რომელი იყო პირველი, ქათამი თუ კვერცხი? როგორც ჩანს, ამაზე პასუხია კაზუარი, ავასტრალიის უდიდესი ფრინველი.

ახალი კვლევის მიხედვით, ურთიერთობა ადამიანებსა და კაზუარებს შორის თარიღდება გვიან პლეისტოცენის ხანით — რამდენიმე ათასი წლით ადრე, ვიდრე ადამიანებმა ქათმები და ბატები მოიშინაურეს. საუბარია საკმაოდ დიდი ზომის ფრინველზე.

"ეს არის უზარმაზარი ფრინველი, რომელსაც ადამიანის შეშინება შეუძლია და 20 კილოგრამს იწონის", — თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა კრისტინა დუგლასმა, პენ შტატის არქეოლოგმა.

დუგლასმა და მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა უძველესი კაზურების კვერცხის ნაჭუჭის ნაშთები შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ 18 000 წლის წინ ახალ გვინეაში ადამიანები აგროვებდნენ კაზურების კვერცხებს და სავარაუდოდ ზრდიდნენ მათ. ეს მათთვის საკვების მომარაგების მშვენიერი საშუალება უნდა ყოფილიყო. ეს ადამიანების მიერ ფრინველთა გაზრდის ყველაზე ადრეული ცნობებია.

მკვლევართა თქმით, მათ 3D გამოსახულების, კომპიუტერული მოდელირებისა და კვერცხის მორფოლოგიის კომბინაციით შეისწავლეს კაზურების კვერცხის 1 000-ზე მეტი ფრაგმენტი, რომლებიც დათარიღებულია 6000-დან 18000 წლამდე.

დუგლასს მიაჩნია, რომ ადამიანები კვერცხებს ორი მიზეზით ინახავდნენ. ერთის მხრივ ისინი მათ ჭამდნენ, ხოლო მეორეს მხრივ, წიწილების გამოჩეკვას ელოდნენ რათა მომავალში მეტი ხორცი და ბუმბული მიეღოთ.

კაზურები და მათი კვერცხები ახალი გვინეის მოსახლეობისთვის ყოველთვის ღირებული რესურსი იყო. წარსულში, ამ ფრინველის ფეხის ზედა ნაწილი, გამოიყენებოდა სანადიროდ ძვლის ხანჯლის შესაქმნელად. დღესაც მათი ბუმბული ძვირფასია ორნამენტისთვის, ხოლო ხორცი დელიკატესად ითვლება.

თუმცა, ეს გასაოცარი ფრინველი შეიძლება ადამიანებისთვის საშიშიც იყოს. ისინი სიმაღლით თითქმის 1,8 მეტრს აღწევენ და 54 კილოგრამსაც იწონიან. ეს ნიშნავს, რომ ასეთი ფრინველის კვერცხის მოპოვება და შემდეგ მისი გაზრდა საკმაოდ რთული იქნებოდა, მით უმეტეს, 18 000 წლის წინ მცხოვრები ადამიანისთვის.

"დღემდე, ბევრი ფიქრობს, რომ მონადირე-შემგროვებელი კულტურული პრაქტიკა ბევრად ნაკლებად დახვეწილი იყო, ვიდრე სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებების მოღვაწეობა. თუმცა, ჩვენი გუნდის კვლევა ეწინააღმდეგება ამ მოძველებულ ვარაუდს", — თქვა დუგლასმა.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.