ მენტორების უმეტესობა ამბობს, რომ როცა უნივერსიტეტში ჩააბარეს, განსხვავებული ინტერესები და მისწრაფებები ჰქონდათ. საუბარში მონაწილე თითქმის არცერთ მეცნიერს ბაკალავრიატის სტუდენტობისას არ ეგონა, რომ იმ სფეროში აღმოჩნდებონდა, რომელშიც ახლა არის.
სწავლის გაგრძელების მხრივ, მენტორშიპის პროგრამას რეალური შედეგები უკვე აქვს. მარიამ ჩაბრავა თსუ-ში ფიზიკას და ელექტროინჟინერიას სწავლობს. მას სწავლის გაგრძელება ევროპაში სურს. "თავიდანვე როგორც კი მეილი მომივიდა, ვიცოდი რომ მენტორი ძალიან დამეხმარებოდა სწორად აღმომეჩინა ის, რაც მომავალში ჩემ პროფესიულ წარმატებაში დამეხმარებოდა", — ამბობს მარიამი. "სამაგისტრო პროგრამის შერჩევის გარდა, ვეძებდი საზაფხულო სკოლებს იმიტომ, რომ წინა წელს სრულიად შემთხვევით მოვხვდი პოლონეთის ელემენტარული ნაწილაკების სკოლაში, რამაც საკმაოდ კარგად ჩაიარა. დავამყარე კონტაქტი ერთ-ერთ დოქტორთან, რომელიც დღემდე მეხმარება, როცა რაღაც კონკრეტული პროგრამით ვინტერესდები".
"ჩემი მენტორი, ზარა ბაღდასარიანი ძალიან დამეხმარა. არ ვიცოდი როგორ დამეწერა კარგი CV და სამოტივაციო წერილი. მან ასევე მომამზადა გასაუბრებისთვის და შემიძლია ვთქვა, რომ მისი დახმარებით უნგრეთში ერთ-ერთმა ორგანიზაციამ სტიპენდია უკვე დამინიშნა. ამაში ძაან დიდი წვლილი ზარამ შეიტანა. ამ ტექნიკურ დეტალებს მარტო თავს ვერ მოვაბამდი. ვერც კი აღვწერ ზარამ რამდენი რამე გააკეთა ჩემთვის", — ამბობს მარიამ ჩაბრავა.
მეცნიერება საქართველოში და საზღვარგარეთ
მაგდა დავითაშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგია, რომელიც ეკატერინე გაჩეჩილაძის მენტორია. მაგდა და ეკატერინე ერთმანეთს რეგულარულად ხვდებიან და ეკატერინეს საკონფერენციო თემაზე მუშაობენ. მაგდას თქმით, მის სტუდენტს გერმანიაში სურს სწავლის გაგრძელება და დახმარებისთვის ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოებას ამიტომ მიმართეს.
მაგდას თქმით, სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება საკმაოდ ხშირად უნდათ. ამის მიზეზები, ცხადია, მრავალფეროვანია. ზარა ბაღდასარიანი ხაზს უსვამს, რომ მეცნიერება ძალიან კოლაბორაციული რამაა. შესაბამისად სხვადასხვა ქვეყანაში სწავლას სხვადასხვა პლიუსები აქვს. თუმცა, ერთ-ერთი პრობლემა, რომელზეც ქართველი სტუდენტები და ქართველი მეცნიერები საუბრობენ, საქართველოში სამეცნიერო კვლევითი სივრცის და ზოგადად განათლების სისტემის არასრულფასოვნებაა, რაც ხშირად სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებისკენ უბიძგებს.
მარიამ რუსუშვილი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოსტდოკია მოლეკულური ფიზიკის მიმართულებით. "ადამიანი, რომელიც დოქტორანტურას იწყებს ასაკით უკვე 24 წლის ან უფრო მეტისაა. უცხოეთში შენ როცა დოქტორანტურაში სწავლობ, მაგას რეალურად უკვე სამსახური ჰქვია და ანაზღაურება გაქვს, რომლითაც შეგიძლია იცხოვრო. თუმცა, საქართველოში როცა დოქტორანტურაზე სწავლობ, პირიქით შენ იხდი დოქტორანტურაში სწავლის საფასურს. როცა 25 წლის ადამიანი ხარ, უკვე მშობლის ხარჯზე აღარ გინდა ცხოვრება, ამიტომ საქართველოში დოქტორანტებს ხშირად სხვაგან მუშაობაც უწევთ, რაც ძალიან დამღლელი და რთულია. გამოდის, რომ ორ full-time სამსახურში მუშაობ, სადაც ერთგან ხელფასს არ გიხდიან".
მარიამის თქმით, მეცნიერება, მით უმეტეს, დოქტორანტისგან სრულ ყურადღებას უნდა მოითხოვდეს, რაც საქართველოს პირობებში, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თორნიკე ქიმერიძე საქართველოში მომუშავე დოქტორანტია, რომელიც ამბობს, რომ მას რეალურად სამგან უწევს მუშაობა.
"გარდა იმისა, რომ საქართველოში დოქტორანტებს რეალურად წმინდად ენთუზიაზმით უწევთ მუშაობა, საქართველოში ის კალეიდოსკოპიც არაა, რომელზეც გუგამ ისაუბრა. როდესაც ახალგაზრდა მეცნიერს რაღაც კონკრეტული აინტერესებს, ქვეყანაში მისთვის საინტერესო კვლევას ან მკვლევარს ძალიან ხშირად საერთოდ ვერც პოულობს", — ამბობს ეკატერინე მიქაუტაძე, რომელიც ნეირომეცნიერია და ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთი მენტორია.
ამგვარად ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოების მენტორშიპი საშუალებას აძლევს აკადემიური კვლევით დაინტერესებულ სტუდენტებს შეარჩიონ მათთვის სასურველი მიმართულებები, მაშინ როცა შეიძლება საქართველოში ამის შესაძლებლობა არ იყოს. ამჟამინდელი სტუდენტები შეიძლება მომავალში გახდნენ მენტორები და ქვეყანაში მეცნიერების პოპულარიზაციას და ახალი კვლევითი დისციპილინების დანერგვას შეუწყონ ხელი.
კომენტარები