"სთვის" — მრავალფუნქციური სათამაშოები და აქსესუარები შენი კომფორტისთვის
სთვის — ასე ჰქვია ბრენდს, რომელიც სოციალური საწარმო ბუს ერთ-ერთი პროექტია და მრავალფუნქციური სათამაშოებისა და სხვადასხვა საოჯახო აქსესუარის წარმოებას ითვალისწინებს.
www.stvis.ge — იქნება პლატფორმა, სადაც განთავსდება მრავალფუნქციური სათამაშოები, აქსესუარები და ყველაფერი "შენი კომფორტისთვის". თითოეული ნივთი დამზადებული და დამუშავებულია ხელით, ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალითა და ლაქ-საღებავებით.
"გვაქვს მოლაპარაკება სხვადასხვა კომპანიასთან, სკოლებთან და ფიზიკურ პირებთან სხვადასხვა ტიპის პროდუქტის შექმნაზე. საწარმო ეტაპობრივად წარმოადგენს 2-2 ნივთს:
- სკოლის მოსწავლეებისთვის
- სტუდენტებისთვის
- მასწავლებლებისთვის
- მზარეულებისთვის
და ყველასთვის, ვისთვისაც მთავარია ეკო პროდუქტი და ხარისხი მისაღებ ფასად", — აცხადებენ კომპანიაში.
კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, განიხილოს სხვადასხვა სპეციალური შემოთავაზება, შექმნას ესკიზები და მოარგოს ის მომხმარებელთა მოთხოვნებს, ოცნებებსა და მიზნებს.
გუნდის წევრებმა ერთობლივად დაიწყეს საქართველოს ბაზარზე არსებული (საქართველოში დამზადებული) ხის პროდუქციის ( სათამაშოების, აქსესუარების, დეკორატიული ნივთების და ა.შ) კვლევა.
"პირველ რიგში არ შეგვიძლია, არ აღვნიშნოთ სოციალური საწარმოების დადარის და კოდალას ჩართულობა ჩვენი იდეის წარმატებით განხორციელებაში. აღნიშნული საწარმოს წევრებმა ჩვენთვის რჩევა-დარიგებები არ დაიშურეს. საკმაოდ დიდი როლი ითამაშეს მათ იმაში, რომ სწრაფად მიგვეღწია დასახული მიზნებისთვისა და ამოგვეხსნა ყველა ის პრობლემა, რასაც ჩვენი ამ სფეროში გამოუცდელობით ვერ ვახერხებდით", — აცხადებენ კომპანიაში.
მათ რამდენიმე ერთობლივი ვორქშოპიც ჩაატარეს საწარმო ბუს გუნდის წევრ გსმ (განსაკუთრებული საჭიროების მქონე) პირებთან და მეგობარ კომპანიებთან ერთად.
"და აი დადგა დრო და ჟამი გვეფიქრა, რა იყო პირველი ის 2 ნივთი, ვისთვის იყო და როგორი უნდა ყოფილიყო. უმალვე ავარჩიეთ ბავშვები! დავიწყეთ ფიქრი, თუ რა შეაყვარებდა მათ სთვის პროდუქციას, რომელი ნივთი გახდიდა მათ ცხოვრებას საინტერესოს და მათ ყოველდღიურობას სამუშაო მაგიდასთან — მეტად კომფორტულს. დავიწყეთ გამოკითხვა მრავალშვილიან დედებთან და ხმათა უმრავლესობით მივედით ხატვასთან არსებულ პრობლემებთან", — ჰყვებიან საწარმოში.
"წყალი იქცევა, ყველაფერი ისვრება, ჭიქა ყირავდება, ფუნჯებს ვერსად ვდებთ" — ამ პრობლემების მოგვარებაში საწარმოს დიზაინერი და ტექნიკური პერსონალი ჩაერთო. მათ სხვადასხვა ცხოველის ესკიზი შექმნეს და მათ პრაქტიკული ფუნქცია მიანიჭეს. მაგალითად, ვეშაპს იყენებენ სუფთა ფუნჯების და ფუნჯის სარეცხი კონტეინერის დასაფიქსირებლად, ხოლო ნიანგს — დასვრილი ფუნჯების დასადებად.
კომპანიაში აცხადებენ, რომ რთული გზა გაიარეს, თუმცა პოზიტიურად არიან განწყობილები, რადგან გამოწვევები განვითარების საშუალებას აძლევთ. საწარმოსთვის დაზგა-დანადგარების საკითხი და სხვადასხვა პრობლემა, რომელიც დიდ მატერიალურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, საწყის ეტაპზე სახელმწიფოს, კეთილი ფონდებისა და კომპანიების დახმარებით გადაჭრეს. სოციალური საწარმო მათ მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.
კომპანია ახლა გულშემატკივრებისგან და მომხმარებლებისგან რჩევებს, კრიტიკას, იდეებს და სიახლეებს ელოდება.
ჯერ-ჯერობით საიდუმლოა, რას გეგმავენ ისინი მომავალში, თუმცა გვპირდებიან, რომ ყველა სიახლეს ფეისბუქ გვერდის დახმარებით გაგვიზიარებენ.
პროექტი ბუ
ბუ არის საქართველოსთვის პირველი ხის ინოვაციური საწარმო, რომელიც იფუნქციონირებს როგორც გადამზადება-დასაქმების ცენტრი. საწარმოში შექმნილი ყოველი პროდუქტი იქნება უნიკალური თავისი მახასიათებლებით და მორგებული საზოგადოების საჭიროებებზე.
საწარმოში გვიყვებიან, რომ საქართველოში არსებობს რამდენიმე აქტიური ხის სოციალური საწარმო, მაგრამ მათ მხოლოდ იმ გსმ პირების დასაქმება შეძლეს, ვინც მათ საწარმოებამდე მიდის. ბუ კი მოიცავს განსაკუთრებით იმ ბენეფიციარებს, რომელთა გადაადგილებაც რთულია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის, არაადაპტირებული გარემოს და უსახსრობის გამო. აღნიშნული ბენეფიციარები პირველ ეტაპზე პროდუქციას დაამზადებენ სახლში. საწარმო ასევე იზრუნებს იმ ბენეფიციარებზეც, რომლებსაც საწარმოში, ადგილზე მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ.
სოციალური საწარმო ბუ საწყის ეტაპზე მიზნად ისახავს 17-25 წლამდე გსმ და სოციალურად დაუცველ პირთა გადამზადებას, დასაქმებას, რესოციალიზაცისა და მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ჩართულობის ხელშეწყობას. საწარმოში ფიქრობენ, რომ ბარიერების დარღვევითა და განვითარების თანაბარი პირობების შექმნით, მათი როგორც ფსიქოლოგიური, ასევე, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება.
პროექტში ჩართვის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები შეგიძლიათ საწარმოს დაუკავშირდეთ ელ-ფოსტაზე : [email protected]
კომენტარები