10 რჩევა, რომელიც ტოქსიკური ურთიერთობისგან განკურნებაში დაგეხმარება
ტოქსიკური ურთიერთობები ყველასთვის განსხვავებულია, თუმცა მისი განმარტება მაინც შესაძლებელია. ტოქსიკური ურთიერთობის დროს ადამიანები ერთმანეთს პატივს არ სცემენ, მანიპულირებენ, ეს არის ურთიერთობა, რომელშიც უარყოფითი ემოციები უფრო მეტია, ვიდრე დადებითი. ტოქსიკურია ურთიერთობა, როდესაც მასში მყოფი ადამიანები მუდმივად არიან უკმაყოფილოები, შფოთავენ ან სევდას განიცდიან.
არ არის აუცილებელი ტოქსიკური ურთიერთობა ფიზიკურად ძალადობრივი იყოს. ამიტომ, ხშირია შემთხვევები, როდესაც წყვილები ვერც კი აცნობიერებენ, რომ ტოქსიკურ ურთიერთობებში არიან. რა თქმა უნდა, ურთიერთობის გაწყვეტა ყოველთვის გამოსავალი არ არის და თუკი წყვილი ხვდება, რომ მათი კავშირი ტოქსიკურია, შეიძლება ერთად გადაწყვიტონ ამ მდგომარეობის შეცვლა. ასევე არის შემთხვევები, როდესაც ურთიერთობის გამოსწორება ვერ ხერხდება და სჯობს მისი დასრულება.
რა ხდება მაშინ, როდესაც ტოქსიკურ ურთიერთობას ვასრულებთ? რა ხერხებს უნდა მივმართოთ, რომ საკუთარ თავთან დაბრუნება შევძლოთ და გადავიტანოთ ის ტრავმა, რომელიც ტოქსიკურმა ურთიერთობამ დაგვიტოვა? ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენს ინსტაგრამ გვერდზე საინტერესო ჩართვა გვქონდა ფსიქოლოგ ლიკა ბარაბაძესთან. სტატიის წაკითხვის შემდეგ, შეგიძლია მის რჩევებსაც უსმინო, სადაც ის საკუთარ გამოცდილებაზეც საუბრობს.
ამ სტატიაში გაგიზიარებ 10 რჩევას, რომელიც სწორედ რომ ტოქსიკური ურთიერთობის შემდეგ განკურნებაში დაგეხმარება.
1. ნუ გაექცევი შენს ემოციებს
ნებისმიერი სახის ურთიერთობის დასრულებას ადამიანი ძალიან მტკივნეულად განიცდის და არც ტოქსიკური ურთიერთობაა გამონაკლისი. არაჯანსაღი კავშირის დასრულებისას სევდისა და თავისუფლების შეგრძნებები ერთმანეთს უმეგობრდებიან და თანაბრად ბუდობენ ჩვენში, რაც ძალიან ბუნებრივია. შეუძლებელია გაექცე რომელიმე მათგანს, ამიტომ ისინი გაშლილი ხელებით უნდა მიიღო და საკუთარ თავს დრო მისცე, იგრძნო ყველაფერი — გლოვა, ბრაზი, ბედნიერება, სიმშვიდე, აფორიაქება და სხვა.
2. ეცადე გარკვეული პერიოდის განმავლობაში სრულიად გაწყვიტო კონტაქტი ყოფილ პარტნიორთან
ვიცი, სათქმელად ან დასაწერად ეს წინადადება ძალიან მარტივია და შეიძლება მისი წაკითხვისას ცინიკურადაც გაგეღიმოს, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა. როდესაც ვიღებთ ურთიერთობის დასრულების გადაწყვეტილებას, აუცილებელია რომ ამ ტოქსიკურობის პირდაპირ მიზეზს ჩამოვშორდეთ. ტოქსიკური ურთიერთობაც გარკვეულწილად დამოკიდებულებაა და როგორც ყველა დამოკლებულებისგან განთავისუფლებისთვის აუცილებელია შენთვის საყვარელი ნარკოტიკისგან თავი შორს დაიჭირო.
თუკი პარტნიორთან შვილები გაკავშირებს, კონტაქტი გარდაუვალია, თუმცა ისიც მინიმალური უნდა იყოს. არაა აუცილებელი ასეთი დისტანცია სამუდამოდ გაგრძელდეს. მეგობრობის აღდგენა მაშინ არის შესაძლებელი, თუკი ეს მდგომარეობა შენზე ცუდ გავლენას არ ახდენს.
3. ნუ გექნება იმედი, რომ ყოფილი პარტნიორი ბოდიშს მოგიხდის
ხშირ შემთხვევაში ადამიანები ყოფილ პარტნიორთან კომუნიკაციას აგრძელებენ იმ იმედით, რომ ისინი გულწრფელად მოუხდიან ბოდიშს და სწორედ ასე დაასრულებენ ურთიერთობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება სასიამოვნო მოსასმენი იყოს, არ ელოდოთ, რომ ტოქსიკური ურთიერთობის დასრულების შემდეგ, ვინმე ბოდიშს მოგიხდით. როდესაც საკუთარ თავზე მუშაობ და თავად ცდილობ განიკურნო იმ ტოქსიკური გარემოსგან რაშიც ხარ, მოვა დრო და ეგ სანატრელი ბოდიში აღარც კი დაგჭირდება.
4. ეცადე შენს გარშემო პოზიტიური ადამიანები შემოიკრიბო, რომლებიც მხარს გიჭერენ
მეგობრებთან ერთად ყავის სმა და ჭორაობა შეიძლება ბევრისთვის სასაცილო იყოს, მაგრამ ეს უფასო თერაპიის ისეთი სახეა, რომელიც აუცილებელია ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. რა თქმა უნდა უკეთესია, თუკი შენს მეგობრებს კარაოკე უყვართ და შეუძლიათ შენთან ერთად ბოლო ხმაზე იმღერონ, რათა შენი სევდისგან განთავისუფლების ჰანგები მეზობლებსაც კი გააგონონ.
5. ნუ შეგეშინდება იმის აღიარების, რომ ტოქსიკური ურთიერთობაში იყავი
როდესაც აღიარებაზე ვსაუბრობ, ნუ იფიქრებ რომ საჯარო გამოსვლებს ან სოციალურ ქსელში დიდ პოსტებს ვგულისხმობ. შეიძლება სულაც არ ხარ მზად შენი მდგომარეობის შესახებ სხვასთან ისაუბრო, მაგრამ მთავარია საკუთარ თავთან იყო გულწრფელი. შეგიძლია დღიური აწარმოო, სადაც შენი ემოციების შესახებ დაწერ. თუკი მზად ხარ, რომ შენი გრძნობები სხვა ადამიანებსაც გაუზიარო, ძალიან კარგი იქნება თუ თერაპევტს გაესაუბრები ან თუნდაც მეგობარს, რომელსაც ენდობი და რომელიც მოგისმენს.
6. დაიწყე შენი თავის ხელახლა აღმოჩენა
ტოქსიკური ურთიერთობების დროს იმდენად დიდია სევდა, გაღიზიანება და სხვა უარყოფითი ემოციები, რომ ხშირად გვავიწყდება ყველაფერი, რაც ბედნიერებას გვანიჭებდა, ან უბრალოდ მათი კეთება აღარ გვსიამოვნებს. თუმცა მას შემდეგ რაც ურთიერთობას დაასრულებ, შეგიძლია ნელ-ნელა გაიხსენო ვინ იყავი ამ ურთიერთობამდე, რა გიყვარდა, რა განიჭებდა ბედნიერებას.
მე მაგალითად ლაშქრობებზე ვგიჟდებოდი, შემდეგ რაღაც პერიოდი ვხვდებოდი, რომ მისგან სიამოვნებას ვერ ვიღებდი, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ არ ვიყავი ბედნიერი ჩემს ურთიერთობაში. თუმცა როდესაც ის დასრულდა, მალე გავაგრძელე ჩემი ჰობი და მივხვდი, რომ ძველებური სიხალისე დამიბრუნდა და მთები, რომლებსაც ვლაშქრავდი, სულაც არ იყო ისეთი ნაცრისფერი, როგორსაც მე მათ ადრე ვხედავდი.
7. ნუ მოგერიდება საკუთარ თავზე ზრუნვა
კომედიური სერიალის Parks and Recreations-ის პერსონაჟები პერიოდულად განსაკუთრებულ დღეს აწყობენ, სახელად Treat Yo Self. ამ დღის განმავლობაში ისინი მიდიან სპაში ან სალონში ან შოპინგზე და აკეთებენ ყველაფერს, რისი გაკეთებაც სიამოვნებთ. თუნდაც ისეთ სისულელესაც, როგორიც მთავრობის წარმომადგენლის მიერ ბეტმენის კოსტიუმის ყიდვაა. რაც მთავარია, ისინი ფიქრობენ, რომ ამ დღეს იმსახურებ და ეს მართლაც ასეა. ამის გაკეთება შენც შეგიძლია. ხანდახან საჭიროა დრო დაუთმო საკუთარ თავს და ამის გამო არ შეგეყაროს დანაშაულის განცდის სენი, რომელიც ასეა მოდებული ჩვენს სამყაროში.
8. ნუ დაადანაშაულებ საკუთარ თავს
მიუხედავად იმისა რომ ადამიანები ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ჩვენ ერთი საერთო გვაქვს — შეცდომის დაშვების უბადლო უნარი. ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავს უნდა ვაპატიოთ და ცხოვრება გავაგრძელოთ. ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო ხდება უბრალოდ გამოცდილებაა, რომლისგანაც ბევრი უნდა ვისწავლოთ. ნუ დაადანაშაულებ შენს თავს იმის გამო, რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში აღმოჩნდი, არც ისაა შენი ბრალი, რომ ვიღაც ცუდად გექცეოდა. ხშირად ამას პარტნიორები გვაბრალებენ, რათა ჩვენი თვითშეფასება დაწიონ. ტოქსიკური ურთიერთობები კი ყველაზე მეტად ანადგურებს საკუთარი თავის დადებითად შეფასების უნარს. ამიტომ დამიჯერე, ეს არ არის შენი ბრალი და ნუ დაიდანაშაულებ თავს.
9. მოუსმინე სხვა ადამიანების ისტორიებს
On.ge-ს ინსტაგრამ გვერდზე ტოქსიკური ურთიერთობებზე საუბრისას ფსიქოლოგმა ლიკა ბარაბაძემ თქვა, რომ სხვისი ისტორიების მოსმენა მას ძალიან დაეხმარა, რადგან სხვების განცდები მისთვის ძალიან ნაცნობი იყო. როდესაც ხვდები, რომ სხვა ადამიანები განიცდიან იმავეს რასაც შენ, თავს მარტო არ გრძნობ და ეს უფრო გაძლიერებს. ამიტომ აუცილებელია, თუ ამისთვის მზად იქნები გაწევრიანდე თერაპიულ ჯგუფებში, სადაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას. მაგალითად მენტალური ჯანმრთელობის ფორუმში, სადაც უამრავი ადამიანი მზადაა მხარი დაგიჭიროს და გაგამხნევოს.
10. კონცენტრირდი აწმყოზე
წარსულზე დარდის და მომავალზე ოცნებისას ხშირად გვავიწყდება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ ახლა, ამ მომენტში ვიყოთ კარგად. აწმყო ის მიტოვებული ბავშვია, რომელსაც არავინ აქცევს ყურადღებას, არადა ყველა მეტად სწორედ მასზე უნდა ზრუნავდნენ. შენც იზრუნე შენს აწმყოზე, დაფიქრდი, როგორ ხარ ახლა, გრძნობ თუ არა თავს მშვიდად, რა შეგიძლია გამოასწორო, რომ თავი უკეთ იგრძნო. ტოქსიკური ურთიერთობა დასრულდა და წარსულს ჩაბარდა, მასზე ტვინის ჭყლეტა არ ღირს, მაინც ვერაფერს იპოვი ისეთს წარსულში, რაც ახლა გაგაბედნიერებს და არც მომავალი იცი როგორი იქნება. ამიტომ, დააკვირდი ამდროინდელ მოცემულობას და ეცადე ამ მომენტში საკუთარი თავით და პატარ-პატარა რაღაცებით დატკბე.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
კომენტარები