პარლამენტის შესასვლელთან რკინის ჯებირები მთლიანად მოხსნეს. რკინის კონსტრუქცია, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ პარლამენტის თანამშრომელთა უსაფრთხოების მოტივით დაამონტაჟეს. პირველ ეტაპზე გადაკეტილი იყო მიმდებარე ქუჩებიც, თუმცა მალევე მოიხსნა, პარლამენტის შესასვლელთან ჯებირები კი დღემდე რჩებოდა.

რკინის ჯებირების გავლა ყველა იმ მოქალაქეს, დეპუტატს, პარლამენტის თანამშრომელსა და საჯარო პირს უწევდა, ვინც საკანონმდებლო ორგანოში შედიოდა. პარლამენტის ხელმძღვანელობა მუდმივად აცხადებდა, რომ ჯებირების არსებობას უსაფრთხოების სამსახური წყვეტდა და შესაბამისად, აღებაც მათი გადაწყვეტილებით მოხდებოდა. თუმცა, ოპოზიციის პარლამენტში შესვლიდან მალევე, ჯებირები აიღეს.