მშობლები კარგად არ არიან
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს, თუმცა მცირეწლოვანი ბავშვები ამ პროცესში ჩართულნი არ არიან. ჩიკაგოში მოღვაწე მწერალი, დენ სინკერი იმ მშობლების გამოცდილებაზე გვიყვება, რომლებიც უკვე თითქმის ორი წელია, თავიანთი შვილების ვირუსისგან დაცვაზე განუწყვეტლივ ზრუნავენ. ქვევით გთავაზობთ ამონარიდებს მისი სტატიიდან იმის შესახებ, თუ რას გრძნობენ გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი დედები და მამები დღეს, როცა პატარების უსაფრთხოებაზე ზრუნვა სულ უფრო რთულდება.
თავიდან ორ კვირაზე იყო საუბარი. ვინ ვერ გაძლებდა სახლში ბავშვებთან ერთად ორკვირიან გამოკეტვას? ორი კვირა მრუდის გასასწორებლად. ყველაფერი მარტივად ჟღერდა.
შემდეგ ორ თვეზე გადავედით 一 მრუდს მაინც ვერაფერი ეშველა 一 და ჩვენც ვიფიქრეთ, რომ უკვე გამოცდილი ორი მშვიდობიანი კვირის შემდეგ ორი თვეც მოხერხებადი იქნებოდა… ხომ იქნებოდა?!
შემდეგ დაიწყო ზაფხული. ზაფხულობით ბავშვები ისედაც სახლში არიან ხოლმე. აბა, რით იყო ეს ზაფხული განსხვავებული? ცხადია, ვერსად მივდიოდით, მაგრამ ტელევიზორის ოდნავ დიდი ხნით ყურებით, აიპედთან ოდნავ მეტი დროის გატარებით, იმ ყველაფრის ცოტ-ცოტა გახანგრძლივებით, რასაც ისედაც ვაკეთებდით, ზაფხულიც მალე მორჩებოდა, სკოლაც გაიხსნებოდა და ბავშვებიც საბოლოოდ დაბრუნდებოდნენ კლასებში.
თუმცა, მოვლენები სხვანაირად განვითარდა. ამის მაგივრად, მთელი წელიწადი ციხეში გავატარეთ 一 სკოლა ზუმში, მერე ცოტა ხნით ზუმს გარეთ და შემდეგ ისევ სახლში დაბრუნება და ახალი კარანტინი; სკოლა ყოველთვის და სკოლა არასდროს. ამ განტოლების არცერთი ცვლადი კარგი არ ყოფილა 一 არც ბავშვებისთვის, არც მშობლებისთვის 一 მაგრამ შედარებით უსაფრთხო იყო და როგორღაც მთლიანი წელიწადიც გადავიტანეთ. ჯოჯოხეთი კი იყო, მაგრამ გადავრჩით.
დროის აღქმა აირია და დადგა ისევ ზაფხული. და, წამიერად, ყველაფერი უკეთ გამოიყურებოდა — ჩვეულებრივ ცხოვრებაზე, სამსახურებზე, მოგზაურობაზე და სკოლაზე დავიწყეთ ოცნება. თუმცა 2021 წლის ვაქცინირების ცხელ-ცხელმა ზაფხულმა [საუბარია ბაიდენის ინიციატივაზე, რომ მთელი მოსახლეობა 4 ივლისამდე აცრილიყო], რეალურად სახელის მხოლოდ "ცხელ-ცხელი" ნაწილი შეასრულა, ვაქცინირების ტემპები შემცირდა და ზოგი შტატი ხანძარმა ააოხრა, ზოგიც 一 დელტა შტამმა ხანძრისვე მძვინვარებით. ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა: ჯერ კარგი იყო, შემდეგ ცუდი, შემდეგ იმავე კოშმარში გაგვეღვიძა, რომელშიც ბოლო 18 თვე ვიცხოვრეთ.
ახლა კი, უცაბედად, ისევ სკოლის დრო მოდის და შემთხვევების რაოდენობა იზრდება; ისევ სკოლის დრო მოდის და ბრძოლის პირველი ხაზი ნიღბების ტარებაზე გადის; ისევ სკოლის დრო მოდის და 12 წლამდე ბავშვები ჯერ კიდევ აუცრელები არიან. მშობლები თავიანთი ცხოვრების ყველაზე საშინელი წელიწადის გამეორებას იწყებენ.
მშობელი ვარ. უმცროსი 6 წლისაა, უფროსი 一 16-ის. და შემიძლია გითხრათ, რომ განრისხებული და ამავდროულად შეშინებულიც ვარ. სიტუაცია გამოუვალია. როგორც მშობელი, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ბავშვების სკოლაში დაბრუნებას ვნატრობდი 一 მათი და ჩემი კეთილდღეობისათვის 一 მაგრამ არა ასე.
მოზარდებში COVID-19-ის გავრცელების სწრაფმა ზრდამ შარშანდელი წარმოდგენა, რომ ბავშვებს კორონა არ ემართებათ და რომც დაემართოთ, მარტივად გადაიტანენ, ნაცარტუტად აქცია. ეს ხელსაყრელი ტყუილი იყო, რომელსაც ნაწილობრივ იმიტომაც ვიჯერებდით, რომ ბავშვები სახლებში გვყავდა გამოკეტილი. დისტანციური სწავლების ვარიანტის დაკარგვის შემთხვევაში წელს ყველაზე ცუდი გზით შევიტყობთ, ბავშვებისთვის ვირუსი რეალურად რამდენად საშიშია.
მე ვისაც ვიცნობ, ყველა მშობელს ცრემლი უკვე დიდი ხნის წინ დაუშრა 一 მათ შორის მეც. აღარც ცრემლები დამრჩა, არც ენერგია და არც მოთმინება. ამ 18-თვიანი წვალების განმავლობაში ჩვენი შვილების ცხოვრებათა სამართავად 一 საკუთარ ცხოვრებათა მიტოვების ხარჯზე 一 მაქსიმუმი გავაკეთეთ. ეს არც მაშინ იყო გრძელვადიანი გამოსავალი, არც ახლაა და ახალმა სასწავლო წელმა როგორი ახალი ჯოჯოხეთიც უნდა მოიტანოს, არც მერე იქნება.
ამ ყველაფრის შემდეგ მშობლებს მხნეობას ვთხოვთ. ჩვენგან ელიან, როგორ გავაგრძელებთ მუშაობას და ჩვენი ცხოვრებით ისე ცხოვრებას, თითქოს არაფერიც არ ხდება. ამ ყველაფერში კი თურმე თვეების 一 შესაძლოა, წლების 一 განმავლობაშიც ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ გვირაბის ბოლოში სინათლესაც ვერ ვხედავდეთ. ეს კარგი არაა. კარგი აღარაფერია. არცერთი მშობელი აღარაა კარგად, და წარმოდგენაც არ მაქვს, ამ მდგომარეობიდან როგორ ან როდის გამოვალთ.
მშობლები უკვე გატეხვის ზღვრამდეც კი აღარ არიან მისულები. ჩვენ უკვე გავტყდით. და მაინც ვაგრძელებთ, იმიტომ რომ ჩვენი საქმე ასეთია: ჩვენსავე ნატეხებს ერთად მოვხვეტთ, ისე შევკოწიწდებით, როგორც შეგვეძლება, დამსხვრეულები და გახვრეტილები გავაგრძელებთ იმიტომ, რომ არჩევანი არ გაგვაჩნია და ვილოცებთ, რომ ჩვენ თუ გავაგრძელებთ, იქნებ ჩვენი შვილებიც გადარჩნენ.
კომენტარები