6 ნაბიჯი, როგორ შევუმციროთ შვილებს ნივთიერებებზე დამოკიდებულების რისკი
მაღალგანვითარებული თვითეფექტიანობა თავდაცვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი შეიძლება იყოს, რისი მიცემაც მშობლებს შვილებისთვის შეუძლიათ. მწერალი და მასწავლებელი, ჯესიკა ლაჰეი ალკოჰოლისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოცდილებას იხსენებს და ბავშვებში ადიქციისადმი მიდრეკილების პრევენციის მეთოდებს გვთავაზობს.
მაშინ, როდესაც აქტიური ალკოჰოლიკი ვიყავი, მთელი ჩემი ძალისხმევა იმისკენ იყო მიმართული, რომ საკუთარ ნებაზე სმის ჩემი უფლება დამეცვა და რომ ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული ჩემი პრობლემა მშობლებს არ გაეგოთ. თუმცა 2013-ში, როდესაც სმას შევეშვი, ყურადღება ადიქციის გენეტიკური და გარემოებრივი რისკებისგან ჩემი შვილების დაცვაზე გადამერთო.
ჩემი ძალისხმევით ხუთი წელი ვიყავი კმაყოფილი. მუდმივად ფხიზლად ყოფნით კარგ მაგალითს ვიძლეოდი. ჩემმა ქმარმაც კი ზომიერად სმის მოდელი შეიმუშავა. შვილებს სანდო, მეგობრული და დიდი ხნის ნაცნობი ოჯახებით გარშემორტყმულებს ვზრდიდით.
მერე კი, 2018 წელს, ჩემი ქმრის ახალი სამსახურის გამო ამ სანაცნობო წრის დატოვება მოგვიწია და საცხოვრებლად ვერმონტის შტატში გადავედით. ჩვენი უფროსი ბიჭი უკვე კოლეჯში სწავლობდა, ასე რომ, ცვლილებამ მასზე დიდი გავლენა არ იქონია. თუმცა ჩვენმა უმცროსმა ბიჭმა, ფინმა, რომელიც დაწყებითი კლასებიდან შემდგომ საფეხურზე გადადიოდა, თავი განადგურებულად იგრძნო.
"ცხოვრებას მინგრევთ", — თქვა მან, როდესაც სხვა შტატში გადასვლის შესახებ შეიტყო. არც ყვირილი იყო, არც გააფთრებული ჟესტიკულაცია, მხოლოდ ფაქტის მშვიდად განცხადება, რაც ბევრად უარესი აღმოჩნდა.
ადიქციაზე ჩატარებული ყველა კვლევის მიხედვით, საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას კატასტროფული შედეგი შეიძლებოდა ჰქონოდა ფინისთვის. ჩვენ 14 წლის ბიჭს კოგნიტური განვითარების ყველაზე სათუთ პერიოდში სრულიად გააზრებულად შევუქმენით პოტენციურად საშიში გარემო. ამას ემატებოდა ის, რომ ფინი ისედაც ნივთიერებებზე დამოკიდებულების გენეტიკური რისკის ქვეშ იდგა. ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო: სტრესული ფიზიკური და ემოციური გარემო, რომელიც მისი კონტროლის მიღმა იყო; შტატი, სადაც მარიხუანასთან მიმართებაში კანონმდებლობა ლიბერალური იყო; სანდო, ახლო ადამიანებთან კავშირის გაწყვეტა და მათი სრულიად უცნობი ადამიანებით ჩანაცვლება.
სანამ საცხოვრებლად გადავიდოდით, ფინს ყველაფერი ჰქონდა ნივთიერებებზე დამოკიდებულების საფრთხის ასარიდებლად: ფიზიკური, ფინანსური და ემოციური სტაბილურობა, სტრესის არარსებობა და მისი თანატოლების ჯანსაღი მშობლები, რომლებიც თავიანთი შვილების მეგობრებზეც ზრუნავდნენ. ჩემი მოვალეობა ის იყო, რომ ადიქციისკენ გენეტიკური მიდრეკილება ჯანსაღი გარემოთი მაქსიმალურად დამებალანსებინა.
მე არ შემეძლო მისთვის ახალი მეგობრები მეპოვა — მეგობრების მშობლების შერჩევას რომ თავი დავანებოთ. მაგრამ ის კი შემეძლო, ფინისთვის იმედი და კონტროლის ქონის შეგრძნება აღმედგინა, რასაც მასში თვითეფექტიანობის განცდის გაღვივებით მოვახერხებდი.
თვითეფექტიანობა, ფსიქოლოგ ალბერტ ბანდურას განსაზღვრებით, ადამიანის რწმენაა, რომ წარმატების მიღწევის უნარი აქვს; რომ შეუძლია ფიქრების, ემოციებისა და ცხოვრების რეგულირება და სირთულეებთან გამკლავება. თვითეფექტიანობა, ამასთან, საფუძველია უამრავი სხვა დადებითი თვისების — მათ შორის, გამძლეობის, სიმამაცის, მიზანდასახულობის. თვითეფექტიანობა არის ის, რაც აძლევს ბავშვს იმედსა და კონტროლის ქონის შეგრძნებას მაშინაც კი, როდესაც სამყარო ფეხქვეშ ეცლება.
ადამიანებს, რომლებიც თვითეფექტიანობის სუსტი შეგრძნებით ხასიათდებიან, როგორც წესი, ოპტიმიზმის და ადაპტაციის უნარიც დაქვეითებული აქვთ. ისინი დანებებისკენ, დეპრესიისკენ, ფატალიზმისკენ არიან მიდრეკილები, აწუხებთ დაბალი თვითშეფასება და დასწავლილი აქვთ საკუთარი უმწეობა. შემთხვევითი არაა, რომ ხშირად ადამიანები, რომლებიც ამ თვისებებს ავლენენ, ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ ნივთიერებებში პოულობენ უარყოფითი გრძნობებისგან დახსნის გზას.
მინდოდა, რომ ფინს შესძლებოდა ჩემთან იმ შიშზე და შფოთვაზე საუბარი, რაც გადასვლასთან იყო დაკავშირებული და ვიცოდი, რომ თვითეფექტიანობას ამაში დახმარება შეეძლო, რადგან იგი ხელს უწყობს მშობელსა და შვილს შორის კომუნიკაციას. ის ასევე ბავშვებს თანატოლების პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზეწოლასთან გამკლავებაში ეხმარება. კვლევის თანახმად, როდესაც ბავშვს სჯერა, რომ უნარი აქვს, თანატოლებისგან მომდინარე ზეწოლას გაუმკლავდეს, ამის გაკეთება უფრო გაუადვილდება და მშობელსაც უფრო მარტივად დაელაპარაკება ამ თემაზე. ამის საპირისპიროდ, ბავშვები, რომლებსაც სჯერათ, რომ თანატოლების ზეწოლასთან გამკლავების უნარი არ აქვთ, არ საუბრობენ მშობლებთან იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ სახლის გარეთ.
თვითეფექტიანობის განცდის არქონა ნივთიერებებზე დამოკიდებულებისა და ჯანმრთელობისთვის საშიში სხვა შედეგების რისკ-ფაქტორია. მის ქონას კი სრულიად საპირისპირო ეფექტი აქვს და შესაძლებელია, რომ ის ჩვენი შვილების ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ დაცვის მექანიზმად იქცეს.
ქვემოთ მოყვანილია ის პრაქტიკული ხერხები, რითაც ჩვენი ბავშვების თვითაღქმა შეგვიძლია შევცვალოთ; უფრო ზუსტად კი, გავუზარდოთ თვითეფექტიანობა და დავიხსნათ დაბალი თვითშეფასებისგან:
1. დაიწყეთ თქვენი თავით
იყავით ბავშვებისთვის თვითეფექტიანობის სანიმუშო მაგალითი. კრიტიკული თვალით შეხედეთ თქვენს უსაფუძვლო დაშვებებს — მაგალითად, "არ შემიძლია" ჩაანაცვლეთ "ჯერ არ შემიძლიათი" — შემდეგ კი ეს ხედვა თქვენს შვილებს გადადეთ. ეს დაეხმარება მათ იმის დაჯერებაში, რომ კომპეტენტურობა არ არის თანდაყოლილი, იგი ისწავლება და ზოგჯერ — დიდი ძალისხმევის ფასადაც.
2. გამოუმუშავეთ შვილებს უნარები
მხოლოდ ქება ვერ მისცემს თქვენს შვილს თვითეფექტიანობის ან კომპეტენტურობის განცდას. ეს ორი რეალური გამოცდილებებიდან მოდის: ცდისგან, მარცხისგან, კიდევ ერთხელ ცდისგან და წარმატებისგან. მიეცით ბავშვებს მათ ასაკთან შესაბამისი ამოცანები, რომლებიც მათ დააინტერესებს და, ამავდროულად, წარმატების განცდას დაუტოვებს. ასწავლეთ რაიმეს შექმნა და შემდეგ დააკვირდით, როგორ შექმნიან თავად.
3. გამოავლინეთ ოპტიმიზმი
ოპტიმიზმი ბევრად მეტია, ვიდრე ჭიქის ნახევრადსავსედ დანახვა. ეს ის განწყობაა, რომელსაც რეალური გავლენა აქვს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ოპტიმისტი ბავშვები წარმატებულად უმკლავდებიან დასწავლილ უმწეობასა და დეპრესიას — განსხვავებით პესიმისტი ბავშვებისგან, რომლებიც ამ მიმართულებებით უფრო დიდი რისკის ქვეშ დგანან. წიგნის, ოპტიმისტი ბავშვი, ავტორის, ფსიქოლოგ მარტინ სელიგმანის მიხედვით, პესიმისტი ბავშვები აღიქვამენ წინაღობებს როგორც რაღაც მუდმივს, გადაულახავს და მათ მიერ გამოწვეულს. ოპტიმისტი ბავშვებისთვის კი უკუსვლა დროებითია და დაკავშირებულია ქცევებთან, რომლებსაც რეგრესის პროგრესად გარდაქმნა შეუძლია. როგორც დოქტორი სელიგმანი გვიხსნის, "ბავშვები პესიმიზმს თავიანთი მშობლებისგან და მასწავლებლებისგან სწავლობენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, თქვენს შვილს ოპტიმიზმის მაგალითი მისცეთ".
4. გახადეთ წარუმატებლობა სპეციფიკური, წარმატება კი განაზოგადეთ
შვილები ოპტიმიზმისკენ რომ მიმართოთ, მაქსიმალურად განაზოგადეთ მათი წარმატება. თუ თქვენი შვილის მათემატიკის გაკვეთილმა კარგად ჩაიარა, დაეხმარეთ მას წარმატების მასშტაბის გაზრდაში. "მათემატიკაში კარგი ქულა მივიღე, რადგან ყურადღებით ვიყავი" ჩაანაცვლებინეთ ფრაზით, "სკოლაში ყველაფერი კარგადაა, რადგან ყველა დავალებას დროულად ვწერ". დაეხმარეთ მას იმაში, რომ წარმატების საზღვრები გაკვეთილს ან საკლასო ოთახს გაცდეს.
5. ქებისას კონკრეტიკა გამოიჩინეთ
ისეთი ზოგადი შექება, როგორიცაა "ყოჩაღ!" თვითეფექტიანობის გასაუმჯობესებლად გამოუსადეგარია, რადგან მას არანაირი კონკრეტული მნიშვნელობა არ აქვს. შეეცადეთ, შვილის ქცევაზე დაყრდნობით შეარჩიოთ სპეციფიკური შექება, რათა ამ გზით სპეციფიკური ქმედებისკენ სწრაფვა მოანდომოთ. მაგალითად, უთხარით: "ძალიან ვამაყობ, რომ საქმეს თავი არ დაანებე და ბოლომდე მიიყვანე მიუხედავად იმისა, რომ გაგიჭირდა". ქცევაზე დამყარებული შექება სასურველ ქცევას აღწერს და ბავშვს პოზიტიური, კარგად განსაზღვრული ფრაზით ამხნევებს.
6. ზედმეტი შექება არ მოგივიდეთ
საკლასო ოთახში სპეციფიკური შექების შემსწავლელი ექსპერტების აზრით, ყოველ 1 შესწორებაზე 3-4 შექება უნდა მოდიოდეს. ეს ის თანაფარდობაა, რომლის შენარჩუნებასაც თავად ვცდილობ ჩემს მოსწავლეებთან და შვილებთან. მე თინეიჯერებს ვასწავლი, თუმცა ეს მიდგომა ეფექტიანია ყველა ასაკის ბავშვებთან. კვლევა გვაჩვენებს, რომ ეს არათუ კარგ ქცევას ახალისებს, არამედ თანადგომისა და პოზიტიურობის განცდას აჩენს, რაც ბავშვებს ჩვენი სამართლიანი კრიტიკის მიღებას უადვილებს.
დოქტორი ბანდურა თავის წიგნში, თვითეფექტიანობა: კონტროლის ვარჯიში, წერს: "თვითეფექტიანობის რწმენა ადამიანის მოტივაციის, კეთილდღეობისა და მიღწევების საძირკველია". სწორედ ეს იყო, რაც ჩემს შვილს სკოლის დაწყებისას სჭირდებოდა — და არამხოლოდ ნივთიერებებზე დამოკიდებულებისგან თავის დასაცავად. თვითეფექტიანობას შეეძლო, მიზნების დასახვასა და მათ მიღწევაში დახმარებოდა; გადალახვადი გაეხადა წინაღობები და ახალი გამოწვევების შიში გაექრო; იმის დაშვება გაეჩინა, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია.
მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, ჩემი ქმედებები ფინისთვის მომავალში რაიმეზე დამოკიდებულების თავის ასარიდებლად წარმატებული იყო თუ არა, ფაქტია, რომ თვითეფექტიანობის გაზრდამ მას კომპეტენტურობის, კეთილდღეობისა და ბედნიერების განცდა შესძინა.
გადასვლიდან ერთი წლის შემდეგ ფინი და მე ჩვენი სახლის უკან, მთაზე ველური მოცვის მოსაგროვებლად ავედით. როდესაც ძრომიალში საათი გავატარეთ და ყველა იმ თემაზე ვისაუბრეთ, რაც თავში მოგვივიდა, ფინი დაიკუზა, რამდენიმე მოცვი პირში ჩაიგდო და გამომიტყდა, რომ ბედნიერი იყო. რაც უფრო გასახარია, ერთი სული ჰქონდა, მეორე სასწავლო წელი როდის დაიწყებოდა. ვერმონტის პეიზაჟის ფონზე მასთან ერთად მჯდომმა, მოცვის ჭამისას ვიგრძენი, თუ როგორ დატოვა ფინის რისკის სიმძიმემ ჩემი ზურგი — ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც.
კომენტარები