ადრეული სოციალური კავშირები აფთრებში სტრესისადმი გამძლეობას განაპირობებს — კვლევა
მეგობრების ყოლა მარტო თქვენი სოციალური ცხოვრებისთვის კი არა, ჯანმრთელობისთვისაც კარგია. თუმცა, ამჯერად არა თქვენზე, არამედ აფთრებზე უნდა ვისაუბროთ. აფთრებში სოციალურმა კავშირებმა და დედობრივმა ზრუნვამ შესაძლოა გენების გამოხატულებასთან და სტრესზე რეაქციასთან დაკავშირებულ მოლეკულურ ნიშნულებზე იქონიოს გავლენა, იუწყება კოლორადოს უნივერსიტეტი.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ზრდასრულობის ასაკამდე აფთრები, რაც უფრო მეტი სოციალური კავშირები ჰქონდათ და აქტიურ დედობრივი ზრუნვას ღებულობდნენ, მით უფრო ნაკლებ სტრესს განიცდიდნენ ზრდასრულობაში. აფთრებს დნმ-ში ნაკლები (გენებში იმუნურ ინფექციებთან, ანთებებთან და დაბერებასთან დაკავშირებული გენების) ცვლილებებიც აღენიშნებოდათ.
"ეს კვლევა გვაჩვენებს, რომ დიახ, ადრეული ცხოვრებისეული გამოცდილებები მნიშვნელოვანია. მათ მდგრადი მოლეკულური დონის გავლენა აქვთ და ჩვენი სტრესის მიმართ რეაქციის განვითარებას განაპირობებენ", — თქვა კვლევის მთავარმა ავტორმა, ზაკ ლაუბახმა.
1960 და 70-იანი წლებიდან მოყოლებული, მკვლევარები მღრღნელების, პრიმატების და ადამიანების ადრეულ ცხოვრებასა და ფიზიოლოგიურ და ქცევით განსხვავებებს შორის კავშირს ეძებენ. მაგალითად, 2004 გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, იმ ვირთხებს, რომლებსაც დედები ხშირად ლოკავდნენ და წმენდენ, სტრესზე რეაქციის რეგულაციასთან დაკავშირებულ გენში ნაკლები დნმ-ის მეთილაცია (ცვლილება) აღენიშნებოდათ.
მასაი მარას აფთრების პროექტი
მასაი მარას აფთრების პროექტი მიჩიგანის უნივერსიტეტის კაი ჰ. ჰოულკამპმა და ლაურა სმეილმა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში წამოიწყეს. პროექტის ფარგლებში, 30 წლის განმავლობაში, კენიაში მდებარე მასაი მარას ეროვნულ ნაკრძალში აფთრების პოპულაციას აკვირდებოდნენ. აფთრების მრავალ თაობაზე შეგროვებული ინფორმაცია ცხოველების ქცევის, ევოლუციისა და დაცვის მექანიზმების შესასწავლად მართლაც შეუფასებელია. მისაი მარას პროექტი არაერთხელ გამხდარა ცხოველების ურთიერთობების, ქცევებისა და ბიოლოგიურ მარკერებს შორის კავშირზე კვლევების საფუძველი.
აფთრების მსგავსი კვლევებისთვის კარგი ობიექტები არიან, რადგან აფთარი დედები თავდადებულები არიან, მყარი სოციალური იერარქია აქვთ და შვილების აღზრდას კონკრეტულ დროს უთმობენ. დედები ბევრის მაგივრად, ერთ, ან ორ აფთარს აჩენენ და გაჩენისთანავე საერთო ბუნაგში აცხოვრებენ თავიანთ ტოლებთან ერთად. ერთი წლის განმავლობაში, პატარა აფთრებზე ისევ ზრუნავენ, თუმცა შემდეგ, შვილები ბუნაგს ტოვებენ და დამოუკიდებლად ცხოვრებას იწყებენ.
ჯანმრთელი რეაქცია სტრესის მიმართ
კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო უფრო მეტი სოციალური კავშირები ჰქონდათ აფთრებს, მით უფრო დაბალი იყო მათი მუდმივი სტრესის ჰორმონის დონე. თუმცა, საჭირო სიტუაციებში, მაგალითად როცა ლომი ან უფრო ძლიერი აფთარი გამოეკიდებოდათ, სტრესის დონე ბუნებრივია გაიზრდებოდა.
ზოგადად, აფთრებისთვის და სხვა ხერხემლიანებისთვის, სტრესის ჰორმონის გამოყოფის შემდგომი ეფექტები სასარგებლოა. ამ დროს, ცხოველები ენერგიის მოზღვავებას გრძნობენ, პულსი ეზრდებათ და მათ ორგანიზმში იმ მომენტისთვის, გადარჩენისთვის არასაჭირო პროცესები, როგორიცაა საჭმლის მონელება და რეპროდუქცია, ფერხდება. ქრონიკულად მაღალი სტრესის ჰორმონის დონე მავნებელია. ამიტომაც, სტრესზე ჯანმრთელი რეაქციის ქონა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ცვლილებები აფთრების დნმ-ში
მკვლევრებს ასევე უნდოდათ დაედგინათ, რა კავშირი არსებობს აფთრების ადრეულ ცხოვრებასა და მათ დნმ-ის განვითარებას შორის.
ამისათვის, ლაუბახმა და მისმა კოლეგებმა გაანალიზეს აფთრების მიერ მიღებული მზრუნველობის და სოციალური ჩართულობის დონე და მათი დნმ ბუნაგის დატოვებიდან წლების შემდეგ. ამ დროის მანძილზე, შესაძლოა დნმ-ის მეთილაციის პროცესი განვითარდეს და შედეგად გენების გამოხატულება და ცხოველის ფიზიოლოგია, ან/და ქცევა შეიცვალოს.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ აფთრების ცხოვრების პირველ წელს დედობრივი მზრუნველობასა და დნმ-ში ცვლილებებს შორის დადებითი კორალაცია იყო.
"[კვლევის შედეგები] იმ ეპიდემიოოგიურ კვლევის დასკვნებს ირეკლავს, რომლებიც ცხოვრებაში განვლილი გამოცდილებების დროებსა და მათ ჯანმრთელობაზე გავლენას შეიწავლის. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ როცა ორგანიზმი განვითარების პროცესშია, არსებობს პერიოდები, როდესაც გარკვეული გამოცდილებები წარუშლელ და უფრო მნიშვნელოვან კვალს ტოვებს ორგანიზმზე, იმასთან შედარებით, თუ ორგანიზმი იმავე გამოცდილებას მოგვიანებით, ზრდასრულ ცხოვრებაში, გაივლიდა," — თქვა ლაუბახმა.
კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები