ძაღლებს რომ სეირნობა და თამაში ამქვეყნად ყველაფერს ურჩევნიათ, საიდუმლო არაა, მაგრამ თბილისელი ცუგა, სახელად მარკო (მეტსახელად — შოკოლადო) სეირნობას არ სჯერდება და ქალაქში ავტობუსით დამოგზაურობს. მარკოს მოგზაურობების შესახებ სახალისო ისტორია Facebook-ზე ტასო ლოსაბერიძემ გაგვიზიარა.

ტასომ მარკო 1 წლის წინ, გლდანში მიიკედლა, თუმცა მოგზაურობის მოყვარულ ცუგას ერთი უბანი არ აკმაყოფილებს, ამიტომ როგორც კი შესაძლებლობა ეძლევა, შეახტება ავტობუსს და თავაგადასავლების საძიებლად მიემართება.

მარკო თბილისის აეროპორტში.

ფოტო: Taso Losaberidze

"რას აკეთებს იცით? ავტობუსში ადის და მიყვება. ხან საიდან მოვათრევ, ხან საიდან. დღეს მონიტორინგის ეკიპაჟმა დამირეკა, აეროპორტშია შესული და გამოგვიძახესო. აეროპორტში ხალხო! გლდანიდან! თან სადაც მიდის, ან მაღაზიაში წვება, ან კაფეში, ან რესტორანში და თათებზე კიდია ყველაფერი", — წერს ტასო საკუთარ ფეისბუქ გევრდზე.

ტასოს ძაღლის მოგზაურობის დამადასტურებელი ფოტოებიც აქვს. როგორც ჩანს, აეროპორტის გარდა, მარკოს დიღომი, ვაკე, საბურთალო და ლილო აქვს შემოვლილი. როგორც კი სახლში დააბრუნებენ, გონებაში მაშინვე ახალი ლოკაციისკენ მიმავალ გზებს ინიშნავს და ელოდება, როდის მოადუნებენ ადამიანები ყურადღებას, რათა მომდევნო თავგადასავალში გადაეშვას!

მარკო ლილოში.

ფოტო: Taso Losaberidze

სახალისო ფეისბუქ პოსტში ტასო ლოსაბერიძე ღელავს, რომ მალე ცუგა თბილისით აღარ დაკმაყოფილდება, დასვენება მოუნდება და ან თვითმფრინავს გაყვება, ან მალე ბათუმსა თუ ქობულეთში ზღვას ესტუმრება!

მარკო საბურთალოს ერთ-ერთ კაფეში.

ფოტო: Taso Losaberidze

"აეროპორტიდან რომ არ მოგვებრუნებინა, ალბათ თვითმფრინავს გაყვებოდა. მოვაყვანინე ისევ გლდანში, მაგრამ ხვალ თუ ქობულეთში ან ბათუმში ვნახავ, არ გამიკვირდება, დასასვენებლად მოუნდება წასვლა ამ უთავმოყვარეო ძაღლს!", — აღნიშნავს ტასო.

პოსტის კომენტარებში მარკო უამრავმა ადამიანმა იცნო, ამიტომ ტასო მოგვიწოდებს, ცელქ ცუგას მოგზაურობაში ხელი შევუშალოთ და სახლში დაბრუნებაში დავეხმაროთ:

"თუ ვინმე ნახავთ ავტობუსში, გლდანისაში გადმოსვით, გთხოვთ!" — წერს ტასო.