Mercedes-ის ახალი ტექნოლოგია ავტომობილის გონებით მართვის საშუალებას მოგვცემს
მაშინ, როდესაც მეცნიერები ცდილობენ ტვინის იპლანტების დახმარებით, შშმ ადამიანებს ახალი შესაძლებლობები მისცენ, ავტომობილების მწარმოებელი Mercedes Benz მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც ერთ დღეს ავტომობილის ფიქრით მართვის საშუალებას მოგვცემს. ამისათვის ტვინის იმპლანტი არ დაგვჭირდება და მხოლოდ ერთი, თავზე დასამაგრებელი პატარა მოწყობილობაც საკმარისი იქნება. ამ ტექნოლოგიას მერსედესი წლის ბოლომდე, მიუნხენში გასამართ IAA Mobility-ზე წარადგენს.
საავტომობილო ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება. მექანიკური ციფერბლატებიდან ჩვენ გადავედით დიდ ციფრულ ეკრანებზე და ეს უკვე ყოველდღიურობა გახდა. იმისათვის, რომ მძღოლის ყურადღების გაფანტვით გამოწვეული ავარიები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, ავტომობილის მაკონტროლებელი ძირითადი ფუნქციები ნელ-ნელა საჭეზე გადაბარგდა და ყველა საჭირო ღილაკი ახლა მძღოლთან კიდევ უფრო ახლოსაა. ამასთანავე, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სავარაუდოა, რომ ღილაკები რაოდენობა ავტომობილებში კიდევ უფრო დაიკლებს და ავტომობილის მართვის პროცესში ციფრული ასისტენტები კიდევ უფრო მეტად ჩაერთვებიან. დღეს დამხმარე კომპიუტერები, ანუ ასისტენტები ინსტრუქციების მიხედვით მოქმედებენ, რომელიც მათ ხმოვანი სახით უნდა მივაწოდოთ. მერსედესი კი გეგმავს, რომ ბრძანებების გაცემა საერთოდ აღარ იყოს საჭირო და ავტომობილი ჩვენ ფიქრითაც კი გვიგებდეს, რაც ტვინის აქტივობის აღქმით იქნება შესაძლებელი.
ამისათვის Mercedes-მა BCI, ანუ ტვინით მართვადი კომპიუტერული ინტერფეისი შექმნა. მოწყობილობა თავის უკანა ნაწილში მაგრდება და ტვინის ნეირონული ტალღების წაკითხვა შეუძლია.
ციფრული მაჩვენებლების დაფაზე რამდენიმე წერტილი იქნება, რომლებსაც სპეციფიკური ფუნქციები მიენიჭება. BCI მოწყობილობის მორგების შემდეგ მომხამრებელი ამ წერტილებზე უნდა ფოკუსირდეს. წერტილებზე ფოკუსირებით ტვინის ნეირონული აქტივობა იზრდება, რაც მოწყობილობა მათი აღქმის საშუალებას აძლევს, ამის მიხედვით კი იმ ფუნქციას შეასრულებს, რომელიც კონკრეტულ წერტილს აქვს მინიჭებული.
ეს ფუნქციები Mercedes Vision AVTR-შია ჩაშენებული. ეს უკანასკნელი მერსედეის კონცეპტუალური ავტომობილია, რომელიც შარშან, ლას-ვეგასში, CES 2020-ზე წარადგინეს.
ავტომობილი მერსედესის მომავლის ხედვას წარმოადგენს. მასში, ახალი ტექნოლოგიის გვერდით, კომპანია გეგმავს გამოიყენოს ვეგანური მასალები, ნახშირბად ნეიტრალური ელემენტები და სხვა ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც გარემოსთვის ნაკლები ზიანის მომტანი იქნება.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები