ჩრდილოეთ კორეამ მიმდინარე წლის 11 და 12 სექტემბერს ახალი საბრძოლო რაკეტების საცდელი გაშვება წარმატებით განახორციელა. ამის ამსახველი კადრები ქვეყნის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა, თუმცა მათი ავთენტურობა ჯერჯერობით სადავოა.

თუ ადგილობრივ მედიას დავუჯერებთ, ჩრდილოეთ კორეაში შექმნილმა, შორ დისტანციაზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტის ახალმა მოდელებმა საერთო ჯამში 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იფრინეს. საბრძოლო დანიშნულების აპარატებმა ამ დროს ხმელეთისა და ზღვის გავლით 1,500 კილომეტრი დაფარეს, შემდეგ კი სამიზნე არეალში ჩამოცვივდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არა მხოლოდ სამხრეთ კორეამდე, არამედ იაპონიამდე ჩაღწევა და ამ სახელმწიფოებისთვის ბირთვული დარტყმის მიყენება შეუძლიათ.

ფოტო: Korean Central News Agency

აღსანიშნავია, რომ სურათებზე ნაჩვენები ფრთოსანი რაკეტები ბალისტიკურისგან განსხვავებულია. ეს უკანასკნელი ატმოსფეროში საკმაოდ მაღლა გადაადგილდება და რადარებისთვის მარტივად შესამჩნევია. მასთან შედარებით, ახლახან ამოქმედებული მოდელები ბევრად მანევრირებადები არიან და ხმელეთთან ახლოს მოძრაობენ, რაც მათ დროულად დაფიქსირებას აძნელებს.

ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო ზემოხსენებულ რაკეტებს "დიდი მნიშვნელობის სტრატეგიულ იარაღს" უწოდებს. ექსპერტთა განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქვეყანა ბირთვული ძალების გაფართოებას ცდილობს, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს. ვარაუდობენ, რომ აშშ-სთან პოტენციური კონფლიქტის დროს ჩრდილოეთ კორეა სწორედ სამხრეთ კორეასა და იაპონიაში განლაგებულ სამხედრო ბაზებს შეუტევს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე