რა დაემართა ჯორდან პიტერსონს?
"პატივცემული გურუ და საძულველი პროვოკატორი ცოტა ხნით თვალთახედვიდან გაქრა. მაგრამ როგორც თანამედროვე კულტურის პოპვარსკვლავებს სჩვევიათ, მანაც ვერ გაუძლო ცდუნებას და უკან დაბრუნდა", — წერს ჯორდან პიტერსონზე ჟურნალისტი და წიგნის, "ფემინიზმის ისტორია 11 ბრძოლაში", ავტორი, ჰელენ ლუისი.
2020 წლის დასაწყისში, ერთ დღეს ჯორდან პიტერსონი სიკვდილს კლანჭებიდან დაუძვრა. 57 წლის კანადელი აკადემიკოსი რუსულ კლინიკაში ცხრა დღე კომაში იმყოფებოდა. ამის მიზეზი ბენზოდიაზეპინები გახლდათ — დამამშვიდებელი წამლების ჯგუფი, რომელიც ქსანაქსსა და ვალიუმს შეიცავს და რომელზეც პიტერსონი დამოკიდებული გახდა. როცა ის ამ დღეების განმავლობაში უგონოდ იყო, მისი სხეული წამლის შეწყვეტით გამოწვეული საშინელი შედეგებით იტანჯებოდა. პიტერსონს საწოლზე მიბმულს გამოეღვიძა. მან მკლავიდან კათეტერების მოგლეჯა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების დატოვება სცადა.
როდესაც 2020 წლის თებერვალში მისი დეტოქსიკაციის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა, პასუხი გაეცა კითხვას: რა დაემართა ჯორდან პიტერსონს? სამი წლის განმავლობაში, სანამ ის 2019 წლის ზაფხულში გაუჩინარდებოდა, ფსიქოლოგიის ერთ დროს უცნობი პროფესორის სახელს ხშირად შეხვდებოდით პუბლიცისტურ სტატიებში, ინტერნეტ ფორუმებსა და ინტელექტუალურ დისკუსიებში. მისი წიგნი, ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა, მილიონობით ეგზემპლარად გაიყიდა. პიტერსონმა 160 ქალაქში ჩაატარა შეხვედრები, რომლებსაც ყოველ ჯერზე 3 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა; პრემიუმ ბილეთებით დამსწრეებს მასთან ფოტოს გადაღების შანსიც ეძლეოდათ. 90 დოლარად მისი ვებსაიტი ონლაინ კურსს გვთავაზობდა, რათა უკეთესად გაგვეგო ჩვენი "უნიკალური ინდივიდუალურობა". მისი სახელით შექმნილი პროდუქციის მაღაზია კი პიტერსონის გამოსახულებით ყველაფერს ყიდდა: ჭიქებს, სტიკერებს, პოსტერებს, ტელეფონის ჩასადებებს, ნაჭრის ჩანთებს. პიტერსონმა საჯარო ინტელექტუალის სრულიად ახალი მოდელი შექმნა, რომელიც მარკუს ავრელიუსსა და მართა სტიუარტს შორის მერყეობდა.
ამგვარი პოპულარობის საფასური კი სხვა ადამიანების მოსაზრებების მორევში ცხოვრება იყო. იმის მიხედვით, თუ ვის დაუჯერებდით, პიტერსონი იყო ან პირქუში, თუმცა კი გულისხმიერი მწყემსი ახალგაზრდა კაცების დაკარგული თაობისა, ანდაც რეაქციონერი მყვირალა, რომლის იდეებიც ულტრამემარჯვენეებს ახალისებდა და ფემინისტებისგან კრიტიკას იმსახურებდა. მას როგორც გურუს, ისე ეპყრობოდნენ; გმობდნენ, როგორც საშიშ შარლატანს; მილიონობით ადამიანი ხოტბას ასხამდა და ასევე მილიონობით ადამიანი ლანძღავდა. ახლა პიტერსონი საჯარო სფეროსა და თანამედროვე ვარსკვლავის განსაცდელს ახალი წიგნით — წესრიგს მიღმა: კიდევ 12 წესი ცხოვრებისათვის — დაუბრუნდა, რომელსაც, მისი უკანასკნელი გამოცდილების გათვალისწინებით, მართლაც დამაინტრიგებელი სათაური აქვს. საიდუმლო ღრმავდება: რეალურად რა შეემთხვა ჯორდან პიტერსონს და რატომ დაბრუნდა ის საზოგადო ასპარეზზე?
პიტერსონმა ბავშვობა ქალაქ ფეარვიუში, კანადის დასავლეთ პროვინციაში — ალბერტაში გაატარა. თავის ასაკთან შედარებით ტანით პატარა იყო, რამაც მასში ენამახვილობის გამოწვრთნასა და ტრადიციული მასკულინური ძალითა და ძალადობით დაინტერესებას დაუდო დასაბამი. პიტერსონი ერთხელ ფეისბუქ პოსტში მოჰყვა, თუ როგორ გაიგონა მეზობლის გოგოს, ტემი რობერტსის სხვა გოგოსთვის ნათქვამი ხუმრობა, რომ მას საკუთარი გვარის შენარჩუნება სურდა, ამიტომაც "ვინმე ქალაჩუნას" გაჰყვებოდა ცოლად. ამის თქმის შემდეგ კი ტემი შემოტრიალდა და მეგობარს სანიმუშოდ თინეიჯერ ჯორდანზე მიუთითა. პიტერსონმა ახალგაზრდობის ერთი ზაფხული სასკაჩევანში, სრულად კაცებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფთან ერთად რკინიგზაზე მუშაობაში გაატარა, სადაც მას ცნობილი ჭორფლიანი მარიონეტის სახელი, Howdy Doody შეარქვეს. სტუდენტობისას ის მკაცრი რეჟიმის ციხეს ესტუმრა, სადაც განსაკუთრებით მოიხიბლა ერთი პატიმრით, რომელსაც მკერდს ქვემოთ საზარელი ნაიარევი ჰქონდა. პიტერსონმა თავისთვის დაასკვნა, რომ ის რაიმე ოპერაციიდან ან ნაჯახით მიყენებული ჭრილობიდან უნდა დარჩენილიყო: "ასეთი დაზიანება მასზე სუსტ ნებისმიერ კაცს მოკლავდა — მათ შორის, მეც".
პიტერსონი მუდამ იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ უნდა ყოფილიყო უკეთესი კაცი. ის ქრისტიანულ ოჯახში გაიზარდა, თინეიჯერობისას კი გადაწყვიტა, რომ "რელიგია უმეცრებისთვის, სუსტებისთვის და ცრუმორწმუნეებისთვის იყო". პიტერსონი მემარცხენე რევოლუციას ესწრაფოდა, სანამ კოლეჯში მემარცხენე ღირებულებების მქონე აქტივისტებს არ შეხვდა. ამის მერე, როცა ყველა იდეოლოგია უარყო, მან გადაწყვიტა, რომ ცივი ომის საშიშროებამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახადა, გაგვეგო, როგორ მუშაობს დესტრუქციისადმი ადამიანის მიდრეკილება. მან ფსიქოლოგიის შესწავლა დაიწყო.
დოქტორის ხარისხზე მუშაობასთან ერთად, პიტერსონი ჯერ ჰარვარდში, შემდეგ ტორონტოს უნივერსიტეტში ასწავლიდა და, ამავდროულად, ოჯახიც შექმნა — ის ტემიზე 1989 წელს დაქორწინდა და დიახ, ქალი მის გვარზე გადავიდა. პიტერსონმა თავისი პირველი წიგნისთვის რწმენის საწყისების კვლევაზე დაიწყო მუშაობა. მას უნდა აეხსნა აბსოლუტურად ყველაფერი — არსებითად კი ის, თუ რა გავლენა იქონია კაცობრიობის ისტორიაზე ამბებისადმი ადამიანთა სიყვარულმა. 1999 წელს გამოცემული მნიშვნელობის რუკები ისეთი აკადემიკოსების ნაშრომებზეა დაფუძნებული, როგორიცაა ლიტერატურისა და რელიგიის მკვლევარი, ჯოზეფ კემპბელი, რომლის აზრითაც, ყველა მითოსური ამბავი მხოლოდ ერთი არქეტიპული მოგზაურობის ვარიაციებია (კემპბელის "მონომითი" ვარსკვლავური ომების სიუჟეტური განვითარების შთაგონების წყაროდაც იქცა). ამ "გმირის მოგზაურობაში" ახალგაზრდა კაცი თავს აღწევს მონოტონურ ცხოვრებას, უპირისპირდება ურჩხულებს, უძლებს ცდუნებას, იხედება უფსკრულში და მოიპოვებს დიდ გამარჯვებას. ის სახლში ბრუნდება იმ ძალაუფლებით, რომელსაც, როგორც კემპბელი ამბობს, "სხვა, მისი მსგავსი კაცების დასახმარებლად" იყენებს. ამ გზით გმირი საკუთარ თავთან მშვიდად ცხოვრების თავისუფლებასაც მოიპოვებს.
2016 წლის შემოდგომით პიტერსონმა ხელთ იგდო შანსი, რომ საკუთარი მოგზაურობის გზას დასდგომოდა. კანადურმა პარლამენტმა C-16 კანონპროექტით წამოაყენა წინადადება, ჩაემატებინათ "გენდერული იდენტობისა ან გამოხატვის თავისუფლება" ქვეყნის ადამიანთა უფლებების დაცვის აქტში, რომელიც სქესის, რასის, რელიგიისა და ა.შ. თვითგამოხატვას უზრუნველყოფს. პიტერსონისთვის ეს კანონპროექტი იმის მტკიცებულებად იქცა, რომ კულტურული მემარცხენეობა საჯარო პოლიტიკას მართავდა და კანონით ამტკიცებდა თავის დიქტატებს. იუთუბის ვიდეოში სახელწოდებით, პროფესორი პოლიტკორექტულობის წინააღმდეგ, ის ამტკიცებდა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, მას მთავრობის ტრიბუნალის წინაშე წარდგენა მოუწევდა, თუკი უარს იტყოდა ისეთი ახლადშექმნილი ნაცვალსახელის გამოყენებაზე, როგორიცაა zhe. ჯო როგანის სენსაციურ პოდკასტში პირველი რამდენიმე გამოჩენის დროს პიტერსონი ამბობდა, რომ მზად იყო, თავი შეეწირა საკუთარი პრინციპებისათვის, თუკი ეს საჭირო გახდებოდა. მისმა შეუპოვრობამ როგანი მოხიბლა. ეს უკანასკნელი საბრძოლო ხელოვნების ყოფილი კომენტატორი გახლავთ, რომელსაც ახალგაზრდა კაცების დიდი წრე გულშემატკივრობს და რომელიც ეკლექტური პოლიტიკური ხედვით გამოირჩევა (მემარცხენეობის ხშირი კრიტიკოსი, 2020 წელს ბერნი სანდერსს უჭერდა მხარს). "შენ ხარ იმ რამდენიმე აკადემიკოსთაგან ერთ-ერთი", — უთხრა როგანმა პიტერსონს, — "რომელსაც უბრძოლია იმ იდეების წინააღმდეგ, რასაც დღეს არა მხოლოდ ავრცელებენ, არამედ ძალითაც კი გვტენიან".
C-16 2017 წელს კანონად იქცა, თუმცა მის წინააღმდეგ გალაშქრება კულტურული ომის სანიმუშო ბრძოლად იქცა. ორივე მხარე თავისი მოწინააღმდეგის არგუმენტებს უკიდურესად აზვიადებდა, რათა საკუთარი პოზიცია გაემყარებინა: თქვენ ან ტრანსგენდერი ადამიანები გძულდათ, ან — სიტყვის თავისუფლება. პიტერსონის ხედვით, კანონპროექტმა პოსტმოდერნიზმის უფრო დიდი მიზანი დაგვანახა. ის ამ ხედვას აღწერს როგორც იდეოლოგიას, რომელიც ობიექტურ ჭეშმარიტებას უარყოფს და "მის მიმდევრებს ეთიკის გარეშე ტოვებს" (პოსტმოდერნიზმის თეორეტიკოსები ამ ხედვას ამგვარად სულაც არ განსაზღვრავენ და თუკი რამდენიმე თავისუფალი საათი გაქვთ, შეგიძლიათ, რომელიმე მათგანს ამის შესახებ ჰკითხოთ კიდეც). პიტერსონის აზრით, ის მეცნიერებისა და რაციონალურობის მხარესა და იდენტობის პოლიტიკის წინააღმდეგ იყო. მისი მტკიცებით, ფემინისტები ცდებოდნენ, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ ტრადიციული გენდერული როლები შემზღუდველი და მოძველებულია, რადგან საუკუნეების განმავლობაში ევოლუციამ კაცები ძლიერ, შემოსავლის შემომტან არსებებად აქცია, ხოლო ქალები თბილ, ემოციურად მგრძნობიარე და მზრუნველ ქმნილებებად. "ხალხს, რომელიც ამბობს, რომ ჩვენი კულტურა დამთრგუნველი პატრიარქატია, არ სურს იმის აღიარება, რომ ამჟამინდელი იერარქია კომპეტენციებზეა დაფუძნებული", — ასე განმარტა პიტერსონმა ეს საკითხი მოგვიანებით, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო. მსოფლიოს უდიდესი რელიგიების შექმნის ისტორიებიც პიტერსონის წისქვილზე ასხამდა წყალს — ისევე, როგორც გმირის მოგზაურობა: კაცები ებრძოდნენ ურჩხულებს, ქალები კი მხოლოდ მაცდუნებელნი ან დამხმარენი იყვნენ.
მედიამაც მიაქცია ყურადღება პიტერსონს, რომელმაც რამდენიმე რჩევა განათავსა კითხვა-პასუხის საიტზე, Quora. ეს ნაწერი მან მეორე წიგნად — 12 წესი ცხოვრებისთვის — გარდაქმნა, რომელიც ხალხური სიბრძნის, ევოლუციური ბიოლოგიისა და საბჭოთა კომუნიზმის ბოროტებაზე საუბრის ნაზავია (მის შვილს, მიკაილას, მიხეილ გორბაჩოვის პატივსაცემად ჰქვია ეს სახელი). წიგნი ხაზს უსვამს დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის კონსერვატორულ პრინციპებს და მკითხველებს მოუწოდებს, რომ დაალაგონ თავიანთი საძინებელი ოთახები და მოწესრიგდნენ, რათა ქალთა ყურადღებისთვის ერთმანეთს შეეჯიბრონ. ეს გზავნილი განმტკიცებულია კიბორჩხალების საეჭვო ანალოგიით, რომელშიც ისინი ერთმანეთს შარდის შესხმით ებრძვიან, რათა შეჯვარების იერარქიაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ. "მშობლებმა, უნივერსიტეტებმა და სოციუმის უხუცესებმა ვერ შეძლეს ახალგაზრდა მამაკაცებისთვის რეალური და პრაქტიკული ცოდნის მიცემა იმაზე, თუ როგორ უნდა იცხოვრო", — წერს დევიდ ბრუკსი The New York Times-ის სვეტში, — "პიტერსონმა ეს ნაპრალი ამოავსო". მან თვითდახმარება იმ ადამიანებს შესთავაზა, ვისაც მსგავსი ჟანრის ტექსტების კითხვა აქამდე თავში აზრადაც არ მოსვლია.
თუმცა თანამედროვეობა პოპკულტურის ვარსკვლავებისგან უმოწყალოდ ბევრს მოითხოვს — მეტი "კონტენტი", მეტი წვდომა, მეტი გულწრფელობა. ეს მოლოდინები უკვე ორად ხლეჩდა ფსიქოლოგის სფეროდან მოსულ საჯარო პერსონას. პირველ რიგში, პიტერსონი მამის ხატად რჩებოდა 12 წესის ერთგული მკითხველებისათვის, რომლებიც გრძელ რიგებში იდგნენ მის მოსასმენად და ამაღელვებელ მესიჯებს ტოვებდნენ ინტერნეტ ფორუმებზე იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა პიტერსონმა მათი ცხოვრება. მეორე მხრივ კი, ის შიშისმომგვრელი მოპაექრე, გლადიატორი გახლდათ, რომელმაც გენდერული ნიშნით არათანაბარ ანაზღაურებასა და შეურაცხყოფის მიყენების თავისუფლებაზე აზრთა ფიცხი გაცვლა-გამოცვლის შემდეგ ბრიტანული ტელევიზიის ჟურნალისტს, ქეთი ნიუმანს უყვირა, "გამოგიჭირეო!" მისი მონაწილეობით წარმართულ დებატებს ჭრიდნენ და ამონტაჟებდნენ, შემდეგ კი იუთუბზე ტვირთავდნენ სათაურებით, რომლებიც მის მიერ მოწინააღმდეგეების "განადგურებაზე" იუწყებოდნენ.
ეს ყველაფერი იმიტომ ვიცი, რომ ერთ-ერთი მათგანი თავად ვიყავი: ჩვენი ინტერვიუ ბრიტანული GQ-ისთვის, რომელმაც 23 მილიონი ნახვა დააგროვა, ყველაზე მეტჯერ ნანახი მასალაა, რაც კი ოდესმე გამომიქვეყნებია. მანამ, სანამ მილიონობით ნაცნობი მეილებსა და მესიჯებს მიგზავნიდა ჩემს შესაქებად და პიტერსონის დოქტორის ხარისხის მფლობელ კაციჭამია ჰანიბალ ლექტერთან შესადარებლად, თავად ვიდეო საშინელი კომენტარებით გაივსო. მე ვიყავი "მიკერძოებული და ერთმნიშვნელოვნად ინტელექტუალურად გაკოტრებული", "ყალბი და ღვარძლიანი" და "ჭირვეული ბავშვი, რომელიც დიდების საუბარში ჩაერთო". ზოგიერთს აინტერესებდა, როგორი ადამიანი დაქორწინდება ასეთ სულელ, წუწუნა, წიკვინა ფემინისტზე (სხვათა შორის, როგორი და, ძალიან კარგი კაცი — გმადლობთ, რომ მკითხეთ).
პიტერსონი მუდმივად ორად გაყოფილ რეალობაში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ის თაყვანისცემით ტკბებოდა, ათასობით ინტერნეტ მომხმარებელი ვარსკვლავად ქცეული ფსიქოლოგის ყველა განცხადებას უკირკიტებდა, რათა მისი საწინააღმდეგო მტკიცებულებები შეეგროვებინა. ერთ კვირას The New York Times-ის რედაქტორმა, ბარი უეისმა პიტერსონი კულტურის სფეროში წამყვან მებრძოლად აკურთხა. ათი დღის შემდეგ კი იმავე გაზეთმა მასზე დამცინავი ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ პიტერსონის სახლი საბჭოთა პროპაგანდით იყო გაფორმებული. იქვე ციტირებდნენ მის სპეკულაციას "იძულებითი მონოგამიის" უპირატესობის შესახებ ახალგაზრდა კაცების ცხოველური ინსტინქტების გასაკონტროლებლად. მას შემდეგ, რაც მას მარგარეტ ეტვუდის გილეადის ტრფიალში დასდეს ბრალი, პიტერსონმა მალევე გამოაქვეყნა საპასუხო ტექსტი თავის ვებსაიტზე, სადაც ირწმუნებოდა, რომ მან მხოლოდ "მონოგამიის სოციალური ნორმებით იძულება" იგულისხმა.
ასეთმა საჯაროობამ მასზე უარყოფითად იმოქმედა. მას შემდეგ, რაც ინდოელმა ესეისტმა, პანკაჯ მიშრამ მას "ფაშისტი მისტიკოსი უწოდა", პიტერსონმა ტვიტერზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ის "ქედმაღალი, რასისტი ნაბიჭვარი" და "ფარისეველი იდიოტი" იყო. მერე კი დაამატა: "ჩემს ოთახში რომ ყოფილიყავი ახლა, სიამოვნებით გაგაწნიდი სილას". პიტერსონისთვის ძილსაც არ მოჰქონდა შვება. მას თერაპევტული ტექნიკის, "სიზმრების ანალიზის" სჯერა და 2018 წლის ოქტომბერში ბლოგიც დაწერა იმაზე, თუ როგორ ნახა კოშმარი ერთი გამაღიზიანებელი ინტერვიუს შემდეგ. ამ სიზმარში ის კაცს შეხვდა, რომელიც "უბრალოდ, არ ჩუმდებოდა". კაცმა მას კანადის უნივერსიტეტიდან ერთი ნაცნობი მოაგონა, რომელსაც პიტერსონი სემად მოიხსენიებს. სემის მერსედესს, წერს ის, კარებზე სვასტიკები ეკრა და თავად ისიც ყველაზე საშინელ რაღაცებს იძახდა, რადგან ხალხისგან აგრესიის მიღებაზე უარს ვერ ამბობდა. "საკუთარ თავს ვერ ვშველი", — ეთქვა სემს პიტერსონისთვის, — "სასროლი მიზანი მკიდია ზურგზე". საბოლოოდ, წვეულებაზე სემმა ზღვარს გადააბიჯა და როცა გაღიზიანებული ბრბო მისკენ მიიწევდა, ერთმა ნაცნობმა ის "ერთი დარტყმით ძირს დააგდო". პიტერსონს სემი აღარასოდეს უნახავს. მის სიზმარში სემის მსგავსი კაცი ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა და "საბოლოოდ, ყელში ამომივიდა... ამიტომაც მაჯები გადავუგრიხე და მისივე თითები პირში ჩავთხარე. მკლავები რეზინებივით გადაეღუნა და მიუხედავად იმისა, რომ ჩანაფიქრი კარგად შევასრულე, ის მაინც ბურდღუნებდა. შემდეგ გამეღვიძა".
რთულია, ამ მონათხრობში ქვეტექსტის ამოკითხვისგან თავის შეკავება: პიტერსონს თვეების განმავლობაში ახასიათებდნენ როგორც ნაცისტს და აიგივებდნენ ულტრამემარჯვენეებთან, რასაც ის ყოველთვის უარყოფდა. მას მანქანის კარზე მეტაფორული სვასტიკები ეკრა. პიტერსონმა ვერ შეძლო, თავიდან აერიდებინა საკუთარი თავის სამიზნედ ქცევა და არც მას შეეძლო ლაპარაკის შეწყვეტა. მაგალითად, 2019 წელს, მას შემდეგ, რაც ახლა უკვე cancel culture-ად ცნობილი მემარცხენე ცენზურა გააკრიტიკა, პიტერსონი შეხვდა ვიქტორ ორბანს, უნგრეთის ღიად არალიბერალ პრემიერმინისტრს, რომლის მთავრობამაც დახურა გენდერული კვლევის პროგრამები, წამოიწყო კამპანია ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ქვეყნიდან გასაძევებლად და შეურაცხყოფა მიაყენა დამოუკიდებელ ჟურნალისტებს. Cancel culture-ის ორბანის ხელისუფლების მიერ წახალისებულ ვერსიაზე — ან, თუ სწორ სიტყვას გამოვიყენებთ, ავტორიტარიზმზე — როგორც ჩანს, შეხვედრაზე სიტყვა არ ჩამოვარდნილა. პიტერსონს იქამდე ინტერვიუში ეთქვა, რომ ორბანის მსგავსი პოლიტიკოსები უნდა დაახასიათონ არა როგორც "ძლიერი კაცები", არამედ "შეუმდგარი დიქტატორები". მიუხედავად ამისა, ვიზიტმა — და მოსაუბრე კაცების ფოტომ, რომელიც პრემიერმინისტრის პოლიტიკის მხარდამჭერმა მედიამ გაავრცელა — ორბანის რეპრესიულ მთავრობას ინტელექტუალური სარჩული შესძინა.
მთელი ამ დროის განმავლობაში პიტერსონს ორი განსხვავებული იდენტობით უწევდა არსებობა. სანამ მისი გზავნილების დამცავი არგუმენტები იუთუბს, ტვიტერს, ფეისბუქსა და ტრადიციულ მედიას იპყრობდა, თავად ის ჩვენი პოლარიზებული მედია-კლიმატის სახედ იქცა. ადამიანები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ პიტერსონს ხედავდნენ, რაც იმაზე იყო დამოკიდებული, თუ საიდან იღებდნენ ინფორმაციას. როდესაც ის სალექციო ტურზე ვნახე ლონგ-აილენდის თეატრში, პირველი კითხვა, რომელიც მას დაუსვეს, არ იყო ნაცვალსახელებსა თუ დასავლური ცივილიზაციის ნგრევაზე. კითხვა ასეთი იყო — როდის დათვერით ბოლოს? მეორე კი რჩევის მიღების გულწრფელი სათხოვარი იყო იმაზე, რაც ყველა ახალი მშობლისთვის ნაცნობია: როგორ დავაძინო ჩემი პატარა?
პიტერსონისთვის უკანასკნელი ორი წელი ნამდვილად ჯოჯოხეთური გამოდგა. 2020 წლის ივნისში საკუთარ შვილთან ჩაწერილ ვიდეოინტერვიუში ის ძალაგამოცლილი და მშფოთვარე ჩანდა, როდესაც საუბრობდა ნარკოდამოკიდებულებაზე — მტანჯველ გამოცდილებაზე, რომელსაც მისი ახალი წიგნის — წესრიგს მიღმა — დასაწყისშიც განიხილავს. პიტერსონი აღწერს იმას, თუ როგორ განუვითარდა 2016 წელს, საშობაო არდადეგების დროს, ალერგიული რეაქციის შედეგად ძლიერი შფოთვა, რის გამოც მისმა ოჯახის ექიმმა ბენზოდიაზეპინები გამოუწერა. მან ასევე დაიწყო, როგორც მიკაილა უწოდებს, "ლომის დიეტის" დაცვა, რაც მხოლოდ ხორცის, მარილისა და წყლის მიღებას მოიაზრებდა. 2019 წელს "საჯარო ფიგურის მშფოთვარე რეალობა" კიდევ უფრო გაამწვავა მისი ცოლის დიაგნოზმა — ტემის ბოლო სტადიის კიბო დაუდგინეს (ის საბოლოოდ გამოჯანმრთელდა). პიტერსონს — რომელიც წერს, რომ წლებია, იტანჯება "დეპრესიისადმი მიდრეკილებით" — ტრანკვილიზატორის დოზა გაუზარდეს, რასაც შფოთვის გაღრმავება და წამლის შეწყვეტის მცდელობით გამოწვეული გართულებები მოჰყვა. ის უფსკრულის კიდეზე იყო — "ისეთი შფოთვა, რაც აქამდე არ განმიცდია, უკონტროლებელი მოუსვენრობა და მოძრაობის საჭიროება... თვითდესტრუქციაზე შეუჩერებელი ფიქრები და არანაირი ბედნიერების არარსებობა".
ამ მშფოთვარე პერიოდის მიუხედავად, პიტერსონი წესრიგის მიღმაზე მუშაობდა. ის არ ამტკიცებს, რომ ამ მტანჯველმა გამოცდილებამ მას რაიმე ასწავლა (განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიამ ყველას ცხოვრება თავდაყირა დააყენა, აღნიშნავს ის). პიტერსონი ასევე უარს ამბობს, თავისი ნარკოდამოკიდებულება გამოწერილი წამლის არასათანადოდ მოხმარების კრიზისის კონტექსტში განიხილოს. ისიც ჩანს, რომ პიტერსონმა შეარბილა თავისი ქედმაღლური დამოკიდებულება რელიგიისადმი, რაც, შეიძლება, ტემის გავლენით აიხსნას: "სიკვდილთან ასე ახლოს ყოფნამ ჩემს ცოლს მოტივაცია მისცა, რომ თავის სულიერ და შემოქმედებით განვითარებაზე ეზრუნა". აღსანიშნავია, რომ პიტერსონი მზად არაა გმირის მოგზაურობაზე ხელის ასაღებად — მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც გადაიტანა. "მთელი ეს უიღბლობა არსებობის ამბის მხოლოდ მწარე ნახევარია", — წერს ის, — "რომელიც არ ითვალისწინებს არც ცოდვების გამოსყიდვისთვის საჭირო გმირულ ელემენტს და არც გარკვეული პასუხისმგებლობის აღებისთვის საჭირო ადამიანის სულის კეთილშობილებას".
ეს წიგნი უფრო მოკრძალებულია, ვიდრე მისი წინამორბედი და უფრო დაბალანსებული ლიბერალიზმსა და კონსერვატიზმს შორის — თუმცა ის ინტელექტუალურისა და ბანალურის ძველებურ ნარევს გვთავაზობს. მკითხველს რამდენიმე ადგილას შესაძლებლობა აქვს, თვალი შეავლოს ცეცხლოვან ონლაინ მოკამათეს, თუმცა წესრიგის მიღმასეული პიტერსონი, ძირითადად, ორ სხვა ამპლუაში გვევლინება. პირველი პრაქტიკული ექიმია, რომელიც თავისი პაციენტების პრობლემებსა და იმ სიყვარულით სავსე, თუმცა ხისტ რჩევა-დარიგებას აღწერს, რასაც მათთვის გასცემს. მეორე კი კოლეჯის დაბოლილი სტუდენტია, რომელიც გეუბნება, რომ ოქროს სნიჩი მეტაფორაა რაღაც "მრგვალი ქაოსისა... როგორც თავდაპირველი საცავი პირველყოფილი ელემენტისა". ზოგიერთი წინადადება პირდაპირ ითხოვს, რომ ბოლოში "ძმაო" დაურთო; მაგალითად, ეს: "დედოფალი ელიზაბეთ II თავისი ერთ-ერთი დაუსრულებელი წვეულების დროს მოულოდნელად უზარმაზარ, ცეცხლისმფრქვეველ ხვლიკად რომ გადაიქცეს, სრულიად მისაღები და მოსალოდნელია, რომ ეს გაოცების გარკვეულ დოზას გამოიწვევს... მაგრამ თუკი ეს ამბის კონტექსტში მოხდება, მაშინ მას ჩვეულებრივად მივიღებთ". ექიმი პიტერსონის კითხვამ, შეიძლება, ბევრ რამეში გაგარკვიოთ; მისი მისტიკური ტყუპისცალის კითხვა კი სველ ქვიშაში გზის გაჭირვებით გაკვლევას ჰგავს. პიტერსონის გულშემატკივრებს უყვართ მისი პირველი მხარე, კრიტიკოსები კი დასცინიან მეორეს.
როცა პიტერსონის ნაწერს მხატვრულობის ბურუსს შემოაცლით, მისი ნააზრევი რეალურად იმაზე ოდნავ მეტია, ვიდრე მარტივი ჭეშმარიტება, რომ ცხოვრება რთულია. თითქმის 400 გვერდის შემდეგ ჩვენ ვიგებთ, რომ დაქორწინებულ წყვილებს კვირაში ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეთ სექსი, რომ სიცხე და წნევა ნახშირბადს ალმასად აქცევს, რომ სოციალური ცხოვრება კარგად მოქმედებს შენს მენტალურ ჯანმრთელობაზე და რომ 50 წლის კაცმა, პიტერსონმა გასაოცრად ბევრი იცის ქუიდიჩის შესახებ. თავი, რომელიც მკითხველებს მოუწოდებს, რომ "სახლში ერთი ოთახი რაც შეიძლება ლამაზად მოაწყონ", სხვების მსგავსად არათანმიმდევრული კია, თუმცა უჩვეულოდ სასიამოვნოა: პიტერსონმა იცის თავისი სიტყვის ფასი (თუმცა, ეს თავი, ამასთან, ძალიან უცნაურიცაა — მაგალითად, პიტერსონი ამტკიცებს, რომ 1.2 მილიონი ნახატი დაათვალიერა იბეიზე, სანამ საკუთარი საძინებლისთვის რომელიმეს აარჩევდა). მისი პროზა შთამბეჭდავი ხდება მაშინაც, როდესაც პიტერსონი აღწერს იმ საოცარ გამოცდილებას, რაც საკუთარი შვილიშვილის მიერ სამყაროს შეცნობის ყურების დროს დაეუფლა.
წესრიგს მიღმა იშვიათად, მაგრამ მაინც უხვევს პოლიტიკისკენ, რადგან პიტერსონს ჯერ კიდევ არ შეუძლია დემაგოგიისგან თავის შეკავება. ის ფიქრობს, რომ ჯანსაღი ამბიცია "ყველანაირად უნდა წახალისდეს":
ამ და სხვა მიზეზების გამოა, რომ ბიჭთა და კაცთა გამარჯვებისთვის ბრძოლის იმ "პატრიარქალურ ტირანიასთან" კიდევ უფრო ხშირი გაიგივება, რომელიც ჰიპოთეზურად ახასიათებს ჩვენს თანამედროვე, პროდუქტიულ და შედარებით თავისუფალ საზოგადოებებს, საოცრად საწინააღმდეგო შედეგის მომცემია (და უნდა აღინიშნოს, რომ სასტიკიც: იმაზე უარესი თითქმის არაფერია, ვიდრე ვიღაცას, ვინც რაღაცის მისაღწევად იბრძვის, წვრთნაში მყოფი ტირანივით მოექცე).
მაგრამ ვინ მიიჩნევს დაუფიქრებლად ნებისმიერ კაცთა ნებისმიერ ამბიციას არსებითად ზიანის მომტანად? თუკი რომელიმე ცნობილი ფემინისტი მწერალი ამტკიცებს, რომ დასავლეთი (და არა — კონკრეტულად "პატრიარქატი" ან კაცებით დომინირებული საზოგადოება) "პატრიარქალური ტირანიაა", პიტერსონმა მკითხველს მისი ტექსტებიდან ციტირებაც უნდა წარმოგვიდგინოს. ვის ეკამათება ის — გლორია სტაინემს თუ princess_sparklehorse99-ს თამბლერზე? თავად პროფესორს, აკადემიური სტანდარტების დაცვა მას ნამდვილად მართებს.
პიტერსონმა მთლიანი თავი დაწერა იდეოლოგიების — ფემინიზმის, ანტიკაპიტალიზმის, "ენვაირომენტალიზმის", — ერთი სიტყვით ყველაფერი იმის წინააღმდეგ, რაც -იზმით მთავრდება. ის ამტკიცებს, რომ ცხოვრება ზედმეტად კომპლექსურია იმისთვის, რომ ასეთ ინტელექტუალურ ჩარჩოებში იყოს მოქცეული. ერთ სასაცილო ფაქტს გაგიმხელთ: არსებობს აკადემიური მოძრაობა, რომელიც დიდი ისტორიული ნარატივებისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი. მას ჰქვია... პოსტმოდერნიზმი. ეს თავი მკითხველებს ურჩევს, რომ საკუთარ ცხოვრებას მიხედონ, სანამ მსოფლიოს შეცვლას ეცდებიან. ეს არა მხოლოდ წინარე 12 წესიდან ერთ-ერთის გადამღერებაა — "მოაწესრიგე შენი საძინებელი ოთახი", წერს ის აქ, რადგან გულშემატკივრებს უყვართ, როდესაც ჰიტებს უკრავ, — არამედ, ამასთან, უცნაური მოსასმენიცაა კაცისგან, რომელიც სალექციო ტურზე იყო მაშინ, როდესაც სარეაბილიტაციო კლინიკაში უნდა ყოფილიყო.
წესრიგის მიღმასეული პიტერსონი, რომელიც ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ქადაგებს, თავიდან ირიდებს იმ კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ საკუთარმა ქცევამ წვლილი შეიტანა მის ნერვულ აშლილობაში. ნამდვილად ბრძნული იყო თუ არა, ყველა იმ ბრუტალურ ინტერვიუზე დათანხმება, ყველა საერთაშორისო წარდგენაზე გამოსვლა, ყველა იმ ტვიტის გაგზავნა და ინტერნეტში ცეცხლის გაჩაღება? როგორც როკვარსკვლავი მიექანება თავით გადაწვისკენ, ისე შთანთქა პიტერსონი პოპულარობის პირამიდულმა სქემამ, რომელიც უფრო და უფრო სწრაფად აქუცმაცებდა მას მათთვის, ვისაც მისი ნაწილის მიღება სურდა. შეიძლება, პიტერსონს არ უნდოდა ხალხის განაწყენება და მოსწონდა, როდესაც საჭირო იყო სხვებისთვის. შესაძლოა, სიამოვნებდა ონლაინ არმიის ყოლა, რომელიც ხოტბას ასხამდა მის ტრიუმფებს და უპირისპირდებოდა მის მტრებს. ჩვენს გიჟურ მედია კულტურაში შეუძლია კი გამარჯვებულ გმირს სახლში დაბრუნება და ცხოვრების ნორმალურად გაგრძელება? თუ კიდევ ერთი თავგადასავლის წყურვილი, კიდევ ერთი მოსაკლავი დრაკონი, კიდევ ერთი ადამიანის დებატებში გაცამტვერების ცდუნება უხმობს მას?
ნებისმიერ შემთხვევაში, პიტერსონმა კულტურული ომის უფსკრულში ჩაიხედა და უფსკრულმაც პირდაპირ შეხედა მას თვალებში. ის ყველა ჩვენგანია, ვისაც არ შეგვიძლია, თავი შორს დავიჭიროთ ფეისბუქში გაჩაღებული უაზრო კამათისგან; ვისაც გვიგრძნია ზნეობრივი პიედესტალიდან დაწერილი ტვიტის შემდეგ თვითკმაყოფილების ენერგიის მოზღვავება; ვისაც საჯაროდ გვიზეიმია მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის დამარცხება. ასეთი არაჯანსაღი ქმედება — რაიმეს ან ვინმეს წინააღმდეგ განრისხებული გალაშქრება მაშინ, როცა ვიცით, რომ ამას კონტრშეტევა მოჰყვება — თვითდაზიანების ძალიან თანამედროვე ფორმაა. და მაინც, წესრიგის მიღმაში ყველაფერში დამნაშავე "ჰიპოთეზურად უსაფრთხო, მაგრამ რეალურად საშიში, შფოთვის საწინააღმდეგო წამალი, ბენზოდიაზეპინია", რომელიც პიტერსონს ოჯახის ექიმმა გამოუწერა. წიგნი იმის სურვილს გიჩენთ, რომ მკაცრი თერაპევტი პიტერსონი უფრო რთულ კითხვებს უსვამდეს საჯარო ინტელექტუალ პიტერსონს.
არასწორია ფორმულირება, რომ პიტერსონი თავისი წინააღმდეგობრივი განცხადებებისა და ადამიანური სისუსტეების მიუხედავადაა პოპულარული. არა — ის სახელგანთქმული სწორედ ამ თვისებების წყალობითაა. თაობისთვის, რომელმაც რელიგიისა და პოლიტიკის რწმენა დაკარგა, ის იმ ერთობ მცირერიცხოვან ფიგურათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც არსებობის ფუნდამენტურ კითხვებს უპირისპირდებიან: რა აზრის აქვს სიცოცხლეს? რომელი ინდივიდუალური მოგზაურობა მიანიჭებს ჩვენს არსებობას მნიშვნელობას? პიტერსონი, მრავალი გაგებით, კონტრკულტურულია. ის არ გვთავაზობს სწრაფად გამდიდრების სქემებს ან ახლადგაცნობილი ადამიანების დაკერვის ტექნიკებს. ის არც თავაშვებულია და არც ლიბერტარიანელი. ის გვპირდება, რომ ცხოვრება სიძნელეებით იქნება სავსე, მაგრამ ასევე გვეუბნება, რომ ის ამად ღირს.
თუმცა პიტერსონს გურუს სტატუსისკენ სწრაფვა ძვირად დაუჯდა — ტანჯვის მთელ კასკადად, რომელსაც არავის უსურვებდით. ის მდიდარი და ცნობილი გახდა, მაგრამ არა — ბედნიერი. "ჩვენ ერთმანეთს ვეჯიბრებით ყურადღებისთვის ინდივიდუალურად, სოციალურად და ეკონომიკურად", — წერს ის წესრიგის მიღმაში, — "ვერანაირი ვალუტა ვერ გადააჭარბებს მის ფასს". მაგრამ ყურადღება სახიფათო ნარკოტიკია: რაც უფრო მეტს ვიღებთ, მით უფრო მეტი გვინდა. სწორედ ისაა კულტურული ომის ყველაზე დიდი ჯილდო. თუმცა მან ჯორდან პიტერსონს იმგვარი მოგზაურობა დააწყებინა, როგორითაც ის პატივსაცემი, მაგრამ უცნობი პროფესორიდან იმ კაცად იქცა, რომელიც რუსული საავადმყოფოს საწოლზე იყო მიბმული და შემდეგი დოზის მიღების სურვილისგან სასოწარკვეთილი, კათეტერებს იძრობდა მკლავებიდან.
კომენტარები