არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გაინტერესებს პოლიტიკა, ან რამდენად ხშირად უყურებ საინფორმაციო გამოშვებებს — არჩევნების მოახლოებას ყველანი ვგრძნობთ. პლაკატები გაჩერებებზე, ფასიანი პოლიტიკური რეკლამები ფილმების ყურებისას და ფეისბუქმეგობრების უზარმაზარი პოსტები იმის დასამტკიცებლად, ვისი არჩევა სჯობს — ასე იგებ, რომ სულ მალე ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპი დგება, ცვლილებების ეტაპი.

რადგან ფეისბუქპოსტები ვახსენეთ, ალბათ არაერთხელ წაწყდომიხარ ნიჰილისტურ ნარატივსაც — "მაინც არაფერი იცვლება", "ჩემი მისვლით რა გაკეთდება" და სხვა. შეიძლება, თავადაც ასე ფიქრობ. არჩევნებზე მისვლის მნიშვნელობაზე ხაზგასასმელად ხშირად ამბობენ, რომ ეს "მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა", თუმცა, მოდი, უფრო კონკრეტულად ვთქვათ, რატომ უნდა წახვიდე ხმის მისაცემად.

1. ასე საკუთარი ინტერესების კონსტიტუციურად დაცვას სწავლობ

ფოტო: Beckie Hermans / Dribbble

სკოლის პერიოდიდან მოყოლებული, ხშირად გვესმის, რომ სახელმწიფოში ადამიანების თანასწორობას კანონი უზრუნველყოფს. კანონის წინაშე ყველა თანასწორიაო, დასძენენ ხოლმე, თუმცა, ზოგჯერ ბოლომდე ვერ იაზრებენ, ეს რამდენს ნიშნავს. კონსტიტუცია არა მხოლოდ ჩვენს უფლებებს განსაზღვრავს, არამედ თანაბარი შესაძლებლობებითაც უზრუნველგვყოფს. ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ასეთი შესაძლებლობა ხმის მიცემის უფლებაა. პიროვნების ხმის პატივისცემა და დაცვა კი ის ღირებულებაა, რომელზეც დემოკრატიულ, თანასწორუფლებიან საზოგადოებას ეყრება საფუძველი.

2. მეტიც, ხმის არმიცემა საკუთარი უფლებების შელახვაა

ფოტო: iStock

მარტინ ლუთერ კინგი ამბობდა, ჩვენს ცხოვრებას დასრულების პირი მაშინ უჩანს, როცა მნიშვნელოვან რაღაცებზე ვჩუმდებითო. არჩევნებზე არმისვლა კი სწორედაც რომ გაჩუმებაა.

აკი ვთქვით, ხმის მიცემის უფლება და ცვლილებების პროცესზე ხელმისაწვდომობა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ინდიკატორიაო. როცა ხმას არ აძლევ, ასე შენს მისაღებ გადაწყვეტილებას სხვას გადაულოცავ, შესაბამისად, შენი ბედის განკარგვის უფლებასაც მას აძლევ. იმის მიუხედავად, რომ არჩევნებზე არწასვლას ბევრი მეამბოხეობად წარმოაჩენს, ეს, რეალურად, დანებებაა.

3. საკუთარ თავს უკეთ გაიცნობ

ფოტო: Hurca! / Dribbble

ნიჰილისტურ განწყობას მიუკუთვნებულობა აღვივებს, და პირიქით. გვგონია, რომ ჩვენი მოსაწონი არავინაა, თუმცა, ერთ გახუნებულ ფრაზას თუ გავიხსენებთ, "არსებობს ცუდი და არსებობს უარესი". რეალურად, შესაძლოა, სიღრმისეულად არც დაინტერესებულხარ, ვინ მონაწილეობს არჩევნებში და რა ღირებულებებზეა დაფუძნებული მათი მოძრაობა. ამაში გარკვევით ადვილად მიხვდები, ვინ და რატომ დგას შენთან უფრო ახლოს. ასე კი, რა თქმა უნდა, საკუთარ თავსაც და მისწრაფებებსაც უკეთ გაიცნობ.

4. ახლანდელ და მომავალ ხელისუფლებას აჩვენებ, რომ საკუთარი ბედი გადარდებს

ფოტო: Hurca! / Dribbble

ხმის არმიცემა, როგორც უკვე ვთქვით, საკუთარი ბედის განსაზღვრის სხვისთვის მინდობაა. ასე პირდაპირ გამოხატავ, რომ ინდიფერენტული ხარ არა მხოლოდ ქვეყანაში არსებული საერთო სურათის, არამედ შენი მდგომარეობის მიმართაც.

არჩევნებზე მისვლით მნიშვნელოვან "მესიჯს" უგზავნი როგორც ამჟამინდელ, ასევე მომავალ ხელისუფლებას, რომ საკუთარ და ქვეყნის ბედზე ფიქრობ და ინტერესების დასაცავად ყველა შესაძლებლობას იყენებ.

5. არჩევნების შედეგები ყოველ მომდევნო დღეს განსაზღვრავს

ფოტო: Nick Matej / Dribbble

გინდა, არ გინდა, ყველა არჩევნებს მოჰყვება შედეგი — იმის მიუხედავად, თუ რამდენი იყო აქტივობა საღამოს რვა საათისთვის. მომდევნო დილის რვა საათზე უკვე "სხვა ქვეყანაში" იღვიძებ; ქვეყანაში, რომელმაც არჩევანი გააკეთა და ამით მომდევნო რამდენიმე წელი განსაზღვრა.

ნუ დაგავიწყდება, რომ არჩევნებზე სწორედ ის წყდება, თუ როგორი იქნება ამ წლების განმავლობაში ყოველი მომდევნო დღე. ამასთან, ხელისუფლებაში შენი წარმომადგენელი მაინც იქნება — თუმცა, ხმის მიცემით სწორედ იმას წყვეტ, თუ ვინ უკეთ წარმოაჩენს და დაიცავს შენს ინტერესებს.

6. ... და შენც განგსაზღვრავს

ფოტო: Ludmila Shevchenko / Dribbble

ასევე გინდა, არ გინდა, ყოველი მომდევნო დღის გატარება იმ ქვეყანაში მოგიწევს, რომელიც შენნაირმა ადამიანებმა ხმის მიცემით აირჩიეს. რადგან სწორედ ინტერესების დაცვაზე ვლაპარაკობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ არჩევნების შედეგები პირდაპირ შენზეც აისახება — განსაზღვრავს არა მხოლოდ იმას, დასაქმებული იქნები თუ არა, არამედ იმასაც, რამდენად დაცული იქნები ფიზიკურად, რამდენად დაცული იქნება შენი უფლება, გადაწყვეტილება თავადვე მიიღო საკუთარ სხეულზე, მომავალზე და სხვა.

7. მაგალითი ხდები სხვებისთვის

ფოტო: Csaba Gyulai / Dribbble

მხედველობაში აუცილებლად მიიღე ისიც, რომ საკუთარი შეხედულებებითა და გადაწყვეტილებებით უნებლიე გავლენას ახდენ გარშემომყოფებზე, შენ კი შეგიძლია, მათი დამოკიდებულებები უკეთესობისკენ შეცვალო. ეს განსაკუთრებით სწორედ მათ ეხება, ვინც ინდიფერენტულადაა განწყობილი მოსალოდნელი ცვლილებების მიმართ და "ხელი აქვს ჩაქნეული". ასევე მოზარდებს, რომლებიც ცხოვრების ამ გარდამტეხ ეტაპზე ხშირად ფიქრობენ, რა როლი აკისრიათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რამდენადაა მათი ინტერესები დაცული.

8. სხვა თუ არაფერი, საკუთარ თავთან მართალი იქნები

ფოტო: Alessia Margarita / Dribbble

ცხადია, არჩევნები ყოველთვის ჩვენთვის სასურველი შედეგით შეიძლება არ დასრულდეს, თუმცა, სხვა თუ არაფერი, მომავალში ის მაინც შეგეძლება, სინდისის ქენჯნის გარეშე გააპროტესტო არსებული რეალობა ან, უბრალოდ, ამოიოხრო. სინდისის ქენჯნას კი ალბათ მაშინ იგრძნობ, როცა გულის სიღრმეში მაინც გეცოდინება, რომ რაც ხდება, ნაწილობრივ შენი ბრალიცაა — შენ ხომ არჩევნებზე არ წასულხარ და მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანაზე არ გიფიქრია.

9. ხმის მიცემით პატივს მიაგებ და მადლობას უხდი მათ, ვინც ამისთვის იბრძოდა

ფოტო: Medium

რასაკვირველია, იცი, რომ არჩევნებში შენი მონაწილეობის უფლებისათვის ბევრი იბრძოდა — არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც. თანასწორუფლებიანი ხმის მიცემისათვის იღწვოდნენ სუფრაჟისტები, დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის ბრძოლას უამრავი ადამიანი შეეწირა საქართველოშიც. თუკი გულგრილი ხარ ხმის მიცემის უფლებისადმი, ეს ალბათ ნიშნავს, რომ გულგრილი ხარ იმ ადამიანების მიერ გაღებული მსხვერპლისადმიც, ვისი დამსახურებითაც დღეს ამ შესაძლებლობას ფლობ.

10. მართლა ყოველი ხმა მნიშვნელოვანია

ფოტო: The Seattle Times

კიდევ ერთი არასწორი შეხედულება, რომელიც ხშირად ისმის ხოლმე არჩევნებამდე, ისაა, რომ "ჩემი ხმა მაინც არაფერს შეცვლის". ამ აზრის გასაბათილებლად კი ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ თეორიული დაშვება გამოვიყენოთ, არამედ უამრავი ისეთი შემთხვევაც გავიხსენოთ, როცა არჩევნების შედეგი ზუსტადაც რომ 1-მა ხმამ გადაწყვიტა. ამ შემთხვევებში ხმის მიცემის პროცესში მონაწილე ვერცერთი ადამიანი ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ თავად გახდებოდა ისტორიული ცვლილების მონაწილე.

ბონუსი: სახალისოა!

დაბოლოს, ინსპირაციულ ლოზუნგებს რომ ცოტა ხნით შევეშვათ და არჩევნებში მონაწილეობის "ადამიანურად" საინტერესო მხარეზე ვისაუბროთ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს სახალისოა. თუკი ხმის მისაცემად მშობლიურ რაიონში წასვლა გიწევს, ბევრ ძველ ნაცნობს შეხვდები. ამას გარდა, ხმის მიცემის შემდეგ ამაყად შეგიძლია, ფეისბუქის პროფილის ფოტოზე "მე ავირჩიე" ჩარჩო დაიყენო.

არც ის დაგავიწყდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში ლეგენდად ქცეული კურიოზები ხშირად სწორედ არჩევნებზე ხდება ხოლმე. წინა წლებს თუ გავიხსენებთ, იმის ალბათობა, რომ ასეთ სიტუაციას შეესწრები, მაღალია, შენ კი დღის მთავარი ამბების ეპიცენტრშიც შეიძლება მოექცე.