აფხაზეთის კანონმდებლობაში წამების ცნება არ არსებობს — რა ხდება კედლებს მიღმა
სტატია ქვეყნდება OC Media-სთან თანამშრომლობის ფარგლებში. ავტორები არიან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც იყენებენ მათთვის მისაღებ ტერმინოლოგიას. მასალას ვაქვეყნებთ უცვლელად, თუმცა სტატიაში ნახსენებ ტერიტორიებს, რომლებიც მდებარეობს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როგორც სახელმწიფო, ასევე On.ge-ს რედაქცია არ აღიარებს დამოუკიდებელ ერთეულებად. შესაბამისად, ადგილმდებარეობებსა და წოდებებთან მოიაზრება სიტყვები: "ოკუპირებული" და "დე-ფაქტო".
2020 წელს, აფხაზეთის სახალხო დამცველის ოფისში პირადი უფლებების დარღვევის შესახებ შესული 36 საჩივრიდან, 15 წამებისგან თავისუფლების უფლებას ეხებოდა. სახალხო დამცველის აზრით, აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს ცნება "წამება". მის მცდელობებს პარლამენტში ამის შესახებ მოსმენების დაიწყოს, აფხაზი დეპუტატები არ გამოეხმაურნენ.
წამების პრობლემის გახსენების ბოლო მიზეზი რუსი ტურისტის, არტემ რუსკიხის შესახებ Mediazone-ში გამოქვეყნებული სტატია გახდა, რომელიც აფხაზმა მილიციონერებმა ნარკორეალიზატორებად ჩათვალეს. Mediazona-ს თანახმად, ახალგაზრდა კაცის ფაქტზე დაკავება ვერ მოახერხეს, ამიტომ აღიარებითი ჩვენების მიღება გადაწყვიტეს.
რუსკიხი ცოლთან და ცოლის მეგობართან ერთად გაგრაში ისვენებდა. 7 აპრილს ისინი მამძიშხის მთების მიდამოებში ხედების სანახავად წავიდნენ, სადაც ძველ სასაფლაოებს წააწყდნენ. გოგოებმა გადაწყვიტეს ის დაეთვალიერებინათ და არტემს დაშორდნენ. ის ტურისტისთვის დამახასიათებელი სამოსითა და შესამჩნევი ტატუებით მარტო იდგა, რამაც მილიციის ყურადღება მიიპყრო.
რუსკიხის თქმით, სამართალდამცავებმა ჯერ მისი საბუთები გადაამოწმეს, შემდეგ კი მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათი გაატარა. მოგვიანებით, სასტუმროში მისი ოთახის ჩხრეკა გადაწყვიტეს, მაგრამ იქ ვერაფერი იპოვეს, რაც ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შესახებ წაყენებულ ბრალდებას დაადასტურებდა.
ჩხრეკის შემდეგ, ახალგაზრდა ისევ მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც აღიარებით ჩვენებაზე ისევ უარს აცხადებდა. არტემის თქმით, სამართალდამცავებთან უხეში საუბარი ხელბორკილების დადებით დასრულდა და ის დაუსახლებელ ადგილას წაიყვანეს.
Mediazona წერს, რომ სწორედ მაშინ დაიწყეს მისი წამება, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა: ჯერ აიძულეს მუხლებზე დაჩოქილიყო, შემდეგ მარყუჟი გაუკეთეს, რომელიც ხეზე გადაისროლეს, ამის მერე კი ცემა დაუწყეს და თავს ცივ მდინარეში აყოფინებდნენ. მისგან მოითხოვდნენ დაესახელებინა ადგილი, სადაც მან, სავარაუდოდ, ნარკოტიკი დამალა.
ახალი ამბების სააგენტოს ინფორმაციით, მილიცია მას ბრტყელტუჩით კბილების ამოღებით დაემუქრა, შემდეგ ხელკეტს ყელში ჩრიდნენ და დანა თითის ფრჩხილის ქვეშ გაურჭვეს.
რუსკიხი იხსენებს, რომ იმდენად სასტიკად აწამებდნენ, ცემის შეჩერების მიზნით, პოლიციას ნარკოტიკის ჩადება სთხოვა. ტურისტისგან აღიარებითი ჩვენება რომ ვერ მიიღეს, აფხაზეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა არტემი რუსეთის საზღვარზე მიიყვანეს და ურჩიეს "აფხაზეთში აღარასდროს ჩასულიყო".
სოჭის საავადმყოფოში მას სამი ნეკნის მოტეხილობა, მარჯვენა თირკმლის დაზიანება, უამრავი სისხლჩაქცევა, სახისა და თავის კანის, სხეულის, ზედა კიდურების, წელის მიდამოს, მუცლისა და მკერდის დაზიანება დაუდგინეს.
სარეაბილიტაციო კურსის დასრულების შემდეგ, არტემი პეტერბურგში დაბრუნდა და გამოცემა მედიაზონას, შემდეგ კი აფხაზეთის პროკურატურას მიმართა.
მას შემდეგ, რაც საქმე მედიაში გამოქვეყნდა, სამართალდამცავი ორგანოები გააქტიურდნენ. ინფორმაცია ოფიციალურ ვებ-გვერდებზეც გამოჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ რუსკიხი გაგრის პოლიციის განყოფილებაში მისი ვინაობის დასაზუსტებლად გადაიყვანეს, რადგან იგი, სავარაუდოდ, ტურისტული დასვენების ზონისა და ჩვეულებრივი მარშრუტების მიღმა იმყოფებოდა.
"მამძიშხას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლები სამართალდარღვევებისა და დანაშაულების, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვისა და მოხმარების თავიდან ასაცილებლად მუდმივად პატრულირებენ", — აღნიშნეს შსს-ს პრესსამსახურში.
გენერალური პროკურატურის პრესსამსახურმა OC Media-ს განუცხადა, რომ დეპარტამენტის ოფიციალურმა ფოსტამ ძალადობის, წამებისა და თავისუფლების შეზღუდვის შესახებ არტემ რუსკიხისგან შეტყობინება 26 აპრილს მიიღო.
აღნიშნულ ფაქტზე წინასწარ გამოძიებას გაგრას რაიონის პროკურატურა აწარმოებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის, დიმიტრი დბარის განცხადებით, უწყების შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს შემოწმებას, ხოლო სამუშაო ჯგუფს, რომელიც რუს ტურისტებთან ინციდენტის დღეს მორიგეობდა, სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერეს.
ხარვეზები კანონმდებლობაში
აფხაზეთის ადამიანის უფლებათა დამცველის, ასიდა შაკრილის თქმით, ასეთი შემოწმებები უშედეგოდ მთავრდება, რადგან "წამების" ცნება აფხაზეთის კანონმდებლობაში ჩადებული არ არის.
ასიდა შაკრილი ამბობს, რომ წამების უფრო მეტი პოტენციური შემთხვევაა, ვიდრე ეს ცნობილია, რადგან მრავალი მსხვერპლი ამის შესახებ უბრალოდ არ საუბრობს.
"სირცხვილია, ეს არ არის მიღებული, დახმარების მიღების არანაირი იმედი არ არსებობს, ვინაიდან ორგანოები, რომლებსაც ამ უფლების დაცვა ევალებათ, არღვევენ მას — ყველაზე ხშირად ამის გამო დუმან წამების მსხვერპლი ადამიანები და მათი ნათესავები", — ამბობს ასიდა შაკრილი.
მისი აზრით, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, თუ წამება სისხლის სამართლის დანაშაულად იქნება აღიარებული.
"აუცილებელია ეფექტური საკანონმდებლო ზომების მიღება სისხლის სამართლის კოდექსში წამების, როგორც დამოუკიდებელი მუხლის დანაშაული, საერთაშორისო წამებისა და სტანდარტების შესაბამისად "წამების" ფართო განმარტების მითითებით", — დარწმუნებულია ომბუდსმენი.
სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში სამართალდამცავი ორგანოების წამებისა და უკანონო ქმედებებს დიდი ადგილი ეთმობა.
"მოქალაქეებს დაკავების ოქმების გარეშე აკავებენ და შინაგან საქმეთა ორგანოების ოფისებში ფარულად ჰყავთ დაკავებული, მათ შორის, აფხაზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში", — ნათქვამია ანგარიშში.
როგორც ასიდა შაკრილი ამბობს, მის პრაქტიკაში იყო შემთხვევები, როდესაც მხოლოდ მათი ოფისის მეშვეობით მოახერხეს დაკარგული ადამიანის პოვნა. მათ სასოწარკვეთილმა ნათესავებმა მიმართეს, რომლებიც ეჭვობდნენ, რომ ის შესაძლოა მილიციაში მოხვედრილიყო, მაგრამ განყოფილებიდან ინფორმაცია ვერ მიიღეს.
"ხუთი დღის განმავლობაში დეპარტამენტის უფროსს მოქალაქე სოხუმის შსს-ს კაბინეტში ჰყავდა დაკავებული. მის წინააღმდეგ არ შედგენილა ოქმი, არც ბრალი წაუყენებიათ. მისი ნათესავები მას ყველგან ეძებდნენ", — ამბობს შაკრილი.
"მხოლოდ მას შემდეგ, რაც პროკურატურას მივმართეთ, საგამოძიებო დეპარტამენტმა და შსს-ს პრესსამსახურმა მისი ადგილსამყოფელის დადგენა შეძლეს", — დასძენს იგი.
"და რაც ყველაზე საინტერესოა, ქალაქ სოხუმის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, ალფრედ ნარმანია მიიჩნევს, რომ ეჭვმიტანილების ასეთი დაკავება დანაშაულის ეფექტურად გამოსაძიებლად და გასარკვევად დასაშვებია, როგორც მან გვითხრა", — ამბობს ასიდა შაკრილი.
ომბუდსმენის განცხადებით, მან წამებისა და ამ კუთხით აფხაზეთის კანონმდებლობაში შესწორებების საკითხზე პარლამენტში მოსმენების დაწყების ინიცირება არაერთხელ სცადა, მაგრამ ამ თხოვნებს აფხაზი დეპუტატების მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია.
წარსული შემთხვევები
აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის კედლებს შიგნით წამების შესახებ ხმამაღლა საუბარი ანზორ ტარბას გატაცებაში ეჭვმიტანილის გარდაცვალების შემდეგ დაიწყეს. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები განსასჯელის სკამზე პირველად მაშინ აღმოჩნდნენ.
სასამართლო პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ ბრალდებულები დანაშაულის მტკიცებულების არარსებობის გამო გაამართლეს. საქმეს დღეს კვლავ იძიებენ. გარდაცვლილი ტარბას ახლობლები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ დამნაშავეების ძებნა გაგრძელებულიყო.
აფხაზური მილიციის თანამშრომლების მხრიდან ძალის გამოყენების შესახებ პირველად 2015 წელს, პრემიერმინისტრ ალექსანდრე ანქვაბის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულები ალაპარაკდნენ. ცხრავე ბრალდებულმა — ანზორ ბუთბამ, თამაზ ბარციცმა, ედლარ და ედგარ ჭითანავამ, რამზი ხაშიგმა, ასტამურ და ალხას ხუტაბამ, რუსტან გიცბამ და მურთაზ საყანიამ, წინასწარი გამოძიების დროს ჩვენების მიცემაზე უარი თქვეს. ბრალდებულებმა სასამართლოში განაცხადეს, რომ მილიციის თანამშრომლებმა მათი ჩვენებები ძალის გამოყენების შედეგად მიიღეს.
"როდესაც გამოკითხაზე გამიყვანეს, თავზე ტომარა ჩამომაცვეს და ოთახისკენ მიმავალ ყველა ლითონის კარზე მახეთქებდნენ, სადაც შემდეგ დაკითხვაზე შევყავდი. ხშირად ამას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, დმიტრი დბარი აკეთებდა", — განაცხადა განსასჯელმა, რუსტან გიცბამ სასამართლო საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე. ამ ჩვენებებით სიუჟეტი აფხაზეთის ტელეარხ Abaza-TV-ზე გავიდა.
კიდევ ერთმა ეჭვმიტანილმა აფხაზეთის მოქალაქის, მირცხულავას გატაცების საქმეში, შემდეგ კი ანზორ ტარბას მკვლელობის საქმეში დაზარალებულმა და მოწმემ, ნუგზარ პაპავამ ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ "წამება განყოფილების ოთახებში არ ტარდება, მაგრამ ხორციელდება მოშორებით არსებულ კაბინეტებში". მისი თქმით, "თქვენ შეგიძლიათ იყვიროთ, მაგრამ ხმას ვერავინ გაიგებს".
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა OC Media-ზე.
კომენტარები